საზოგადოება
ქუთაისის სახელმწიფო თეატრები და „ტორპედო“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება
FaceBook
მომავალი წლიდან ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი ყოველწლიური სოლიდური ხარჯისგან გათავისუფლდება.

უკვე ცნობილია, რომ ქალაქის სახსრებით აღარ დაფინანსდება 3 სახელწიფო თეატრი (ლადო მესხიშვილის სახელობის, თოჯინებისა და ოპერის თეატრები) და საფეხბურთო კლუბი "ტორპედო".

თეატრების შემთხვევაში ფინანსურ პასუხისმგებლობას სრულად გადაიბარებს კულტურის სამინისტრო, ხოლო "ტორპედოს"  სპორტის სამინისტროსთან ახლადშექმნილი "ფეხბურთის განვითარების ფონდი"დააფინანსებს.

ქუთაისის ვიცე–მერის, კოტე ქავთარაძის თქმით, მიღებული ეკონომიიდან თანხა ინფარსტრუქტურული მიმართულებით გადანაწილდება.

"ეს ვალდებულება უკვე გადაიბარა სახელმწიფომ, გამოთავისუფლებული თანხა კი ინფრასტრუქტურის მიმართულებით გადანაწილდება. ამ და სხვა ეკონომიის ხარჯზე, მომავალი წლიდან პირველად, ადგილობრივი ბიუჯეტი საკუთარი სახსრებით ქალაქში 10 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს",–განაცხადა კოტე ქავთარაძემ.

ამ დრომდე ქუთაისის სახელმწიფო თეატრები სახელმწიფო დაფინანსებას მხოლოდ კონკრეტული პროექტების ფარგლებში იღებდნენ, რაც წლის განმავლობაში რამდენიმე სპექტაკლის დაფინანსებას გულისხმობდა. ძირითად ხარჯებს კი, მათ შორის, სახელფასო ანაზღაურებისთვის საჭირო თანხას, ადგილობრივი ბიუჯეტი ფარავდა.

მაგალითად, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 1 040 000 ლარია. ოპერისა და ბალეტის თეატრს მერიამ ერთი წლის განმავლობაში 950 000 ლარი გადაურიცხა. ხოლო, თოჯინების თეატრის ბიუჯეტი წლის დასაწყისში 260 000 ლარით განისაზღვრა. ამასთანავე, წლის განმავლობაში თეატრების დაფინანსება იცვლებოდა და მათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარკვეული თანხა ემატებოდა. მაგალითად, ერთ–ერთი ბოლო ცვლილება ამ მიმართულებით მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, საკრებულოს 29–ე რიგგარეშე სხდომაზე განხორციელდა. კერძოდ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს 5 000 ლარი დაემატა.

რაც შეეხება "ტორპედოს", წლის დასაწყისში მისი დაფინანსება 1 400 000 ლარი იყო.

საერთო ჯამში, მერიამ ამ მიმართულებებიდან ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტი  გამოათავისუფლა.

Print