საზოგადოება
ნეგატიური სტერეოტიპი უნდა დაიმსხვრეს - ვაინახური ფესტივალი ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრში ვაინახური კულტურის ფესტივალის ფარგლებში ანსამბლ "პანკისის" კონცერტი გაიმართა.

ანსამბლმა საქართველოს რამდენიმე ქალაქში წარმოადგინა თავისი პროგრამა -  ქართული, ჩეჩნური,თუშური, ქისტური სიმღერები და ცეკვები. 

ვაინახური მდიდარი კულტურის რამდენიმე ნიმუში აჟღერდა ქუთაისის ოპერის სცენიდან.

ქუთაისელ მსმენელს საშუალება მიეცა მოესმინა და ეხილა ის კულტურული მრავალფეროვნება, რაც ამ ხეობაში მცხოვრებ ეთნიკურ ქისტებში არსებობს.



"პანკისის მიმართ ბოლო პერიოდში ნეგატიური დამოკიდებულება გაჩნდა. პანკისის ხსენებაზე ასიოციაცია "ისლამისტურ სახელმწიფოსთან" უჩნდებათ. ჩვენ ამ ფესტივალით გვინდა დავანგრიოთ ეს ნეგატიური სტერეოტიპი და გაგაცნოთ პანკისში მცხოვრები ეთნიკური ქისტები სხვა კუთხით, იმიტომ რომ ამ ხალხს ახასიათებს ძალიან ბევრი პოზიტიური,დადებითი და აღმაფრთოვანებელი.მათ შორის ვაინახური კულტურა. ისინი ამ დიდი კულტურის ნაწილი არიან", - აღნიშნა ფესტივალის ერთ- ერთმა ორგანიზატორმა, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა.

ჟურნალისტის ინფორმაციით ბოლო პერიოდში ვაინახური კულტურის შენახვა გავრცელებას საფრთხე შეექმნა. ხეობაში მომძლავრდა ე.წ. ფუნდამეტური ისლამის მიმდინარეობა "ვაჰაბიზმი", რომელიც კრძალავს ცეკვას, სიმღერას და სხვა კულტურულ აქტივობას. ბევრი ახალგაზრდა ამ რელიგიური კონფესიის მიმდევარი გახდა. "ამიტომ ვისაც უნდა წარმოეჩინა ეს კულტურა, ანუ ახალგაზრდებს, ისინი ამას არ აკეთებენ რელიგიური მოსაზრების გამო. სულ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები დარჩნენ, რომლებიც ამ კულტურას ინახავენ და აჩვენებენ. ამიტომ ეს ფესტივალი დიდი სტიმულია მათთვის", - აღნიშნა გელა მთივლიშვილმა.

ვაინახური კულტურის ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

ვაინახური კულტურა აერთაინებს ჩეჩნურ და ინგუშურ კულტურას. იგი  ერთ- ერთი უძველესია მსოფლიოში.

Print