საზოგადოება
ქუთაისის მერიის ორმხრივი გარიგება კინო "საქართველოს" გახსნის სანაცვლოდ
FaceBook
ქუთაისის მერიამ კინო "საქართველოს" კაფე-ბარი "ფლამინგოს" ტერიტორია გადასცა, ამ უკანასკნელს კი ბუხაიძის ქუჩაზე სანაცვლო ფართი შეთავაზა.

ქალაქის მერის განცხადებით, ინვესტორი ახალ კინოდარბაზებს მანამდე არ გახსნის, ვიდრე ამ ტერიტორიას ავტოსადგომის მოსაწყობად არ მიიღებს. შოთა მურღულიას ამ განცხადებას მიმდინარე წლის 29 მარტს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების კრიტიკა მოჰყვა.



ქუთაისის მერიამ "ფლამინგოს" თამარ მეფის ქუჩის ნაცვლად, ფართი ბუხაიძის ქუჩაზე გადასცა. კაფე-ბარის მფლობელი, კახა მეფარიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მას ეს ტერიტორია სასამართლო დავის შემდეგ შეთავაზეს, რომელიც 2016 წელს მერიის წინააღმდეგ დაიწყო. ის ტერიტორიით სარგებლობისთვის, ადგილობრივი ხელისუფლებისგან საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას ითხოვდა.

თამარ მეფის ქუჩაზე არსებული ფართი "ფლამინგოს" 2004 წელს 10 წლით გადაეცა. ამ ხნის განმავლობაში კაფე-ბარმა ადგილობრივ ბიუჯეტში 2400 ლარი გადაიხადა. (წელიწადში 240 ლარი)

კახა მეფარიშვილი ამბობს, რომ 2014 წლიდან მერიას ვადის გაგრძელების შესახებ არაერთხელ მიმართა. მისივე განმარტებით, რადგან უწყებისგან დადებითი ან უარყოფითი პასუხი ვერ მიიღო, სასამართლოს მიმართა.

"უფრო მეტიც, ამ ხნის მანძილზე ჩვენი შევიწროების არაერთი ფაქტი მოხდა. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს დაგვაჯარიმეს 4 000 ლარით. ამის უფლება მერიას არ ჰქონდა, რადგან სასამართლოში საქმე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. თანხის ნაწილში სასამართლომ ჩვენ გაგვამართლა და მისი გადახდა არ მოგვიწევს," - ამბობს კახა მეფარიშვილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მხარეებს შორის დავა უკვე ერთი თვეა შეჩერებულია. თუკი კაფე-ბარი მერიის შეთავაზებას არ დათანხმდება, პროცესი ისევ გაგრძელდება.

"ამ ადგილზე გვჭირდება ავტოსადგომი. საქმეს მოვიგებთ, მაგრამ პროცესი იქნება ხანგრძლივი და შეიძლება 2 წელი გაგრძელდეს. არ მინდა ამ ხნის განმავლობაში ქუთაისი კინოს გარეშე იყოს," - განაცხადა შოთა მურღულიამ საკრებულოს სხდომაზე.

ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა, კახა დვალიშვილმა ეს კინო "საქართველოს" მხრიდან ულტიმატუმად შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი მფლობელი ასეთი ენით არ უნდა საუბრობდეს. ამ მოსაზრებას კინო "საქართველოს" მფლობელი, თენგიზ აბესაძე უარყოფს.

"მე ვარ ინვესტორი, რომელიც ხედავს, რომ 2013 წლიდან მიწა ეკუთვნის ქალაქს. სად არის აქ ულტიმატუმის ენა? მოგწონთ გარედან ამ შენობის არსებობა? ქალაქს უნდა კინოფესტივალის ჩატარება. მე კი უნდა მოვემსახურო, რომ ყველაფერი იყოს ლამაზად," - განაცხადა თენგიზ აბესაძემ.

ის ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ "ფლამინგოს" ტერიტორიაზე მოქალაქეებისთვის უფასო ავტოსადგომი მოეწყობა, თუმცა თავად ადგილობრივ ბიუჯეტში 5 წლის ქირას წინასწარ იხდის, რაც 83 000 ლარამდე თანხას შეადგენს. (წელიწადში 16 000 ლარი)

კაფე-ბარის მესაკუთრე კონსტრუქციის დაშლას და ბუხაიძის ქუჩაზე გადატანას ეთანხმება, თუმცა ვერ აკონკრეტებს ეს როდის მოხდება.

"ფლამინგოს" ადგილის შეცვლას ეწინააღმდეგება გამარჯვების სამაჟორიტარო ოლქის დეპუტატი, ნატო ქათამაძე. ის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ამომრჩეველთა მობილიზებას და აქციებს აანონსებს.

"ყველფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს კაფე არ გადავიდეს ამ ადგილიდან. დღეს ეს კაფე არის უკანონო. ჯობია კინო არ გვქონეს, ვიდრე ერთი კონკრეტული ბიზნესის ინტერესებს ვანაცვალოთ ყველაფერი," - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე 300 კვ.მ მიწის ფართი "ფლამინგოს" ამჯერად 25 წლის ვადით გადაეცა. მერიაში ამბობენ, რომ კაფე-ბარს ტერიტორიაზე არსებული სამი ნაძვის ხის მოჭრა ეკრძალება.

ამ დროისთვის, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული კაფე-ბარი "ფლამინგო" თურქ ბიზნესმენზეა გაიჯარებული.




Print