საზოგადოება
„სახელმწიფო რასაც თავაზობს ნარკოდამოკიდებულ ადამიანს - დასჯაა“
FaceBook
რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგები - გახდა დისკუსიის თემა, რომელიც ორგანიზაციებმა "ახალი გზა" და "რუბიკონმა" გამართეს ქუთაისში. ორგანიზატორები ამით ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორიო დღეს გამოეხმაურნენ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას და მისი უფლებების დაცვას.

აღინიშნა ისიც, რომ  ნარკოპოლიტიკა რომ უფრო ჰუმანური გახდეს ხორციელდება გლობალური ადვოკაციის კამპანია "მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად", რომელიც მიზნად ისახავს ნარკოპოლიტიკის რეფორმას. რეპრესიული პოლიტიკისა და კანონების შეცვლას და იმის უზრუნველყოფას, რომ ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს მკურნალობა–რეაბილიტაცია.

"სადღეისოდ სახელმწიფო რასაც თავაზობს ნარკოდამოკიდებულ ადამიანს ეს დასჯაა, სხვა მიდგომა სახელმწიფოს არ გააჩნია", - აღნიშნა "რუბიკონის" გამგეობის თავმჯდომარემ, ზაზა ქარჩხაძემ.

შეხვედრაზე გაჟღერდა სტატისტიკა, რომლის მიხედვით გამოჩნდა, რომ პოლიტიკამ, რომელსაც აწარმოებს შსს, ნარკოდამოკიდებულების რიცხვი არა თუ შეამცირა, არამედ გაზარდა.

"თუკი 2012 წელს აღრიცხული იყო 40 ათასი ნარკომომხმარებელი, ბოლო კვლევით მათი რიცხვი 50 ათასი გახდა", - აღინიშნა შეხვედრაზე.

სტატისტიკა წარმოადგინა სახალხოდ დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, გიორგი ლაბაძემ.

"2015 წელს შსს-ს მიერ წარმოებული საქმიანობის 70% უკავშირდება ნივთიერებაზე დამოკიდებულების დაკავება/ ტესტირებას და მხოლოდ 30 % ეთმობა სხვა დანაშუალების გახსნას", - თქვა გიორგი ლაბაძემ.

შეხვედრაზე გაჟღერდა მოსაზრება, რომ შსს-ს ეს ნარკოპოლიტკა სწორედ საქმის კეთების ილუზიის შესაქმნელად ჭირდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტესტირებაზე დაყვანილი ყოველი 4 ეჭვმიტანილიდან ნარკოტიკული თრობა მხოლოდ ერთს უდგინდება.

"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ადამიანის უფლებების დარღვევას, სტრესებს, რასაც მოქალაქე დაკავების დროს განიცდის და ა.შ. პრაგმატულად რომ მივუდგეთ საკითხს, ელემენტარული არითმეტიკული გათვლითაც ნათელი ხდება, რომ სახელმწიფოს ეს პოლიტიკა გაცილებით ძვირი უჯდება. ვიდრე დაუჯდებოდა ამ ადამიანების დახმარება/ რეაბილიტაცია", - აღნიშნა რუბიკოს წარმომადგენელმა, ფსიქოლოგმა დათო ფორჩხიძემ.

შეხვედრაზე ითქვა, რომ სახელმწიფო ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, იგი ცალი ხელით აწარმოებს მეტადონის პროგრამას, მეორე ხელით კი რეპრესიულ კანონებს და დევნას ახორციელებს იგივე პირებზე მათი დახმარების ნაცვლად.

Print