საზოგადოება
კანონი საჯარო სკოლებისთვის უცნობი დეტალებით
FaceBook

2017 წლიდან საქართველოს საჯარო სკოლების განვითარებისთვის მათ ბრედნირებას და კატეგორიზაციას კანონი დაარეგულირებს.


"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესული ცვლილებების თანახმად, რომელიც მიმდინარე წელს ძალაში შევიდა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინდივიდუალური შეფასების სისტემა ამოქმედდა. შეფასების კრიტერიუმები კი ჯერ ცნობილი არ არის.

კანონი, რომელმაც სკოლების მაღალი ხარისხით ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძის განცხადებით, ახალი კანონის ფარგლებში მათ დოკუმენტაცია ან კონკრეტული მითითებები ამ დრომდე არ მიუღიათ.

სკოლების კატეგორიზაციას და ბრენდირებას დადებითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი." ორგანიზაციის განათლების პროგრამის მენეჯერი, თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ კანონი ქმედითი უნდა იყოს და საქართველოს ყველა სკოლა განვითარების თანაბარ დონეზე უნდა დააყენოს.

"ქვეყანაში არსებული 2 100 საჯარო სკოლა განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფება, ამიტომ თუ ბრენდირება და კატეგორიებად დაყოფა, მათ თანაბრად მაღად დონეზე დააყენებს, მაშინ კანონი იქნება შედეგის მომტანი. კანონპროექტის დამტკიცება უკვე წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არ არის ჩამოყალიბებული კონკრეტული მუხლები, ვადები და ის საშუალებები, რომლის მიხედვითაც უნდა აღსრულდეს კანონი. მნიშვნელოვანი კი სწორედ ეს კომპონენტებია," - განაცხადა თამარ მოსიაშვილმა.

მისივე თქმით, "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს" ამ დროისთვის შენიშვნები და რეკომენდაციები შემუშავებული არ აქვს, რადგან კანონში შესული ცვლილებების დეტალები უცნობია.

ის, რომ კონკრეტული შეფასებისა და კრიტერიუმების სისტემა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს სკოლების ბრენდირება და დაყოფა, ჯერჯერობით შემუშავებული არ არის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც ადასტურებენ.

"მიმდინარეობს კრიტერიუმების ჩამოყალიბებაზე აქტიური მუშაობა, რადგან სულ მალე დავიწყებთ ამ კანონის აღსრულებას. მას შემდეგ, რაც ყველა დეტალი დაზუსტდება, პარლამენტში განათლების და მეცნიერების კომიტეტთან ერთად განვიხილავთ," - აცახადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, სკოლების მექანიკური დაყოფა მათი ზომის, მატერიალური და ადამიანური შესაძლებლობების მიხედვით მოხდება.
ბრენდირება კი სკოლების ინდივიდუალურ შეფასებას გულისხმობს, რაც
მიმდინარე წლიდან იმ კრიტერიუმებით მოხდება, რომელსაც განათლების და მეცნირების სამინისტრო უახლოეს მომავალში შეიმუშავებს.

ასევე, სკოლებს ექნებათ სახელის მინიჭების უფლება, საკუთარი დევიზი და ლოგო. მოხდება სკოლების ტიპებად დაყოფა და შეიქმნება მცირე, საშუალო და დიდი ზომის საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელთათვის ინდივიდუალური მართვის სისტემა და მენეჯმენტი განისაზღვრება.

"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილება საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 16 დეკემბერს დაამტკიცა.

 

Print