საზოგადოება
თუ სიცოცხლე გვინდა - გარემოს დაცვა და ევროკავშირთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები
FaceBook
ევროკავშირი საქართველოს მიმართ გარემოსდაცვით საკითხებში განსაკუთრებით მომთხოვნია.

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაში გარემოსდაცვითი ვალდებულებების ჩამონათვალი ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითია.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განმარტავენ, ხელშეკრულებაში გარემოს დაცვის თავი შვიდ დარგობრივ მიმართულებას მოიცავ: გარემოსდაცვითი მმართველობა, ჰაერის ხარისხი, წყლის ხარისხი, ნარჩენების მართვა, ბუნების დაცვა, სამრეწველო დაბინძურება და სამრეწველო საფრთხეები, ასევე  ქიმიური ნივთიერებების მართვა.

"თანამშრომლობა მიზნად ისახავს გარემოს დაცვას, გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციას, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და საერთაშორისო დონეზე ძალისხმევის ხელშეწყობას, გარემოს დაცვის რეგიონულ ან გლობალურ პრობლემებთან გასამკლავებლად," - აღნიშნულია ასოცირების ხელშეკრულების მესამე თავში.

გარემოს დაცვას მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევენ ქუთაისში მცხოვრებლებიც.

"თუ სიცოცხლე და მომავლის ჯანმრთელობა გვინდა, ბუნებას უნდა მოვლა. აბა, ნახეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში როგორ ზრუნავენ ბუნებაზე. ჩვენთან არ არის ეს კულტურა, რომ ბუნებას მოვუაროთ", - მიაჩნია ქუთაისელ ჯუმბერ ბეთხოშვილს.

მოქალაქეების თქმით, ეს ვალდებულება შინაგანად უნდა გაგვაჩნდეს და სხვისგან ამის მითითება არ უნდა გვჭირდებოდეს.

თუმცა, მითითების საჭიროებას არ გამორიცხავენ დარგის სპეციალისტები. ისინი ქართულ საზოგადოებაში გარემოს დაცვის კულტურისა და პასუხისმგებლობის ნაკლებობაზე მიუთითებენ.

"უმეტესობა ფიქრობს, რომ გარემოს დაბინძურება "მას არ ეხება", ეს სხვისი პრობლემაა. თუმცა, გარემომ არ იცის "ჩემი და შენი", ყველას ერთნაირად მოგვთხოვს პასუხს", - ამბობს  ორგანიზაცია  "მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" წარმომადგენელი, თემურ კეპულაძე.

ვიდრე გარემო მოგვთხოვს პასუხს, მანამდე ევროკავშირი ითხოვს მეტ პასუხისმგებლობას გარემოს ხარისხის შესანარჩუნებლად და ასოცირების ხელშეკრულებაში თანამშრომლობის სხვადასხვა გზებზე მიუთითებს.

"გარემოს გაძლიერებული დაცვა სარგებელს მოუტანს საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებსა და ბიზნეს სექტორს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაზრდის გზით, ასევე, თანამედროვე, სუფთა ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით, რაც ხელს შეუწყობს წარმოების ეკოლოგიურად მდგრადი მოდელების ჩამოყალიბებას", - აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

ეკოლოგიის საკითხები ჩნდება ასოცირების შესახებ შეთანხმების ეკონომიკური თანამშრომლობის ნაწილშიც. მაგალითად, შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) - ფარავს 4 დამატებით მიმართულებას, როგორიცაა მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებები, ბიომრავალფეროვნება, ტყის მდგრადი მართვა და ხე-ტყის ნაწარმით ვაჭრობა, თევზის პროდუქციით ვაჭრობა.

"გარემოსდაცვითი ვალდებულებების ჩამონათვალის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ყველა მოთხოვნა და რეგულაცია, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს უყენებს, თანაბრად მნიშვნელოვანია", - აღნიშნავენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

მოქალაქეები განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევენ კლიმატის ცვლილებებისადმი სახელმწიფოს მზადყოფნას.

"ბუნება გადაგვარდა - სიცხეც, სიცივეც გაუსაძლისი გახდა, წყალდიდობაც და მეწყერიც ძალიან ხშირია. რა უნდა გააწყოს ადამიანმა ბუნებასთან?!  ალბათ, უფრო მომზადებული უნდა დახვდეს", - აღნიშნავენ ქუთაისში მცხოვრებლები.

კლიმატის ცვლილებების საკითხს ასოცირების ხელშეკრულების მეოთხე თავი ეთმობა.

"თანამშრომლობა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების შერბილებას და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას, ასევე საერთაშორისო დონეზე ღონისძიებების გატარების ხელშეწყობას, მათ შორის შემდეგ სფეროებში: (ა) კლიმატის ცვლილების შერბილება; (ბ) კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია; (ც) ნახშირბადით ვაჭრობა; (დ) უსაფრთხო და მდგრადი დაბალნახშირბადიანი შემცველობისა და საადაპტაციო ტექნოლოგიების კვლევა, განვითარება, დემონსტრირება, დანერგვა და გავრცელება; (ე) კლიმატთან დაკავშირებული საკითხების დარგობრივ პოლიტიკაში ინტეგრაცია.

Print