საზოგადოება
შიშის ფაქტორი ძლიერი აპარატია დამსაქმებლის მხრიდან - ქუთაისში საპირველმაისო აქცია გაიმართა
FaceBook
უმუშევარს - დასაქმება!
დასაქმებულს - ღირსეული შრომის პირობები!
დაჩქარდეს შრომის ინსპექციის შექმნა! - ეს და სხვა მოთხოვნები გაჟღერდა საპირველმაისო აქციაზე, რომელიც ქუთაისში სახელოსნო პრაქსისისა და ქუთაისის ახალგაზრდა სოციალისტების ორგანიზებით გაიმართა.
"მთელი საქართველოს მასშტაბით დაბალი ანაზღაურება, ჩაგვრა, უმუშევრობა და სიღატაკე მთავარი პრობლემებია. დასაქმებული ადამიანების უდიდესი ნაწილი ჩაგვრის მსხვერპლია - ბევრი მათგანი სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში შრომობს, ბევრის შრომის ანაზღაურება იმდენად მცირეა, რომ ოჯახის გამოსაკვებად არ ყოფნის. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ქცეულია "მშრომელ ღარიბად", იძულებულია, დათანხმდეს შრომის მონურ პირობებსაც კი, რადგან უკეთესის მოთხოვნა შეიძლება,სამსახურის დაკარგვად დაუჯდეს, "- აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ორგანიზატორები ავრცელებენ.
აქციას ქუთაისში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, სტუდენტები და ე.წ. იპოთეკით დაზარალებულები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ყველა მშრომელსა და არასათანადო შრომითი პირობების გამო დაზარებულ ადამიანს. რომელთა რიცხვი საქართველოში საკმაოდ დიდია. 8 წლის განმავლობაში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 362 ადამიანი დაიღუპა. მხოლოდ 2014 წელს 41 ადამიანი ემსხვერპლა პროფესიული მოვალეობის შესრულებას.
აქციაზე ითქვა გაფიცვების დროს სოლიდარობის პრობლემის თაობაზეც.
"სოლიდარობის პრობლემა,  რომ არ იყოს ღირსეული შრომის პირობების პრობლემა დიდი ხნის წინ გადაიჭრებოდა. რკინიგზელიც კი, რომელსაც საშინელ მდგომარეობაში უწევს ყოფნა,  ვერ ხვდება, რომ უნდა გაერთიანდეს მაღაროელთან, რომელიც ასევე ცუდადაა და რომ ამით ერთმანეთს დაეხმარებიან. ძალების გაერთიანების საკითხი არის საკმაოდ რთული,"- აღნიშნა პრაქსისის სახელოსნოს წარმომადგენელმა, ვაკო ხურციძემ.
აღნიშნულ სირთულეს ქმნის შიში, რომლითაც სახელმწიფო და კერძო მესაკუთრეები მანიპულირებენ, აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.
"დასაქმებულს, რომელიც მიზერულ ხელფასზეა და ისედაც სიცოცხლეს წირავს მიზერული ხლეფასისთვის,  აქვს შიში, რადგან ემუქრებიან, რომ თუკი დაუდგება გვერდით მის მეგობარს, რომელიც გაიფიცა, დაკარგავს სამუშაოს. ჩამნაცვლებელი სულ მოიძებნება. შიშის ფაქტორი ძლიერი აპარატია დამსაქმებლის, სახელმწიფოსა და რაც მთავარია, კერძო კაპიტალისტის მხრიდან მორალური თვალაზრისით ადამიანების გასანადგურებლად ", - ამბობს ვაკო ხურციძე.
აქციები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
ეკა კუხალაშვილი


Print