საზოგადოება
IDFI კონსტიტუციაში ინტერნეტ თავისუფლებისთვის ცალკე მუხლის გამოყოფის ინიციატივით გამოდის
FaceBook
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI)  საქართველოს კონსტიტუციაში ინტერნეტ თავისუფლებისთვის ცალკე მუხლის გამოყოფას ითხოვს.
"ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და თავისუფლად სარგებლობის უფლება" - არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციით, კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტს, სწორედ, ამ შინაარსის პრიმა ქვეპუნქტი უნდა დაემატოს.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში" მიაჩნიათ, რომ ეს მუხლი ინტერნეტის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ძირითად ასპექტებს, ინტერნეტთან კავშირისა და თავისუფლად სარგებლობის უფლებას გააერთიანებს.

"ინტერნეტის მნიშვნელობა და საჭიროება თანამედროვე სამყაროში იზრდება, რაც იმავდროულად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ძირითად უფლებებზე. მართალია, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებების დამდგენი რიგი ნორმები, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია იმგვარად, რომ ფარავს ინტერნეტ თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუმცა ინტერნეტ თავისუფლება, როგორც დამოუკიდებელი უფლება საქართველოს კონსტიტუციით არ არის განმტკიცებული," - აღნიშნულია კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციით, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტურ და ძირითად უფლებად აღიარეა.

ამ დოკუმენტით გაერო სახელმწიფოებს მოუწოდებს ციფრულ წიგნიერებას (digital literacy) ხელი შეუწყონ და ასევე, ინტერნეტში ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ, რაც განათლების უფლების ხელშეწყობის ეფექტიანი ინსტრუმენტია.

ამავე რეზოლუციის მე-10 პუნქტით ადამიანის უფლებათა საბჭო ელექტრონულ ინფორმაციაზე წვდომის ან ელექტრონული ინფორმაციის გავრცელების გამიზნულად შეფერხებასა თუ აღკვეთას გმობს.



Print