საზოგადოება
უკანონო ნაგავსაყრელი და დაუსჯელი კანონდამრღვევი
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, წელიწადზე მეტია სატვირთო ავტომობილებით სამშენებლო ნარჩენებს უკონტროლოდ ყრიან. გარემოს ზედამხედველობის ეროვნული სააგენტო კანონდამრღვევის ვინაობას ვერ ადგენს, ხოლო ქუთაისის მერიას მის ბალანსზე არსებული ტერიტორიის დასასუფთავებლად საჭირო ტექნიკური და ფინანსური რესურსი არ გააჩნია.

თვითნებურ ნაგავსაყრელზე კი, რომლის მასშტაბებიც ყოველდღიურად იზრდება, ნარჩენების სატვირთო ავტომობილებით მიტანა გრძელდება.

ნიკეას ქუჩის მცხოვრებლები მათივე კორპუსების წინ სტიქიური ნაგავსაყრელის გაჩენის საშიშროებაზე საუბრობენ. მათი თქმით თუ ამ პროცესზე პასუხისმგებლობას არავინ აიღებს, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. მოსახლეობა ამბობს, რომ ნაგავსაყრელზე სამშენებლოსთან ერთად, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მიტანა ადგილობრივებმაც დაიწყეს.

"გადაბრალების და თითის გაშვერის დრო არ არის. ფაქტია, რომ პროცესი არ ჩერდება და ყოველდღიურად იზრდება დანაგვიანებული ტერიტორია. ზაფხული მოდის და აქ გაჩერება შეუძლებელი იქნება", - ამბობენ ადგილობრივები.



გარემოს ზედამხედველობის ეროვნული სააგენტოს დასავლეთის ცენტრალურმა სამმართველომ ნიკეას ქუჩაზე თვითნებური ნაგავსაყრელის არსებობის ფაქტის შესწავლა "ქუთაისიპოსტის" შეტყობინების შემდეგ გასულ თვეში დაიწყო. თუმცა, სამმართველოს სწრაფი რეაგირების ჯგუფებმა ამ დრომდე ვერ დაადგინეს - ვინ ყრის ადგილზე ნარჩენებს.

კანონდამრღვევის უშედეგო ძებნის შემდეგ სააგენტომ ქუთაისის მერიას მიმართვა გაუგზავნა, სადაც უკანონო ნაგავსაყრელიდან ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ თვითმმართველობას აკისრებს.



გარემოს ზედამხედველობის ეროვნული სააგენტოს დასავლეთის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელის თინათინ ჩაკვეტაძის თქმით, დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავება მათ კომპეტენციაში არ შედის. სააგენტოს მხოლოდ გარემოს დაბინძურებაზე კონტროლი და კანონდამრღვევის დაჯარიმება ევალება.

სააგენტოსგან განსხვავებით ნიკეაზე ნაგავსაყრელის არსებობის შესახებ იმთავითვე იყო ინფორმირებული ქუთაისის მერია, თუმცა კანონდამრღვევის იდენტიფიცირება ვერც მათ შეძლეს.

მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი მიმდინარე წლის მარტში, ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებდა, რომ სამსახურის თანამშრომლები რამდენჯერმე იყვნენ გასული ადგილზე, თუმცა სატვირთო ავტომობილები ვერ დააფიქსირეს.

ამჯერად, ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ მიმართვა, რომლითაც ზედამხედველობის სააგენტო ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულებას ადგილობრივ თვითმმართველობას აკისრებს, შესაბამის ააიპ-ში გადამისამართდა.

ააიპ "სპეციალურ სერვისების" დირექტორმა გელა გაგუამ თავდაპირველად განაცხადა, რომ ამ საკითხის მოგვარება მისი სამსახურის კომპეტენცია არ არის. მოგვიანებით კი განმარტა, რომ  ტერიტორიის დასასუფთავებლად საჭირო არც ტექნიკა აქვთ და არც ფინანსური რესურსი.

"ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, მაგრამ განგიმარტავთ: 5 000 მანქანა მაინც არის იქ დაცლილი. ამდენი ტექნიკური საშუალება, რომ ის ნარჩენები გამოვიტანოთ, ჩვენს სამსახურს არ აქვს. არც იმის თანხა გვაქვს, რომ შესაბამისი ტექნიკა დავიქირაოთ. გარდა ამისა, ნარჩენები სადმე ხომ უნდა გადავიტანოთ? ნიკეას არსებულ ნაგავსაყრელზე რომ შევიტანოთ, იქ კიდევ კილოგრამობით არის თანხა გადასახდელი. ამის რესურსი ჩვენ არ გვაქვს," - ამბობს ააიპ "სპეციალური სერვისების" დირექტორი გელა გაგუა.

კანონდამრღვევის შესახებ ინფორმაცია არც ადგილობრივებს აქვთ. მათი თქმით, სამშენებლო ნარჩენები სატვირთო ავტომობილებით ძირითადად ღამით მოაქვთ, შესაბამისად, მანქანის ნომრის ან სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნის დაფიქსირებას ვერ ახერხებენ.



ჯერჯერობით უცნობია ვინ აიღებს პასუხისმგებლობას კანონდამრღვევის იდენტიფიცირებასა და ტერიტორიის დასუფთავებაზე.

ვიდრე უწყებები თავიანთ კომპეტენციასა და ვალდებულებებში გაერკვევიან, ადგილზე ტერიტორიის დანაგვიანება გრძელდება.


Print