საზოგადოება
სოციალურად დაუცველთა სარეიტინგო ქულების დათვლაში შესაძლოა მეზობლები ჩაერთონ
FaceBook

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულის განსაზღვრის მეთოდოლოგია შეიცვლება, რომლის თანახმად, ქულების მინიჭებაში მეზობლები ჩაერთვებიან.


სოციალური სტატუსის ჯერ მინიჭების, ხოლო შემდეგ მისი გაუქმების ან შეჩერების საკითხი მუდმივი კრიტიკის საგანი იყო როგორც ბენეფიციარების ასევე, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების მხრიდანაც.

გაჭირვებაში მყოფი ოჯახები სოციალური მომსახურების სააგენტოს ქულების არასწორ განსაზღვრაში ხშირად ადანაშაულებენ. ისინი განმარტავენ, რომ მათ სოციალური შემწეობა არასწორი მეთოდოლოგიის შედეგად მინიჭებული ქულებით მოუხსნეს.

ერთ-ერთი ასეთი ბენეფიციარი, ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე მცხოვრები ოგანეზოვების ხუთსულიანი ოჯახია. როზა ოგანეზოვა ამბობს, რომ მათ დახმარება ხის იატაკის გამო მოუხსენს.

"დანგრეულ სახლში ვცხოვრობ. პირველ სართულზე ერთ ოთახში არის ხის იატაკი და ეს ჩაწერეს სოციალურმა აგენტებმა დეკლარაციაში და ამის გამო მოგვიხსნეს დახმარება", - ამბობს ოჯახის დიასახლისი.

ხის იატაკის გამო არა, თუმცა მიწის ნაკვეთის გამო მოეხსნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეში მცხოვრებ 97 წლის ეკატერინე ბარათაშვილს სოციალური შემწეობა.

"პენსია მაქვს ერთადერთი, რითაც შეშას, წამლებსა და საჭმელს ვყიდულობ. სულ დავდივარ სოციალური სააგენტოში და ვკითხულობ ამბავს, ის 60 ლარი ჩემთვის ფულია. ერთადერთი სახელმწიფო თუ დამეხმარება, თორემ მე მეზობელთნ არ გადავალ საჭმელი მაჭამეთქო", - ამბობს მარტოხელა მოხუცი.

ეკატერინე ბარათაშვილი სოციალური შემწეობის მიმღები 2012 წლიდან არის. მაშინ მისი სოციალური მდგომარეობა სარეიტინგო ქულა 61 000 ქულით განისაზღვრა.
თუმცა, გეგმიური გადამოწმების შედეგად მას 2014 წლის სექტემბრეში 73 000 ქულა მიენიჭა, რის გამოც ფულადი შემწეობის მიღება შეუჩერდა. ეკატერინე ბაბუნაშვილის ოჯახური მდგომარეობა სოციალურმა აგენტებმა 2015-2016 წლებშიც აღწერეს. თუმცა, მაშინაც მარტოხელა მოხუცს მაღალი ქულა დაუფიქსირდა.

"ამ ქალბატონს აქვს სახლი, ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 180 ლარიანი პენსია. ვფიქრობ, სწორედ ამან განსაზღვრა მაღალი ქულა", - ამბობს ჩვენთან საუბარში ჭიათურის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, გივი მოდებაძე.

პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სტიპენდია, ალიმენტი, დევნილთა შემწეობა, საარსებო შემწეობა, სხვადასხვა სოციალური დახმარებები, უძრავი ქონება , (იგულისხმება ავტოფარეხი), მარანი, სამზადი, დაუმთავრებელი ნაგებობა, სარდაფი, კომერციული ფართი, სამეურნეო ნაგებობა – სახელოსნო, ბოსელი, ნალია, მისაღები ოთახი, საძინებელი, ლოჯი, იატაკი (თუ რა მასალისგან არის ის დამზადებული) - ეს იმ კრიტერიუმების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ამ ეტაპზე მოქმედ მეთოდოლოგიაში სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებაში მნიშვნელოვანია.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა 2006 წელს შეიქმნა. მასში ცვლილება ორჯერ შევიდა. ბოლოს ის 2015 წელს განხორცილდა.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე გვიხსნის, რომ მუშაობა ქულების მინიჭების კორექტირებაზე უკვე დაწყებულია. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია არსებული კრიტერიუმების შემცირება მოხდება თუ არა. როგორც ზოიძე ამბობს, გარკვეულია მხოლოდ ის, რომ ქულების მინიჭების პროცესში მეზობლების ჩართვა მოხდება.

აკაკი ზოიძე გვარწმუნებს, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ კრიტერიუმების სისტემის ისე სრულყოფას, რომ მასში ის ბენეფიციარები მოექცნენ ვისაც ეს დახმარება ნამდვილად სჭირდება.

"კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ გავაკეთოთ შემდგომი სრულყოფა. ჩავრთოთ ადგილობრივი ხელისუფლება ამ პროცესში და ამისათვის ვამზადებთ გარკვეულ წინადადებებს, მაგრამ მე მინდა ილუზია არ იყოს იმასთან დაკავშირებით რომ ყველა მოქალაქეს მიეცემა სოციალური შემწეობა. ქვეყანაში 3 მილიონ ნახევრიდან 500 000–მდე პირს ვაძლევთ სოციალურ დახმარებას, ეს არის ყოველი მე–7 ადამიანი, რაც ძალიან დიდი ციფრია. იმის გამო, რომ სოციალური დახმარება არ მოეხსნათ, ადამიანები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ ხოლმე დასაქმებაზე. ეს არის არანორმალური სიტუაცია, მაგრამ მეორეს მხრივ, ვიცით, რომ ამ ადამიანებს უჭირთ, მაგრამ ზოგიერთი ისეთიც გვხვდება, რომლებსაც შედარებით ნაკლებად უჭირთ, ვიდრე იმ ადამიანებს ვისაც გარკვეული კრიტერიუმების გამო ეხსნება", – ამბობს აკაკი ზოიძე ჩვენთან საუბარში.

პარალამენტარის თქმით, ქულების გამოთვლა მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, რომელსაც კომპიუტერი ამუშავებს არ უნდა ხდებოდეს, არამედ გარკვეული და ზუსტი ფაქტორი უნდა ჩაერთოს, რაც პროცესში თემისა და სოფლის მონაწილეობას გულისხმობს.

მოსალოდნელ ცვლილებას იწონებენ, სოციალურად დაუცველი ოჯახები. ისინი გვიხსნიან რომ მეზობლების ჩართულობა ამ დრომდეც უნდა მომხდარიყო.

"მეზობლებმა ყველაზე კარგად იციან ჩვენი გაჭირვება. მათთან ვთბებით და ხშირად პურის ფულითაც ისინი გვეხმარებიან", - ამბობს სოციალურად დაუცველი, როზა ოგანეზოვა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, იმერეთის რეგიონში საარსებო შემწეობას მიმდინარე თვეში 20 652 ოჯახი იღებს, თუმცა მონაცემები ყოველთვიურად ცვალებადია. 2016 წლის მონაცემებით კი, ეს რიცხვი 23 177 –ს შეადგენდა.

 

Print