საზოგადოება
მეგობრობა ფურცლებზე – 26 წლის მანძილზე ქუთაისი 12 ქალაქს დაუმეგობრდა
FaceBook
ქუთაისი 12 ქალაქთან არის დამეგობრებული. ყველაზე მეტი "მეგობარი" ქალაქი ქუთაისს უკრაინაში ჰყავს.

დონეცკი, ლვლოვი, ხარკოვი, ზაპარჟიე, ჟიტომირი, დნეპროპეტროვსკი – ეს უკრაინის იმ ქალაქების ჩამონათვალია, რომელთანაც ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას დაძმობილების ხელშეკრულება აერთიანებს. გარდა ამისა, ქუთაისს მეგობრობა აკავშირებს ნიუ პორტთან, განჯასთან, აშკელონთან, კოლუმბიასთან, პოზნანსა და სომბათეისთან.
ამ უკანასკნელს ქუთაისის მერია მიმდინარე წლის 2 თებერვალს დაუმეგობრდა.
სხვა ქალაქებთან დაძმობილების ტრადიციას საფუძველი ჯერ კიდევ 26 წლის წინ ჩაეყარა. პირველი ქალაქი, რომელსაც ქუთაისი დაუმეგობრდა, 1989 წელს, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ქალაქი ნიუ პორტი გახლდათ.
ქალაქებს შორის დაძმობილებას მაშინდელმა ქუთაისის მერმა თეიმურაზ შაშიაშვილმა და ნიუ პორტის მერმა როზმარი ბატლერიმ მოაწერეს ხელი. მხარეებს შორის შეთანხმებისა და ურთიერთთანამშრომლობის სფეროს კულტურული, სავაჭრო, ეკონომიკური, მეცნიერული და ტექნიკური ურთიერთობა წარმოადგენდა.
ქუთაისის მერიის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილებაში განმარტავენ, რომ "დასაძმობილებელი" ქალაქების შერჩევა სხვადასხვა მიმართულების გათვალისწინებით ხდება. განყოფილების უფროსი, დავით მეგრელიშვილი ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ქალაქების დაძმობილებას პოლიტიკური დატვირთვა აქვს. თუმცა, აღნიშნავს, რომ ხშირად მეგობრობის მემორანდუმი მხოლოდ ფურცელზე რჩება.
"არის შემთხვევები, როცა დამეგობრობა მხოლოდ ფურცელზე ხდება. რადგან ქვეყნებს შორის მიმოსვლა წყდება, ასეთი არის კოლუმბია. ყველაზე კარგად თანამშრომლობა პოზნანსა და ბრიტანეთში გამოგვდის", – განმარტავს დავით მეგრელიშვილი.
მერიის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილებაში განმარტავენ, რომ ფურცელზე დარჩენილი მეგობრობის აღასადგენად ქუთაისის მერია ორმაისობას აშშ-ის დაძმობილებული ქალაქის წარმომადგენლების მოწვევას გეგმავს.
ქალაქების დაემეგობრების უპირატესობასა და მნიშვნელობაზე მერიაში განმარტავენ შემდეგს: "ეს ყველაფერი არის სიმბოლური. თუმცა, დაძმობილებულ ქალაქებში უფრო ადვილად ვთანამშრომლობთ, ვიდრე სხვა ქალაქებთან. ამის გარდა, ჩვენს სტუდენტებს უფასოდ შეუძლიათ იმ ქალაქებში სწავლება, რომელიც დამეგობრებული გვყავს", – ირწმუნებიან ადგილობრივ თვითმმართველობაში.
ქუთაისის მერიის შენობის წინ სპეციალური დაფაა, სადაც დაძმობილებული ქალაქების ჩამონათვალია.
თეკლე მორგოშია
Print