საზოგადოება
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა ახალი შენობის პერსპექტივით და ძველის ბუნდოვანი მომავლით (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკისთვის, შესაძლოა, ახალი შენობა აშენდეს,  თუმცა, რა ბედი შეიძლება ეწიოს არსებულ შენობას, ჯერჯერობით უცნობია.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ბიბლიოთეკის მშენებლობის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. სამაგიეროდ, საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, ნარგიზა ჩოგოვაძე ახალი შენობისთვის უკვე ადგილს არჩევს. მისი თქმით, ბიბლიოთეკა აუცილებლად ქალაქის ცენტრში უნდა განთავსდეს.  

"ეს უნდა გაკეთდეს ქალაქის ცენტრში და ვერ გავიტანთ სხვაგან. ამ შენობის რეაბილიტაცია, სადაც ახლა ვართ არ არის მარტივი. იმდენად დიდ თანხასთან არის დაკავშირებული, რომ მის სანაცვლოდ ახალს ააშენებ. გარდა ამისა, უნდა დაემატოს ერთი დარბაზი, რომელიც საკონფერენციოც იქნება და საგამოფენოც. 5 განყოფილებაა შეხიზნული ერთ დარბაზში, რაც ნონსენსია. ზამთარში მეყინება ხალხი, ზაფხულში მეხრჩობა", – ამბობს ნარგიზა ჩოგოვძე.

ქალაქის ცენტრში ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობის საჭიროებას ნარგიზა ჩოგოვაძე, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით ხსნის, რომელსაც ქუთაისის მერიამ ბიბლიოთეკის არსებული შენობის მდგრადობის შესწავლის თხოვნით 2016 წლის 21 იანვარს მიმართა.

დასკვნის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ამორტიზებულია და მისი გამაგრება მიზანშეწონილი არ არის.

"საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობას განცდილი აქვს ასაკობრივი ფიზიკური ცვეთა და მზიდი კონსტრუქციები ძირითადად ამორტიზებულია, რის გამოც მისი გამაგრება–გაძლიერება არარენტაბელობიდან გამომდინარე არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. შენობა საჭიროებს გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას", – ნათქვამია 2016 წლის 9 მარტით დათარიღებულ  ექსპერტიზის დასკვნაში.


საცავში ამორტიზებულია კედლები და იატაკი


საცავში წლების მანძილზე  ჩამოსულმა წყალმა ჭერი დააზიანა

შენობისთვის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას ქუთაისის მერია 2015 წლის გაზაფხულიდან გეგმავდა, რისთვისაც მსოფლიო ბანკისგან სესხის სახით 1 821 790 ლარის მიღება დაანონსდა, თუმცა, მოგვიანებით ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ სამხარაულის დასკვნის გამო რეაბილიტაციის საკითხი შეჩერდა. შენობაში გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებისთვის კი ნებართვას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან ელოდებოდნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ქუთაისის მერიას სააგენტოსთვის არც მაშინ და არც მას შემდეგ არ მიუმართავს.

ადგილობრივმა თვითმმათველობამ მოგვიანებით ეს ქუთაისპოსტისთვის მოწერილ ოფიციალურ პასუხშიც დაადასტურა.

"გაცნობებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო არ ატარებს კვლევებს და შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკის მდგრადობის შესახებ დასკვნა არ აქვს", – ნათქვამია ოფიციალურ პასუხში. (#01/4930)

ქუთაისის მერიას რომ სააგენტოსთვის არ მიუმართავს, ამას სააგენტოშიც ადასტურებენ.

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში 2016 წლიდან დღემდე არ ფიქსირდება ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მომართვა ქ.ქუთაისში ლ.ნუცუბიძის ქუჩის # 1–ში მდებარე საჯარო ბიბლიოთეკის შენობის მდგრადობის შესწავლის თაობაზე", – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ ქუთაისიპოსტისთვის მოწერილ ოფიციალურ წერილში.

თითქმის ორსაუკუნოვანი შენობა რომ ამორტიზებულია,  ამაზე ქალაქის მერიც საუბრობს. შოთა მურღულიას თქმით, ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობის საკითხი განიხილება,  თუმცა, მშენებლობისთვის საჭირო თანხისა და ვადების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

"ახალი ბიბლიოთეკის იდეა დაწუნებული არ არის. ალტერნატიული ადგილია მოსაძიებელი. ძველის გამაგრებას კი აზრი არ აქვს. რაც შეეხება სესხს, ამ თანხის მხოლოდ დარეზერვება შეგვეძლო ჩვენ, რადგან მისი ჩარიცხვა შესრულებული სამუშაოს შემდეგ ხდება. ამ შემთხვევაში კი ექსპერტიზამ დადო დსკვნა, რომ არ შეიძლება შენობის გამაგრება, ვერ გაუძლებსო. შესაბამისად, ეს თანხა ადგილობრივ თვითმმართველობას არ მიუღია", – ამბობს შოთა მურღულია.

ქალაქის მერი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობა, არსებულში სასტუმროს გახნის გამო გადაწყდა, თუმცა,   რა შეიძლება გაკეთდეს შენობაში,სადაც ამჟამად საჯარო ბიბლიოთეკაა განთავსებული,  ამაზე კონკრეტული პასუხი არც ქალაქის მერს აქვს.

"ის, რომ იქ სასტუმროს გახსნა იგეგემება,აბსურდია, თუმცა, რა შეიძლება იქ განთასდეს, ამაზე ახლა საუბარი შეუძლებელია",–ამბობს შოთა მურღულია.

ქალაქის ცენტრში საჯარო ბიბლიოთეკის შენობა თითქმის ორი საუკუნეა დგას. მისი აშენების თარიღად მე–19 საუკუნის 30–იან წლები სახელდება. შენობას გასული საუკუნის 70–იან წლებში საცავის კორპუსი მიაშენეს. ახლა მისი საერთო ფართი 2000 კვმ.–ს შეადგენს.

როგორ გამოიყურება ბიბლიოთეკის ინტერიერი და საცავი ნახეთ ფოტორეპოტაჟი:

Print