საზოგადოება
„ცისფერყანწელთა“ საიუბილეო წლისთვის ქუთაისი მერია ღონისძიებების ციკლს გეგმავს
FaceBook
"ცისფერყანწელთა" პოეტური ორდენის იუბილეს ქალაქი შემოდგომაზე აღნიშნავს.


საამისოდ "ცისფერყანწელებზე" დოკუმენტური ფილმების გადაღება მიმდინარეობს. სამი დოკუმენტური ფილმის "ცისფერყანწელების ქალაქის" გადაღებისთვის ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება თბილისში რეგისტრირებულ "ქედი სტუდიოსთან" გააფორმა.
როგორც მერიაში აცხადებენ პირველი ფილმი ქუთაისის კულტურულ ცხოვრებაში "ცისფერყანწელების" როლს უნდა ასახავდეს.

მეორე ფილმმა უნდა აჩვენოს პაოლო იაშვილის, როგორც "ცისფერყანწელთა" იდეის სულისჩამდგმელის, ბიოგრაფია, მისი ურთიერთობა დანარჩენ ცისფერყანწელებთან, ორდენისა და მწერალთა კავშირის ჩამოყალიბება.

მესამე ფილმი ტიციან ტაბიძის ბიოგრაფიას, გალაკტიონ ტაბიძესთან პოეტის მეგობრობას და "ცისფერყანწელთა ორდენის" დასასრულს შეეხება.
"ცისფერყანწელთა" იუბილის აღნიშვნის პროცესში ჩართული იქნებიან საჯარო სკოლებიც, სადაც სხვადასხვა ივენთები გაიმართება.
"ცისფერყანწელების" საიუბილეო წლისთვის მესხიშვილის თეატრში დასკვნითი საღამო მოეწყობა, სადაც აღნიშნული ფილმებისა და "ცისფერყანწელთა" ფონდის თავმჯდომარის ნინო ჩხიკვიშვილის მიერ შედგენილი წიგნის "ცისფერყანწელთა საძმოს"პრეზენტაცია გაიმართება. ასევე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "ბულბულის ნისკარტი", რომელიც პაოლოსა და ტიციანის ბიოგრაფიისა და შემოქმედების მოტივებზეა შექმნილი.

საღამოზე მოწვეულები იქნებიან "ცისფერყანწელთა" შთამომავლები.

მერიაში აცხადებენ, რომ უკვე მომავალი წლისთვის იგეგმება ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ბაღში დაიდგას სტელა, სადაც ცამეტივე პოეტის სახელი იქნება ამოტვიფრული.

ღონისძიებათა ამ ციკლის ორგანიზებასა და ფინანსურ მხარდაჭერას ქუთაისის მერია ახორციელებს.

Print