საზოგადოება
კომუნალური გადასახადები მიცვალებულის სახელით
FaceBook
ქუთაისში მოქალაქეები გარდაცვლილი ოჯახის წევრების ან საცხოვრებელი სახლის ყოფილი მფლობელების სახელზე მიღებული კომუნალური გადახდის ქვითრებს აპროტესტებენ. მოქალაქეები პრობლემას, შესაბამის უწყებებზე არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, წლების განმავლობაში ვერ აგვარებენ. კომპანიებში კი პასუხისმგებლობას თავად მოქალაქეებს აკისრებენ.
"გადახდის ქვითრები დღემდე 8 წლის წინ გადაცვლილი მამის სახელზე მოდის. არაერთხელ მივმართეთ შესაბამის სამსახურებს, თუმცა გასწორება მაინც არ მოხდა. არ მსიამოვნებს, მაგრამ დავიღალე უკვე და ამიტომ შევეშვი," - ამბობს ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები, მარიამ ქურციკიძე.
ყოფილი მესაკუთრის სახელზე მიღებული კომუნალური გადახდის ქვითრები პრობლემას უქმნის ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრებ დავით იობიძეს, რომელმაც ბინა 3 წლის წინ შეიძინა. მისი თქმით, აღნიშნულ ბინაზე გადახდის ქვითრები დღემდე ძველი მფლობელის სახელზეა გამოწერილი. ახლანდელი მფლობელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბინას საცხოვრებლად არ იყენებს და წყლისა და გაზის მრიცხველები დალუქულია, გადასახადებს ყოველთვიურად იღებენ.
"ბინა ორჯერაა გასხვისებული და დღემდე გადასახადები პირველი მესაკუთრის სახელზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ბინაში მრიცხველებს ლუქი ადევს, ქვითრები მაინც მოგვდის. მაგალითად, ამ თვეში წყალზე 47 ლარიანი გადახდის ქვითარი მოგვივიდა," - აცხადებს დავით იობიძე.
მოქალაქეების პრობლემის თაობაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი აბონენტებმა თავად უნდა მოაგვარონ. თუმცა, სერვის ცენტრში იმასაც განმარტავენ, რომ აბონენტების გადამხდელთა სიიდან ამოყვანა მაშინაც ხდება, თუკი მოხმარება ნულის ტოლი დაფიქსირსება.
"ამისათვის საჭიროა თავად გამოცხადდეს სერვისცენტრში, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საჯარო რეესტრის ამონაწერი წარმოადგინოს. ცვლილება 10 სამუშაო დღეში განხორციელდება," - აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრში.
ანალოგიური წესით ხდება ზემოთ აღნიშნული საკითხის მოგვარება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებისათვის. უწყების დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ფილიალში აცხადებენ, რომ აღნიშნული ნორმები სემეკის 2008 წლის #20 დადგენილებითაა განსაზღვრული.
"საცხოვრებელი ბინის, საწარმოს, ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე ვალდებულია საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს განაცხადი განაწილების ლიცენზიანტთან"- აღნიშნულია დადგენილებაში.
კომპანიაში განმარტავენ, რომ მხოლოდ საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ცვლილება საკმარისი არ არის, რადგან ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უწყებებს შორის ავტომატურად არ ხდება.
"ყველა აბონენტი თავად წარმოადგენს ამ დოკუმენტს განცხადებასთან ერთად და შესაბამისად, ხდება ჩვენს ბაზებში ცვლილების დაფიქსირება," - განმარტავენ კომპანიაში.
არასამთავრობო ორგანიზაციაში "იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაცია" ადასტურებენ, რომ აღნიშნული პრობლემა მოსახლეობაში არის, რასაც მათ ნაკლებინფორმირებულობას მიაწერენ.
"მოსახლეობამ თავად უნდა გამოასწოროს ეს პრობლემა, თუკი მათ ამით დისკომფორტი ექმნებათ. მოსახლეობის ცნობიერება უნდა გაიზარდოს იმ კუთხით, რომ ყველა პრობლემას მათ ნაცვლად სხვა ვერ მოაგვარებს," - აღნიშნავს სოციაცია "ასას" ხელმძღვანელი, ზაზა ხელაძე.
დეა მანაგაძე

Print