საზოგადოება
ქუთაისის ციხიდან, სამინისტროს მითითებით, მერიამ ნარჩენების გატანის პერიოდულობა 3-ჯერ გაზარდა
FaceBook
ქუთაისის მერია, ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებას თვეში ოთხის ნაცვლად, 12 ჯერ დაასუფთავებს.

ამის შესახებ დავალება ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაბამისი სამინისტროდან მიიღო.

"ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით, ქუთაისის საკრებულომ უნდა მოაწესრიგოს ციხის მიმდებარე ტერიტორია, რათა იქ არ იყოს ანტისანიტარია. სწორედ ამიტომ, გახდა საჭირო თვეში არანაკლებ თორმეტჯერ მოხდეს ციხის ტერიტორიის დასუფთავება," - განმარტავენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

პენიტენციური სისტემიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების მომსახურების რაოდენობის ცვლილების გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულომ მიმდინარე წლის 27 მარტს მიიღო. ადგილობრივმა აღმასრულებელმა ორგანომ, დასუფთავების წესში ცვლილება სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსგან წერილობითი შეტყობინების შემდეგ განახორციელა.

იმ ფაქტს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თვეში ოთხჯერ ნარჩენების გატანა საკმარისი არაა, ქუთაისი მერიის დასუფთავების სამსახურშიც ადასტურებენ.

"დაახლოებით 2000 ადამიანი არის პენიტენციურ და ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული. არ იყო საკმარისი თვეში ოთხჯერ მოსახურება,"- განაცხადა ქუთაისის მერიის დასუფთავების განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ ტყაბლაძემ.

მისივე თქმით, მომსახურების რაოდენობის ზრდაზე ააიპ "სპეციალური სერვისებისთვის" თანხის მომატება არ იგეგმება და სასჯელაღსრულების დაწესებულების 12-ჯერ დასუფთავება ბიუჯეტში აქამდე გათვალისწინებული თანხებით მოხდება.

ხარჯების უმნივშნელოდ ზრდაზე მიუთითებენ ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ააიპ "სპეციალურ სერვისებში".

"ეს არ არის ისეთი ცვლილება, რომელიც დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. წლიურ ბიუჯეტში საკმარისი თანხაა იმისთვის, რომ თვეში საყოფაცხოვრებო ნარჩენები ოთხის ნაცვლად 12-ჯერ გავიტანოთ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და ასევე, ძალოვანი სტრუქტურებიდან,"- განაცხადა ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელმა, გელა გაგუამ.

ააიპ "სპეციალური სერვისების" ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან  დასუფთავების მანქანის მიერ ერთ ჯერზე ნარჩენების გატანისთვის ხარჯი 155 ლარს შეადგენს. შესაბამისად, თვეში ოთხჯერ იგივე მომსახურებაზე 620 ლარი იხარჯება "სპეციალური სერვისების ბიუჯეტიდან". ქუთაისის საკრებულოს 27 მარტის ცვლილების შემდეგ, კი იმისთვის, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სასჯელაღსრულების დაწესებულება ყოველთვიურად 12-ჯერ გასუფთავდეს, ხარჯი 1860  ლარამდე იზრდება. 

მიმდინარე წელს ააიპ "სპეციალურისერვისების"ბიუჯეტი 4,5 მილიონი ლარია. სამსახურის ინფორმაციით, ამ თანხიდან 2 800 000 ლარი დასუფთავებაზე იხარჯება.

Print