საზოგადოება
"ტორპედოს" ბიუჯეტის დაფინანსებაზე და გასაიდუმლოებული ინვესტორები
FaceBook
"დაინტერესებული მხარეები მოდიან და ვეუბნებით ჩვენ პირობებს"



ქუთაისის "ტორპედოს" მესამე წელია ქალაქის მერია აფინანსებს. 

ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს "ტორპედოს" შენახვის ხარჯები 547 000 ლარს არ აჭარბებს. თავად კლუბის პრეზიდენტი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, რომ 2016 წელს გუნდის დაფინანსება 1 500 000 ლარია.

ეს სწორედ ის თანხაა, რომლის ხარჯვასაც ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს და აცხადებს, რომ საფეხბურთო კლუბზე ადგილობრივი ბიუჯეტის თანხის დახარჯვა გაუმართლებელია. შესაბამისად, ქალაქმა ინვესტორის ძებნა უნდა დაიწყოს.

ადგილობრივ ხელისუფლებას, ბიუჯეტის სახსრების დაზოგვასა და "ტორპედოს" გასხვისებას, ჯერ კიდევ საბიუჯეტო წლის დასაწყისში ურჩევდნენ ეკონომისტები.

"საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" წარმომადგენლები, 2016 წლის ბიუჯეტის რეკომენდაციებში მიუთითებდნენ, რომ საფეხბურთო კლუბის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება, მიზანშეწონილი არ იყო.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ამირან ძოწენიძე კი მიიჩნევს, რომ ქალაქის ბიუჯეტის ბალანსზე ყოფნა კლუბის ადმინისტრაციას მომგებიან პოზიციაში აყენებს, რაც სახელფასო ფონდის გაზრდით გამოიხატება.

"მე ის ფაქტი მეჩვენება საეჭვოდ, რომ ხელფასების რაოდენობა გაორმაგდა. ამის ფონზე კი მოუწესრიგებელია მოედნის საფარი და სხვა ინფრასტრუქტურა. გამოდის, რომ მერიის დაფინანსების პირობებში არასწორად ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა",- ამბობს ამირან ძოწენიძე.

"ტორპედოს" პრეზიდენტის განცხადებით, კლუბის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 1 100 000 ლარი ადმინისტრაციული ხარჯებია, ხოლო ინფრაქტრუქტურის მოწესრგიებას მხოლოდ 400 000 ლარი ხმარდება. თემურ ჩეჩელაშვილის თქმით, სახელფასო ფონდი არ გაზრდილა და ამ დაფინანსების პირობებში კლუბისთვის მაქსიმალური კეთდება.

რაც შეეხება ინვესტორს, ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ "ტორპედო", ისევე როგორც ქართული ფეხბურთი, წამგებიანი სფეროა და მასში ფულს არავინ ჩადებს.

"საქართველოში არ არსებობს ადამიანი, ვინც ქართულ ფეხბურთში ფულს ჩადებს და მითუმეტეს, "ტორპედოში". ეს არის წამგებიანი სფერო და არავინ არ აიღებს მასზე პასუხისმგებლობას. ჩვენ ახლაც ვეძებთ ინვესტორს", -ამბობს თემურ ჩეჩელაშილი.

ინვესტორს ეძებს ქუთაისის მერიაც, თუმცა, არა საჯაროდ. ქალაქის მერი შოთა მურღულია ამბობს, რომ საფეხბურთო კლუბის შეძენის მიზნით,  მოლაპარაკებები პერიოდულად მიმდინარეობს, თუმცა, ვინ გამოთქვამს კლუბის დაფინანსების სურვილს, მურღულია არ ასახელებს.

"დაინტერესებული მხარეები მოდიან და ვეუბნებით ჩვენ პირობებს. იყო რამდენიმე შეხვედრა, მაგრამ მათ თავად არ სურთ ამ ინფორმაციის გაჟღერება. შესაბმისად, "ტორპედო" მანამდე იქნება ბიუჯეტის დაფინანსებაზე, ვიდრე რეალური ინვესტორი არ გამოჩნდება",- ამბობს შოთა მურღულია.

იმ შემთხვევაში, თუ "ტორპედოს" შეძენის რეალური მსურველი გამოჩნდება, ქალაქის მერია აპირებს ინვესტორს კლუბი მართვის უფლებით თითქმის სრულად გადასცეს, რაშიც არ მოიაზრება კლუბის ქონების განკარგვის უფლება.

"ტორპედოს" ბოლო ინვესტორი "ვისოლი" გახლდათ.  2010 წელს "ვისოლ ჯორჯიამ" საფეხბურთო კლუბი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად შეიძეინა. 

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე საფეხბურთო კლუბი 2013 წელს, მას შემდეგ გადავიდა, რაც კომპანია "ვისოლმა" "ტორპედოზე" უარი თქვა და მერიასთან დადებული ხელშეკრულება გაწყვიტა.
ქალაქის ხელისუფლება მაშინ ამბობდა, რომ თუ "ტორპედოს" არ დაეხმარებოდნენ, გუნდი დაიშლებოდა.

"ვოსლსა" და "ტორპედო ქუთაისს" შორის ხელშეკრულების გაწყვეტის მომენტიდანვე, ადგილობრივმა თვითმმართველობამ კლუბს, სეზონის დასასრულებლად 100 000 ლარი მისცა.

დაფინანსება მკვეთრად გაიზარდა 2015 წელს. იმ დროისთვის ქალაქის ბიუჯეტს ფეხბურთელებისა და ადმინისტრაციის შენახვა 13-ჯერ უფრო მეტი - 1 373 000 ლარი დაუჯდა.



Print