რეგიონი
დახარჯული მილიონი და სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი სოფელი
FaceBook

თერჯოლაში, სოფელ ჭოგნარის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციისთვის 1 026 603 ლარი დაიხარჯა. მიუხედავად ამისა ადგილობრივები ონკანის წყალს სასმელად ვერ იყენებენ და მას წყაროებიდან ხელით ან ურმით ეზიდებიან.


რეაბილიტაციიდან სამი წლის შემდეგ არ გაწმენდილა სათავე ნაგებობა, რაზეც პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტი იხსნის.

ადგილობრივები ონკანის წყალს სასმელად არ იყენებენ. მათი თქმით, ის ტექნიკურია და სასმელად უვარგისია, ამიტომ ხშირ შემთხვევაში სასმელი წყლის მოსატანად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ.

"უსამართლობაა, რომ ასეთ წყლით მდიდარ სოფელში სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს," - ამბობენ სოფელ ჭოგნარში.

ადგილობრივები, ასევე განმარტავენ, რომ ონკანის წყალს ცუდი გემო აქვს და უამინდობის პირობებში კი ამღვრეული მოდის.

"რეაბილიტაციის დროს წყალი მილებით გამოიყვანეს და მათ დიდი ზომის მილები დააყარეს. სიმძიმემ ისინი დააზიანა. ალაგ-ალაგ მილები დატეხილია, წყალს ერევა ჭუჭყი და ამიტომ მოდის ამღვრეული," - განმარტავენ ადგილობრივები.

წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციისთვის თერჯოლის მუნიციპალიტეტმა 1 096 988 ლარად შეფასებული ტენდერი (SPA130018060) 2013 წლის ივნისში გამოაცხადა. თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.

მასში გამარჯვებულად ერთადერთი პრეტენდენტი შპს "ნდს მშენებლობა" გამოვლინდა, რომელთანაც ხელშეკრულება 1 026 603 ლარზე გაფორმდა.

სოფელ ჭოგნარის გარდა, ამ თანხით კომპანიას, ჭოგნარის გარდა, სოფელ ბროლისქედსა და ჭალასთავში წყლის სისტემის რეაბილიტაცია, წყალსადენის ჭების, სათავე ნაგებობისა და სატუმბი სადგურის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა.

კომპანიაში განგვიმარტეს, რომ ქსელის რეაბილიტაცია ნორმების დაცვით განხორციელდა, რაზეც სამხარაულის ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნაც არსებობს.

"ექსპერტიზის დასკვნით ობიექტი დარღვევის გარეშეა შესრულებული. როცა სამუშაოებს ვასრულებდით, მაშინ წყლის სინჯი ავიღეთ, ლაბორატორიულად შევამოწმეთ და წყალი სასმელად ვარგისი იყო. ერთი წელი იყო დეფექტების პასუხისმგებლობის ვადა, რაც უკვე გასულია. ერთი წლის განმავლობაშ ჩვენთან საჩივარი არ შემოსულა," – ამბობს ჩვენთან საუბარში კომპანია "ნდს მშენებლობის" ინფორმაციის მენეჯერი, მარინა ირემაშვილი.

მისივე განმარტებით, ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ობიექტზე მზრუნველობა მუნიციპალიტეტს ეკისრება და სათავე ნაგებობის გაწმენდა პერიოდულად უნდა ხდებოდეს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში კი აცხადებენ, რომ სათავე ნაგებობის გაწმენდა და წყლის დაქლორვა სამუშაოების დასრულების შემდეგ არ მომხდარა, რადგან ეს ვალდებულება მათ პროექტის მიხედვით არ ეკისრებათ.

თერჯოლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თემურ ქოჩიაშვილი ირწმუნება, რომ რეაბილიტაციის დროს სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა თავიდანვე ინფორმირეუბლი იყო, რომ ონკანის წყალი ტექნიკური იქნებოდა. მისივე თქმით, სასმელი წყლის მოსახლეობამდე მიყვანა გაცილებით დიდ თანხებს მოითხოვს, რაც მუნიციპალიტეტს იმ დროისთვის არ გააჩნდა.

"სასმელ წყალს სპეციალური წყალსაცავი და დიდი კაპიტალდაბანდება ჭირდება. ის წყალი, რაც ამჯერად არის სოფელ ჭოგნარში, მთიდან წამოსული წყალია და შეიძლება წვიმის დროს აიმღვრეს," - ამბობს თემურ ქოჩიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად მუნიციპალიტეტში სასმელი წყალი მხოლოდ ქალაქ თერჯოლაშია. რაც შეეხება მასში შემავალ 44 სოფელს, მოსახლეობას აქ ყველგან ტექნიკური წყალი მიეწოდება. გამონაკლისი იქნება სოფელი ღვანკითი, სადაც სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, უკვე იწყება. მასზე 5 მლნ ლარი დაიხარჯება.

 

Print