საზოგადოება
"უსინათლო მამაოს უთხრეს, თუ კითხვას არ ისწავლიდა, წასვლა მოუწევდა"
FaceBook
"მე არ ვიცი ბრაილის შრიფტით კითხვა.
ქუთაისში არ არის სპეციალისტი ვინც ამას გასწავლის, ამიტომ არც მისწავლია",- აღნიშნავს ალეკო გვენცაძე, რომელმაც წლების წინ ტრავმის შედეგად მხედველეობა დაკარგა.
როგორც აღმოჩნდა ბრაილის შრიფტის სპეციალისტი არ ყავს არც ქუთაისის უსინათლოთა კავშირს, სადაც 220 წევრი ირიცხება. კავშირის წევრებიდან ბრაილის შრიფტით კითხვა მხოლოდ რამოდენიმე ადამიანმა იცის.
საქართველოს უსინათლოთა კავშირის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის მანონ გოლეთიანის თქმით, ადრე სპეციალისტი ყავდათ, მაგრამ გარდაიცვალა, ახალი არ აუყვანიათ, რადგან ბრაილის შრიფტით კითხვის შესწავლის მსურველი არავინ არის.
"შესწავლის სურვილს არ გამოთქვამენ, კავშირის ბევრმა წევრმა ასაკში დაკარგა მხედველობა და ფიქრობს რომ ვერ ისწავლის, ახალგაზრდები კი კავშირის წევრებად არ შემოდიან რცხვენიათ რატომღაც", - აღნიშნავს მანონ გოლეთიანი.
კავშირში მხოლოდ ერთ შემთხვევას იხსენებენ, როდესაც ასაკიანმა ადამიანმა ბრაილის შრიფტით კითხვის სურვილი გამოთქვა.
"უსინათლო მამაო იყო იმერეთის ერთ-ერთი რეგიონიდან, უთხრეს თუ კითხვას არ ისწავლიდა, წასვლა მოუწევდა და მან გვთხოვა დახმარება. წყალტუბოდან ჩამოვიყვანეთ სპეციალისტი და მან ორ კვრიაში შეასწავლა ბრაილის შრიფტით კითხვა", - აღნიშნავს ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე.
როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმერეთის რეგიონის მულტიდისციპლინარული გუნდის წევრი ნატო ქობულაძე აღნიშნავს, ბრაილის შრიფტის სპეციალისტი არ არის ჩართული ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინკლუზიური განათლების პროგრამაშიც, იგივე მოტივით - მოთხოვნილების ნაკლებობის გამო.
ნაკლები მოთხოვნილებაა ბრაილის შრიფტით გამოცემულ წიგნებზე სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. როგორც ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე რიტა წაქაძე აღნიშნავს ამ წიგნებს თითქმის არ ყავს მომხმარებელი.
სამაგიეროდ ბიბლოთეკაში მუშაობს ორი ელექტრონული პროგრამა, რომელიც მხედველობის პრობლემების მქონე მკითხველს ტექსტის გაცნობის საშუალებას აძლევს.
" პროგრამები "ბუ" და "ინტერ ბუ" მუშაობს უსინათლო და მხედველობადაქვეითებული ადამიანებისათვის. ტექსტი გადიდებული შრიფტით ჩანს კომპიუტერის ეკრანზე, რომელსაც ხმაც ახლავს. "ინტერნ ბუ" პროგრმას კი შეუძლია ინტერნეტში წაუკითხოს ტექსტი მომხმარებელს. ამასთან ხმოვანი წიგნებიც გვაქვს", - აღნიშნავს რიტა წაქაძე.
ბრაილის შრიფტით დაუინტერესებლობის ერთ-ერთ მიზეზად თანამედროვე ტექნოლოგიებიც სახელდება, რომელიც შრიფტით სარგებლობის აუცილებლობას ამცირებს და სხვა სახით ადაფტირებულ ტექსტებს თავაზობს მომხმარებელს.
"ბევრი პროგრამაა რომელიც მხედველობადაქვეითებულ ადამიანს ტექსტის გაცნობის საშუალებას აძლევს და ეს პროგრამები სულ უფრო ფართოდ გამოიყენება", - აღნიშნავს რიტა წაქაძე.
მიუხედავად ამისა,  უსინათლოთა კავშირში აღნიშნავენ, რომ მუშავდება პროექტი, რომელიც ქალაქებს ბრაილის შრიფტის მცოდნე თითი სპეცილიასტით აღჭურვავს.
ეკა კუხალაშვილი
Print