საზოგადოება
სახელმწიფო არ მუშაობს ზიანის შემცირების პრევენციაზე - პრეზენტაცია ქუთაისში
FaceBook
"ზიანის შემცირება მუშაობს - დააფინანსეთ" - აღნიშნული მოწოდება პროექტის სახელწოდებას წარმოადგენს. რომლის პრეზენაციაც ქუთაისში ორგანიზაცია "რუბიკონის" ორგანიზებით გაიმართა.
პროექტის მიზანი ზიანის შემცირების პროგრამების პოპულარიზაციაა, ასევე დაფინანსების უწყვეტობა, რომელიც შეხვედრის ორგანიზატორთა აზრით სწორედ სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აქამდე დაფინანსების უდიდეს ნაწილს "გლობალფონდი" იღებდა საკუთარ თავზე, ხოლო სახელმწიფოს წილი მიზერული იყო. 2018 წლიდან "გლობალ ფონდი" აღარ დააფინანსებს ამ პროექტებს და მნიშვნელოვანი ხდება სახელმწიფოს წილის გაზრდა და გააქტიურება.
პრეზენტაციაზე განიმარტა, რომ ზიანის შემცირების პროგრამა მოიცავს შპრიცების გაცვლის პროგრამას, მეტადონის ჩანაცვლებას, კონსულტირება- ტესტირებას, ზედოზირების პრევენციის პროგრამებს. ყველა ამ პროგრამას "გლობალფონდი" აფინანსებდა, ხოლო სახელმწიფო მეტადონის ჩანაცვლებით პროგრამაში თანადამფინანსებლის როლით კმაყოფილდებოდა მხოლოდ.
"მნიშვნელოვანია, რომ გარდამავალ პერიოდში სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე პროგრამების დაფინანსება. ამჟამად სახელმწიფოს ძალისხმევა ძირითადად მკურნალობაზეა და არა პრევენციულ ღონისძიებებზე, მაგრამ ორივე ერთ რგოლს წარმოადგენს, რადგან რა აზრი აქვს მკურნალობას, თუკი ინფიცირების ათ ახალ შემთხვევას აქვს ადგილი. ასე საზოგადოება ვერ გაჯანსაღდება, არ მოხდება ახალი შემთხვევების ზრდის შეჩერება", - აღნიშნა ორგანიზაცია "რუბიკონის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზაზა ქარჩხაძემ.
"რუბიკონმა" პროექტში მონაწილე სხვა ორგანიზაციებთან ერთად კვლევის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები წარუდგინა მოწვეული გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, კერძოდ ქალაქის მერს შოთა მურღულიას. ორგანზაციების წარმომადგენლებმა გამოთქვეს იმედი, რომ სახელმწიფო დააფინანსებს ზიანის შემცირებას საქართველოში.
ეკა კუხალაშვილი

Print