საზოგადოება
ქუთაისში საცხობების უმრავლესობამ პურზე ფასი 10 თეთრამდე გააძვირა
FaceBook
პური  გაძვირდა, პურზე მოთხოვნა კი განახევრდა

ლარის გაუფასურებამ დოლართან მიმართებაში უარყიფითი გავლენა იქონია პურის ფასზე.  მას შემდეგ რაც პურის ფქვილზე ფასმა მოიმატა,  ქუთაიში საცხობების უმრავლესობამ პურზე ფასი 10 თეთრამდე გააძვირა. 
ნანა სვინტრაძე რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ მარკეტში პურს ყიდის, აცხადებს რომ ფასები 2 კვირაა რაც მუდმივად იზრდება.
"თითქმის ყველა საცხობმა გააძვირა პურზე ფასი, დღესაც გაზრდილია ღირებულება გუშინდელთან შედარებით და ველოდებით რომ დარჩენილი საცხობებიც გაზრდიან პურზე ფასს," - ამბობს ნანა სვინტრაძე.
ფასების ასეთ ცვლილებამ უკვე შეამცირა მარკეტებში პურის მყიდველთა რიცხვი."მყიდველთა რაოდენობა განახევრებულია, ადრინდელთან შედარებით ბევრი პური დახლზე რჩება და იძულებული ვართ საცხობს უკან დავუბრუნოთ. საცხობის წარმომადგენლები კი ფასის დაწევას ჯერ არ გვპირდებიან," - აცხადებს მარკეტის გამყიდველი სალომე ამბროლაძე.
პურზე ფასის ზრდამ დააზარალა მომხმარებელთა საფულე. ქუთაისში მცხოვრები ციალა მახათაძე "ქუთაისპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ ფასების მომატების გამო, პურს აღარ ყიდულობს. "ვცდილობ ვიყიდო პურის ფქვილი და თავად გამოვაცხო სახლში, ასე უფრო იაფია ჩემთვის," - ამბობს ციალა მახათაძე.
წლის დასაწყიში ცნობილი გახდა რომ პურის ფქვილზე ფასი გაიზრდებოდა. ქუთაისში, პურის ფქვილის საწყობებში აცხადებენ, რომ მაშინ გქვილზე ფასი 4 ლარით გაიზარდა თუმცა მალევე 2 ლარით ისევ შემცირდა, ახლა კი კვლავ გაძვირებას ვარაუდობენ. საწყობებში ამბობენ, რომ ფაისის მომატების გამო, მომხმარებელთა რიცხი მათაც შეუმცირათ.
ქუთაისში პურის ერთ-ერთი საცხობის მეპატრონე თენგიზ შალამბერიძე აცხადებს,  უკვე თვეებია მოგებაზე ვეღარ მუშაობს და მხოლოდ მუშახელის ანაზღაურებას ახერხებს.
"ახლა იმდენად რთულ მდგომარეობაში ვართ, რომ მომიწევს გავზარდო ფასები, სხვა შემთხვევაში საცხობი უნდა დავხურო. წლის დასაწყიში რაც პურის ფქვილი 36 ლარიდან 42 ლარამდე გაძვირდა, ასევე მოიმატა დროჟის და მარისლის ფასმაც,  ამის გამო მოგებაზე აღარ მიმუშავია. არც პური იყიდება და ისევ უკან ვაბრუნებ. ამ პირობებში იმ კრედიტის დაფარვასაც ვერ ვახერხებ, რომელიც საცხობის ასამუშავებლად გამოვიტანე," - აცხადებს თენგიზ შალამბერიძე.
ქუთაისში,  პურზე ფასის ზრდის ფონზე, ამ დროისათვის მხოლოდ რამდენიმე საცხობი ახერხებს ძველი ფასის შენარჩუნებას,  რომ მომხმარებლები არ დაკარგოს.

ბაია მიქაბერიძე

Print