საზოგადოება
ქუთაისში საგზაო კანონის გამკაცრებას ითხოვენ (ინფოგრაფიკა)
FaceBook
საქართველოში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო მოსახლეობა მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

საგზაო კანონის გამკაცრების მოთხოვნით, ქუთაისში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სახელზე განცხადებაც შეიტანეს.
ქუთაისელები კანონში ცვლილებების განხორციელებას საგზაო უსაფრთხოების გაზრდის მიზნით ითხოვენ.

ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია "მეწარმე ქალთა ფონდის" ინიციატივით კანონის გამკაცრების შესახებ განცხადება ერთი კვირის წინ დაიწერა.

"ქუჩაში გადაადგილება რომ უსაფრთხო აღარ არის, ამაზე ყველა საუბრობს. ძალიან იმატა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვმა, არაერთი ადამიანი და მათ შორის, მცირეწლოვნები შეეწირა ავარიებს ქუთაისში. მათი გამომწვევი მიზეზები, შესაძლოა, მრავალფეროვანია, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი საჭიროება, ჩვენი აზრით, ურჩი მძღოლების მიმართ სანქციების გამკაცრებაა," - ამბობს განცხადების ერთ-ერთი ავტორი და კანონის გამკაცრების მომხრე, იურისტი ინგა მაღლაფერიძე.

საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომუშავე სპეციალისტების აზრით, პრობლემიდან გამოსავალი მხოლოდ ჯარიმების გაზრდაში ვერ იქნება.

"თუ მხოლოდ დასჯი ადამიანს ისე, რომ შემდგომ არ გაატარებ პრევენციულ ღონისძიებებს შემთვხვევის ადგილზე, ისე არაფერი არ გამოვა," - ამბობს "საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე.

მისივე თქმით, ხშირია, როდესაც ავტოავარიის შემდეგ არ ხდება ტერიტორიაზე უსაფრთხოებისთვის გადამჭრელი ზომების მიღება, რაც შემდგომ კვლავ ავტოსაგზაო შემთხვევებს იწვევს.

"სწრაფად უნდა ხდებოდეს შავ წერტილებად იმ ადგილების მონიშვნა, სადაც ავარია ხშირად ხდება. დავუშვათ რთული მოსახვევია, ან არ არის საგზაო ნიშანი, ეს ნიშნავს, რომ მონაკვეთი ისევ საფრთხის შემცველი რჩება," - ამბობს შალვა ოგბაიძე.

ქუთაისელების თქმით, ქალაქში ბევრი ისეთი ტერიტორიაა, სადაც ავარიები გამუდმებით ხდება, თუმცა ე.წ. "შავი" მონაკვეთები საპატრულო პოლიციის მხრიდან რეაგირების გარეშე რჩება.

ერთ-ერთ რთულ მონაკვეთად ადგილობრივები, რუსთაველის ქუჩაზე, პრესის სახლთან მიმდებარე ტერიტორიას ასახელებენ.

"ტრაგედიების ადგილია, ცუდი მოსახვევია და ვიწრო გზა, მძღოლი მანევრს ვერ ასწრებს და უკვე ვეღარ ვითვლით რამდენმა ადამიანმა დალია სული აქ. ეს გზა არ შეიძლება ორმხრივი იყოს და ამას ამ დრომდე ყურადღებას არავინ არ აქცევს,"- ამბობენ ქუთაისში, რუსთაველის ქუჩა N 61 - ში მცხოვრებლები.

ადგილობრივების ინფორმაციითვე, მითითებულ ტერიტორიაზე, ცალმხრივი მოძრაობის დაწესების მოთხოვნით, მოსახლეობა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

იურისტებს, საგზაო უსაფრთხოების სრულფასოვნად მოწესრიგება, სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური ღონისძიებების გატარების შემთხვევაში შესაძლებლად მიაჩნიათ.

"ავარიაში არ მონაწილეობს მხოლოდ მძღოლი. აქ მთელი რიგი გარემოებებია - საგზაო ინფრასტრუქტურა, ავტომობილის მდგომარეობა, თავად ადამიანის ფაქტორი და რა თქმა უნდა, კანონი. მხოლოდ კანონი ვერ იქნება რეცეპტი, თუ საერთო ხედვით არ მოხდა პრობლემის გადაწყვეტა," - ამბობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი სანტურიანი.

კანონის გამკაცრება რომ რეალობას ვერ ცვლის, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებიც მეტყველებს.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზებიდან ყველაზე ხშირად ავარიები სიჩქარის გადაჭარბებაზე და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვაზე მოდის.


სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, შს სამინისტროს ინიციატივით, 2014 წელს სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლურ მდგომარეობაში მართვაზე კანონი გამკაცრდა.

"2014 წლის პირველ იანვრამდე კანონი იყო უფრო რბილი და ნასვამ მდგომარეობაში მართვის პირველ შემთხვევაზე ითვალისწინებდა მძღოლის მხოლოდ დაჯარიმებას. 2014 წლის პირველი იანვრიდან კანონში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვის პირველივე შემთხვევაზე ადამიანს ექვსი თვის ვადით უწყდება ავტომობილის მართვის უფლება," - ამბობს იურისტი გიორგი სანტურიანი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავენ, რომ უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, საგზაო მოძრაობის კანონში კვლავ ცვლილებების შეტანის საჭიროებას ხედავენ.

"სამინისტროს მიერ პარლამენტში განხილვაზეა წარდგენილი პროგრამა, რომელიც კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელებას ისახავს მიზნად," - ამბობენ უწყებაში.

როგორც შსს - ში განმარტავენ, უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით შექმნილი პროგრამა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად სამი თვეა რაც წარდგენილია.

მოქმედი პარლამენტის მიერ კანონში ცვლილებების განხორციელებას, არარეალურად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

"ბევრად უფრო კოორდინირებულად უნდა ხდებოდეს უსაფრთხო გარემოს შექმნა ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე დღესაა. თუმცა ხელისუფების მხრიდან ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს. ვფიქრობ, ეს უმაქნისი პარლამენტი ახლა უკვე ვერაფერს მოასწრებს, თუმცა ახლადარჩეული პარლამენტისთვის ნამდვილად ნომერ პირველი გამოწვევა უნდა გახდეს საგზაო უსაფრთხოება საქართველოში," - აცხადებს "საქართველოს საავატომობილო ფედერაციის" პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე.

შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ავარიების შედეგად ყოველწლიურად 700 - მდე ადამიანი იღუპება.
Print