საზოგადოება
შესაძლებელია ე.წ. "შარდის ტესტი" გაუქმდეს
FaceBook
"აქცენტი უნდა გაკეთდეს მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე"

რამდენად ადეკვატურია ნარკოპოლიტიკა, რეპრესიულია თუ უფრო მეტად ლიბერალური, პროპორციულია თუ არა ის სასჯელები, რომელიც არებობს - ეს საკითხები გახდა განხილვის თემა შეხვედრაზე, რომელიც სახალხო დამცველის ქუთაისის წარმომადგენლობაში გაიმართა.

დისკუსიაში მონაწილეობა ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა, ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმ მიიღეს.

რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს - აღნიშნული მოსაზრება დომინირებდა მომხსენებელთა უმეტესობის გამოსვლებში.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა აჩვენა სტატისტიკა, რომელმაც ციფრებში ასახა ქვეყანაში დღეს არსებული ნარკოპოლიტიკის არაეფექტური შედეგები.

საზოგადოების მხრიდან შეკითხვების მთავარი ადრესატი დისკუსიის მონაწილე, შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ოქროპირიძე გახდა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკა სხვა ცივილიზებული ქვეყნების მსგავსია.

"ჩვენს ქვეყანაში ისეთი არაფერი ხდება, რაც არ ხდება სხვა ქვეყნებში. სხვაგანაც არის ასეთი მიდგომები", - თქვა ზვიად ოქროპირიძემ.

ოქროპირიძემ ისიც მიუთითა, რომ შესაძლებელია შეიცვალოს მეთოდები და გაუქმდეს ე.წ. "შარდის ტესტი".

ეს ინიციატივა პრინციპულ ცვლილებად არ ჩათვალა დისკუსიის მონაწილეების ნაწილმა.

"ფასადური ცვლილებაა, თუ არ შეიცვალა მთლიანად ნარკოპოლიტიკა. შარდიდან აიღებთ ტესტს თუ ნერწყვიდან მნიშვნელობა არა აქვს. უნდა გაუქმდეს არაადეკვატურად მაღალი სასჯელები და რეპრესიული მიდგომები. აქცენტი გაკეთდეს მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე", - აღინიშნა დისკუსიაზე.

მნიშვნელოვან ფაქტად შეფასდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ნარკოტიკული საშუალება - "მარიხუანას" პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურად სცნო.

"ამ ფაქტმა შეცვალა პრობლემის აღქმა და მიდგომა," – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ არსებობს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც მომზადებულია სახალხო დამცველის მიერ და იგი უახლოეს მომავალში განიხილება.

რეგიონში პირველი დისკუსია სახალხო დამცველის საჯარო დებატების ფარგლებში მოეწყო. აქამდე დისკუსიები თბილისში იმართებოდა.

Print