საზოგადოება
სისხლის გაღების პროცედურები და დონორობის კრიტერიუმები
FaceBook
სისხლი გაღების უფლება 18 წლიდან 60-წლამდე ადამიანს აქვს.
ასაკთან ერთად, მნიშვნელოვანია წონა და ის 50 კგ-ზე მეტი უნდა იყოს. დონორს შეუძლია 400-250 გრამი სისხლი გაიღოს. თუმცა, ვიდრე მსურველს დონაციაზე შეიყვანენ, მას გარეკვეული გამოკვლევა უტარდება.

ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში არსებულ სისხლის ბანკში განმარტავენ, რომ დონორობის მსურველმა სპეციალური კითხვარი უნდა შეავსოს, რომელიც ექიმს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დამატებით ინფორმაციას მისცემს.

"გქონიათ ოდესმე სიმსივნე, ორსულად ხართ ან იყავით ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, გქონიათ ოდესმე ტკივილი მკერდის არეში, გულის დაავადება, სასუნთქი გზების ხშირი დაავადება; იმისათვის ხომ არ აბარებთ სისხლს, რომ ჩაიტაროთ ტესტი აივ ანუ შიდსის ინექციაზე; ბოლო 12 თვის მანძილზე გქონიათ თუ არა დაუცველი სქესობრივი კავშირი," - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც პოტენციურმა დონორმა სისხლის გაღებამდე უნდა შეავსოს.

"გარდა ამისა, წნევის და ჰემოგლობინის გასინჯვა ადგილზე ხდება. თუკი ეს უკანასკნელი დაბალი აქვს, მაშინ რა თქმა უნდა, ის ვერ შეძლებს დონორობას. ასევე, სისხლის გაღების პროცესში, ის თავს კარგად უნდა გრძნობდეს", - განმარტავს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის საწარმოო და კლინიკური ტრანსფიზიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი, ხათუნა ბიბიჩაძე.

მისი განმარტებით, დონაცია მხოლოდ 15-20 წუთში უნდა დასრულდეს, რადგან შემდეგ სისხლი მასა უვარგისი ხდება.

ინტერვენციული ცენტრის სისხლის ბანკში განმარტავენ, რომ ვადები განსაზღვრულია გაღებული სისხლის გამოკვლევაზეც. რამდენად ვარგისიანია სისხლი ამის გამოკვლევა ხუთ საათში უნდა დასრულდეს, რადგან გაღებული სისხლის მაცივრებში შენახვა ამ ხნის განავლობაში უნდა მოხდეს.

ხათუნა ბიბიჩაძე განმარტავს, რომ სისხლის შენახვა სამ კომპონენეტად ხდება: ერითმაზად (სისხლის წითელი კომპონენტი), რომელიც +8 გრადუსზე 35 დღე ინახება და კრიოპლაზმად, რაც სისხლის შემადედებელ ფაქტორებს შეიცავს. მისი შენახვის ვადა დამოკიდებულია ტემპერატურაზე. მაგალითად, თუკი ის მინუს 60 გრადუსზე ინახება, ერთი წლის განმავლობაში ვარგისიანია.

რაც შეეხება, მესამე კომპონენტს თრომბოციტებს, ის მოთხოვნის მიხედვით ინახება, რადგან მუდმივად რხევით მდგომარეობაში უნდა იყოს. ამგვარად შენახული სისხლი იმ ადამიანებს ესაჭირებათ, ვისაც სისხლდენა აქვთ.

ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში არსებულ სისხლის ბანკში განმარტავენ, რომ თვეში დაახლოებით 500-600 ადამიანი იღებს სისხლს. აქედან, საშუალოდ 5% უვარგისია, რადგან შესაძლებელია ინფიცირებული იყოს.

"ასეთ დროს ვურეკავთ დონორს და ვატყობინებთ, რომ ჩვენთან უნდა მოვიდეს, რადგან ამ ინფორმაციის შეტყობინება სატელეფონო საუბრისას დაუშვებელია", - ამბობს ხათუნა ბიბიჩაძე.

მისი თქმით, სისხლის უსასყიდლოდ გაღება ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი ადამიანის გაღებული სისხლი 7 გადარჩენილი სიცოცხლეა.

14 ივნისი სისხლის დონორთა საერთშორისო დღეა, რომელიც 2005 წელს ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 58–ე სესიაზე დააწესეს.



Print