საზოგადოება
ჩემს ქმარზე ხომ არ დაქორწინდებოდით?
FaceBook

ბავშვთა წიგნების ავტორი და კინორეჟისორი ემი ქროუზ როსენთალი სიმსივნით გარდაიცვალა.


ის 51 წლის იყო. მან სიკვდილამდე, რამდენიმე დღით ადრე ესსე დაწერა, რომელიც მისი გარდაცვალებიდან 10 დღის შემდეგ "ნიუ იორკ თაიმსში" დაიბეჭდა სათაურით "ხომ არ დაქორწინდებოდით ჩემს ქმარზე".

მის ამ წერილს მკითხველთა რეკორდული რაოდენობა გაეცნო.
"ქუთაისიპოსტი" ამ ესსეს თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:


"ვცდილობდი მალე დამეწერა, მაგრამ მორფინმა და 5 კვირა საჭმლის ნაკლებობამ ენერგია დამიქვეითა.

ჯერ კიდევ მაქვს უკიდურესი ვადები - ამ შემთხვევაში, მე უნდა ვთქვა, უფრო სწორედ უნდა გავაკეთო და მოვასწრო, სანამ თქვენს ყურადღებას ვიპყრობ და, სანამ ჩემს პულსს ვგრძნობ.

მე ყველაზე საოცარ მამაკაცზე 26 წელი ვიყავი დაქორწინებული. დაახლოებით ამდენივე წელს ისევ ერთად ყოფნას ვგეგმავდით.

გინდათ ავადმყოფის ხუმრობის მოსმენა?

2015 წლის სექტემბრის გვიან საღამოს მე და ჩემი მეუღლე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში შევედით. რამდენიმე საათისა და ტესტის შემდეგ ექიმმა განგვიმარტა, რომ უჩვეულო ტკივილი, რომელსაც ვგრძობდი, საკვერცხეების კიბოა.

მეორე დღეს, სექტემბრის ადრიან დილას, სახლისკენ მიმავალ გზას გავუდექით. ჩვენი სამივე შვილი ეს-ესაა სასწავლებელში წასულიყვნენ.

ასე და ამგვარად შეცვალა მოულოდნელმა სიურპრიზმა ჩვენი სამომავლო გეგმები.

აღარ იქნება მოგზაურობა ჩემს მეუღლესთან და მშობლებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში; ჰარვარდში აპლიკაციის გაგზავნას უკვე აზრი დაეკარგა; არ იქნება საოცნებო ტური აზიაში დედაჩემთან ერთად; არც მწერლის რეზიდენტურა ინდოეთის საუცხოო სკოლებში; ვანკუვერი... ჯაკარტა...

რა გასაკვირია, რომ სიტყვა "კიბო" (cancer) და სიტყვა "შეწყვეტა" (cancel) ასე ჰგვანან ერთმანეთს.

ახლა კი, ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ ამ სტატიის გმირი - ჯეისონ ბრაიან როსენთალი.

მისი შეყვარება ძალიან ადვილია. მე ეს ერთ დღეში გამომივიდა.

მოდით აგიხსნით: მამაჩემის საუკეთესო მეგობარი საზაფხულო ბანაკიდან, - ბიძია ჯონი - ჯეისონსა და მე ცალ-ცალკე მთელი ცხოვრება გვიცნობდა, მაგრამ ჩვენ მანამდე ერთმანეთს არასდროს შევხვედრილვართ.

სკოლის დამთავრების შემდეგ, კოლეჯში სწავლა და პირველი სამსახური დავიწყე კალიფორნიაში. როცა უკან, ჩიკაგოში დავბრუნდი, ჯონს უფიქრია, რომ მე და ჯეისონი ერთმანეთისთვის მშვენიერი წყვილი ვიქნებოდით. ამის შემდეგ პაემანიც მოგვიწყვეს.

ეს 1989 წელს იყო. ჩვენ მხოლოდ 24 წლის ვიყავით. მე არ ველოდი საქმის სერიზულად დასრულებას, მაგრამ როცა მან ჩემს ჩარჩოიან კარზე დამიკაკუნა, მივხვდი, რომ ამ ბიჭს მოსაწონი ნამდვილად ბევრი ჰქონდა.

ვახშმის დასასრულს უკვე ვიცოდი, რომ მასზე დაქორწინება მინდოდა.

ჯეისონთან დაახლოებით 9 490 დღის თანაცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე, შევეცდები მისი ზოგადი პროფილი დავხატო.

პირველი: მას ყავისფერი თვალები აქვს.

ჩვენი შვილები - ჯასტინი და მაილსი, - ხშირად ნათხოვრობენ მისგან ტანსაცმელს. ის ძალიან მოხდენილია და ფორმაში ყოფნა მუდამ სიამოვნებს.

ჩვენს სახლს საუბარი რომ შეეძლოს, ის აუცილებლად დაამატებდა, რომ ჯეისონი საოცრად მოხერხებულია. საჭმლის მომზადება კი ძალიან გამოსდის.

ჯეისონს ცოცხალი მუსიკის მოსმენა უყვარს, - მუსიკით განტვირთვა ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი გართობაა.

ის ასევე არაჩვეულებრივი მამაა. შეეკითხეთ ნებისმიერს. შეამჩნევთ ვინმეს ქუჩის კუთხეში? მაშინვე მიდით და ჰკითხეთ. ის ყველაფერს მოგიყვებათ.

ჯეისონი ხატავს. მიყვარს მუშაობაში გართული მისი ნახვა. მე მას ხელოვანს ვუწოდებდი, რომ არა იურისტის დიპლომი, რომელიც მას თითქმის მთელი დღის - დილის 9-დან საღამოს 5 საათის განმავლობაში სახლის გარეთ, ოფისში ამყოფებს.

თუ თქვენ საოცნებო, ცხოვრების თანამგზავრ ადამიანს ეძებთ, - ჯეისონი თქვენი მამაკაცია.

ის აგრეთვე უკეთილშობილესი ადამიანია. ჩემ პირველ ფეხმძიმობაზე ყვავილებით გამოჩნდა. ჯეისონი არის ადამიანი, რომელიც ყოველ დილით სხვადასხვა სიურპრიზებით მაოცებს.

ჩემო მკითხველო, მგონი ჯეისონის შესახებ უკვე ბევრი რამ იცი.

მოიცა. მე ვახსენე, რომ ის საოცრად ლამაზია? როგორ მომენატრება მისი სახის დანახვა...

მინდა მეტი დრო მქონდეს ჯეისონთან; ჩემს შვილებთან დარჩენა მინდა. მინდა ხუთშაბათ საღამოს მარტინი დავლიო ისევ. მაგრამ ეს უკვე აღარ მოხდება. მე, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დამრჩა ვარსებობდე ადამიანად ამ პლანეტაზე.

რატომ ვაკეთებ ამას?

ამას ვწერ იმ იმედით, რომ ყველაზე ღირსეული ადამიანი წაიკითხავს, იპოვის ჯეისონს და ახალ ცხოვრებას ახალი სიყვარულით დაიწყებენ.

მთელი ჩემი სიყვარულით, ემი."

ემი 2017 წლის 13 მარტს გარდაიცვალა...

ინგლისურიდან თარგმნა ლანა კოკაიამ
Print