საზოგადოება
„ვეფხისტყაოსანი“, მიხაი ზიჩი და ქუთაისი
FaceBook
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მიხაი ზიჩის  34 ილუსტრაცია, რომელიც გამოფენის ორგანიზატორებს უნგრეთის საელჩომ მიაწოდა.




"ვეფხისტყაოსანი ქუთაისში" ამ სახელწოდების გახლდათ გამოფენა, რომელიც ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატში გაიმართა. ღონისძიება მიხაი ზიჩის მიერ ქუთაისში დადგმული "ვეფხისტყაოსნის" ცოცხალი სურათების მიხედვით მოეწყო.

წარმოდგენილი იყო მხატვრის 34 ილუსტრაცია, რომელიც გამოფენის ორგანიზატორებს უნგრეთის საელჩომ მიაწოდა.

როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, მიხაი ზიჩი "ვეფხისტყაოსანს" პირველად ე.წ. ცოცხალი სურათების საშუალებით თბილისში გაეცნო, თუმცა ილუსტრაციების შექმნის სურვილი სწორედ ქუთაისში დაებადა, სადაც ასევე არსებობდა „ცოცხალი სურათების“  წარმოდგენის ტრადიცია.

1882 წელს რიონის პირას, საკრებულოს ეზოში აიგო სპეციალური ოთახი, სადაც ხდებოდა სურათების გაცოცხლება "ვეფხისტყაოსნის" სტროფების მიხედვით.

"ამაში ჩართული იყვო ქუთაისის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები მათ შორის მშვენიერი ქალები, რომლებიც მოგვიანებით ზიჩის "ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების პროტოტიპები გახდნენ", - აღნიშნა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურს მთავარმა სპეციალისტმა თამთა თურმანიძემ.

გამოფენაზე დამთვალიერებელს დახვდა  ე.წ. მზითვის სკივრი, „ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა გამოცემებით. ასევე წარმოდგენილი იყო აფიშები, რომლებიც ფოტოგრაფების ალექსანდრე და დავით დიღმელოვების ცოცხალი სურათების ჩვენებას აანონსებდა. დიღმელოვები  ლატერნა მაგიკის მეშვეობით „ვეფხისტყაოსნის“ ცოცხალ სურათებს წარმოადგენდნენ.

გამოფენა "გვირილობის" დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო და მას ორგანიზება ქუთაისის მერიამ და უნგრეთის საელჩომ გაუკეთა.

ქუთაისში "გვირილობა" დღეიდან აღნიშნება, როგორც ქალაქში მე-20 საუკუნის დასაწყისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული. ღონისძიებები 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ქუთაისის მერიამ "ორმაისობის" სახელით დაწესებული დღესასწაული წელს "გვირილობით" ჩაანაცვლა და მისი აღნიშვნა 3 მაისს დაიწყო. ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ "ქუთაისქალაქობა" 2016 წლის სამ მაისს იმ მიზეზით გადმოიტანეს, რომ ეს დღე ბრწყინვალე კვირეულის დასაწყისს, ორშაბათს დაემთხვა. ამიტომ, 2 მაისი მიცვალებულთა საფლავების პატივგებას დაეთმო.

თუმცა, "ქუთაისქალაქობის" დღესასწაულის აღსანიშნავად 2 მაისობასთან გაიგივებულ "გვირილობას" სხვა ტრადიცია აქვს და მისი დაარსების იდეა ქუთაისს არ უკავშირდება.

ტრადიციულად, ამ დღეს უწოდებდნენ "თეთრი გვირილის", თეთრი ყვავილის, ტუბერკულოზის დღეს.

"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს. ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.

აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებსაც.

Print