საზოგადოება
წიგნები, რომლებიც საქართველოს სკოლებში უნდა ისწავლებოდეს
FaceBook
ისურვებდნენ მეტ თანამედროვე ავტორს სასკოლო წიგნებში, რითაც მოხდებოდა დროსთან ბმა და აწმყოს გამოწვევების გააზრება.





"გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", "მთვარის მოტაცება", "პატარა უფლისწული", "რეალური არსებები", "1984", "სიკვდილი ვენეციაში", "ყვავილები ელჯერნონისთვის ", ნუ მოკლავ ჯაფარას" და ა.შ. - ეს ის ნაწარმოებებია, რომელთა სასწავლო პროგრამაში შეყვანასაც ისურვებდა ქუთაისელ მკითხველთა ნაწილი.

მკითხველთა აზრით, სასკოლო სახელმძღვანელოებს არ აკლია მნიშვნელოვან ქართველ ავტორთა ტექსტები, სამაგიეროდ ის რაც აკლია, ეს თანამედროვე ავტორებია - ჩვენი დროის მწერლობა. შესაბამისად, ისურვებდნენ მეტ თანამედროვე ავტორს სასკოლო წიგნებში, რითაც მოხდებოდა დროსთან ბმა და აწმყოს გამოწვევების გააზრება.

ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი თანამედროვე ავტორების კონკრეტულ ტექსტებზეც მიუთითებს.

"ქართული ლიტერატურის პროგრამაში რამდენიმე თანამედროვე მწერალია შესაყვანი. როგორც ქართველები, ასევე უცხოელები, რადგან მოსწავლეებმა პირველ რიგში თანამედროვე მწერლობა იცოდნენ. რაზე წერენ ისინი, რა მნიშვნელოვანი თემები და საკითხებია წამოჭრილი მათ ნაწარმოებებში. და მეორეც, უფრო დაუახლოვდნენ თანამედროვე სამწერლობო ენის სემიოტიკას... მაგალითისთვის, ვისურვებდი, რომ სასწავლო პროგრამაში შეიტანონ დათო ტურაშვილის თუნდაც ერთი ნაწარმოები. ასევე თეონა დოლენჯაშვილის რომანი "რეალური არსებები" ან "მემფისი, ან თუნდაც "ფიდაი", - ამბობს ქეთი ბერძენიშვილი.

თანამედროვეობასთან კავშირს მნიშვნელოვან მომენტად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძეც. თუმცა, ვინაიდან სასწავლო პროგრამაში თანამედროვე ავტორების ტექსტების შეტანა მარტივ პროცესს არ წარმოადგენს, მწერალი სხვა ფორმას გვთავაზობს.

"რთულია ჯერჯერობით ჩამოყალიბდე იმასთან დაკავშირებით, რომელი ავტორი შეიტანო სასკოლო სახელმძღვანელოში და რომელი არა, იმის გამო რომ ყველაფერს მაინც დაკვირვება ჭირდება. მაგრამ, მათ კლასგარეშე საკითხავად მიცემას წესით არაფერი უნდა დაუდგეს წინ", - აღნიშნავს გიორგი კეკელიძე.

განათლების მიღებას არაფერი უნდა დაუდგეს წინ, თუკი არსებობს სწავლის მოტივაცია - მიაჩნია პედაგოგ მზია გაბუნიას. "სკოლის სახელმძღვანლოებში ყველა დიდი მწერლის ნაწარმოებია შესული. მოსწავლეს მარტო ვაჟა ფშაველადან შეუძლია უამრავი რამის მიღება. ამიტომ, მთავარი სწავლის სურვილია და არა მწერლების ცვლა", - აღნიშნავს მზია გაბუნია.

სასკოლო წიგნებში შეყვანილი ავტორების ცვლაში განათლების მოქმედი სისტემის სასიკეთო ცვლილებას ვერ ხედავს ქუთაისელი ნინი გეგუჩაძეც. მისი აზრით, თუკი მწერალს სურს მისი ტექსტი გაიგონ და თავადაც მკითხველისთვის სასურველ ავტორად დაჩეს, საამისოდ მისი ნაწარმოები სასკოლო პროგრამებში არ უნდა მოხვდეს.

"სკოლა საზეპიროებით და ნიშნების სისტემით მტრულად განაწყობს ბავშვებს მწერლების მიმართ. ამიტომ მწერალი რომ ვიყო საერთოდ არ ვისურვებდი ჩემი ტექსტის სკოლაში სწავლებას. ეს გულისხმობს, რომ ბავშვობიდან შეძულდებათ ჩემი წიგნები ", - ამბობს ნინი გეგუჩაძე.

სამაგიეროდ, ქუთაისელთა ნაწილს მიაჩია, რომ ადამიანმა ბავშვობიდან რაც უნდა ისწავლოს,  ეს აზროვნებაა. "აზროვნების საუკეთესო სკოლა მართლაც მისი ისტორიის შესწავლაა. ცხადია, არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ის, ვინც აზროვნების ისტორიას შეისწავლის, თავადაც მოახერხებს ორიგინალურ და თვითმყოფად აზროვნებას. მაგრამ არსებობს სხვა გარანტია − ვისაც არ ეცოდინება აზროვნების ისტორია, მისი ნებისმიერი მცდელობა ამ მიმართულებით მარცხისათვის იქნება განწირული. არადა, აზროვნება და თავისუფლება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან", - ამბობს ისტორიკოსი და რელიგიის ფილოსოფოსი აკაკი კობახიძე.

Print