საზოგადოება
გაყიდვების დიდი წილი მხატვრულ ლიტერატურაზე მოდის - პრეზენტაცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის ბაზარის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

იგი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ორგანიზაციამ "ეისითი-კვლევა" ჩაატარა. 

კვლევის შედეგები დამსწრე საზოგადოებას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მედეა მეტრეველმა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ გვანცა ჯობავამ გააცნო. მათ აღნიშნეს, რომ ეს პირველი სრულფასოვანი კვლევაა 2012 წლის შემდეგ.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, 2013-2015 წლებში წიგნის სექტორში არსებული ვითარების სრული შესწავლის მიზნით გამომცემლობები, დისტრიბუტორები, წიგნის მაღაზიები, ასევე ელექტრონული წიგნების მაღაზიები, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები, ბიბლიოთეკები და მკითხველები გამოიკითხა. მასში მონაწილეობა 32-ზე მეტმა გამომცემლობამ და 700-მა მკითხველმა მიიღო.

კვლევის გეოგრაფია ქვეყნის დიდ ქალაქებს - თბილისს, ბათუმს, ქუთაისსა და თელავს მოიცავდა.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ გაყიდვების ყველაზე დიდი წილი მხატვრულ ლიტერატურაზე მოდის, თანაც 2013 წლიდან მზარდი ტენდენცია შეინიშნება. მკითხველთა ინტერესები ეხება აკადემიურ/პროფესიულ და საბავშვო ლიტერატურასაც.

იგივე მაჩვენებელია თარგმანებზეც, სადაც ყველაზე მეტად მხატვრული ლიტერატურა იყიდება, თუმცა თარგმანების შემთხვევაში, საბავშვო ლიტერატურა უფრო მეტად იყიდება, ვიდრე აკადემიურ/პროფესიული.

პრეზენტაციაზე აღნიშნეს, რომ კვლევის მიზანი წიგნის სეგმენტის ყველა კომპონენტის შესახებ სრული სტატისტიკური ინფორმაციის მიღებით, წიგნის ბაზრის ზოგადი შეფასება, სუსტი მხარეების გამოვლენა და არსებული პრობლემების დადგენაა. ანალიზის საფუძველზე, წიგნის ბაზრის შემდგომი განვითარებისა და მკითხველთა ბაზის გაფართოების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობისათვის, კონკრეტული რეკომენდაციები შემუშავდება.

Print