საზოგადოება
IDFI - საქართველოს ყველაზე ცუდი მაჩვენებლები ადამიანურ კაპიტალსა და განათლებაში აქვს
FaceBook
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ინოვაციების გლობალური ინდექსის შედეგებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის მიხედვით, ამ კატეგორიაში საქართველომ მხოლოდ 23.2 ქულა (100-დან) აიღო და რეიტინგში 91-ე პოზიცია დაიკავა. მსგავსი ვითარებაა კერძო სექტორის მხრიდან ინოვაციების წახალისების კომპონენტშიც: საქართველო 26.5 ქულით 90-ე ადგილს დასჯერდა.

"წინა, 2015 წლის შედეგებთან შედარება ცხადყოფს, რომ ვითარება გაუარესებულია უმეტესწილად იმ კომპონენტებში, სადაც საქართველოს ისედაც დაბალი მაჩვენებლები აქვს. ამის მაგალითია ბიზნეს განვითარებისა და ადამიანური კაპიტალის/კვლევის კომპონენტებში შემცირებული ქულები. გამონაკლისია შემოქმედებითი წარმოების ინდიკატორი, სადაც ქვეყანამ ქულა 1.6-ით და პოზიცია 23-ით გააუმჯობესა. თუმცა, ზრდის მიუხედევად ამ კომპონენტში ქვეყანას მაინც მოკრძალებული შედეგი აქვს, რაც ძირითადად განპირობებულია ონლაინ პროდუქციის შექმნისა და კერძო სექტორის მიერ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების ნაკლებობით," – აღნიშნულია IDFI განცხადებაში.

ინდექსის მიხედვით, საქართველოს საშუალო მაჩვენებლები აქვს ბაზრის განვითარებისა (44.3 ქულა) და ინფრასტრუქტურის (41.7 ქულა) კრიტერიუმებში და პოსტსაბჭოთა 15 ქვეყანას შორის საქართველოს მერვე ადგილი უკავია. ბალტიის სამ ქვეყანასთან ერთად, უკეთესი შედეგები აქვთ რუსეთს, მოლდოვას, უკრაინასა და სომხეთს. ინსტიტუციური ჩარჩოს და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, საქართველო მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება. ბაზრის განვითარების ხარისხით კი, მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას სჯობნის.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქართველოს ესაჭიროება კვლევებისა და ინოვაციების წახალისება, განათლებაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, კერძო სექტორის გააქტიურება ინოვაციების გამოყენებაში, დანერგვასა და შექმნაში, და ინოვაციური პროდუქტების შექმნის/წარმოების წახალისება.


Print