საზოგადოება
გართობა თუ მეცნიერება - სტუდენტების მოთხოვნები და პრიორიტეტები წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებსა და საქმიანობაში 2015 წელს 146947,41 ლარი დაიხარჯა.

ეს თანხა ხუთი მიმართულებით ჩატარებულ აქტივობებს მოხმარდა: კულტურასა და ხელოვნებას, რომლის ფონდმა 38 402,95 ლარი შეადგინა, მეცნიერებასა და განათლებას, რისთვისაც 41054,38 ლარი დაიხარჯა, სოციალურ საკითხებზე - 34276,04 ლარი, "სტუდენტური დღეები - 2015"-სთვის - 8749 ლარი, საექსკურსიო ბიუროს ხარჯმა 14 623 ლარი შეადგინა, ხოლო სპორტულ ღონისძიებებში - 9842 ლარი დაიხარჯა.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ოკრიბელაშვილი აზუსტებს, რომ "ჩვენი ხარჯი პროექტების შესაბამისად დგება. სავარაუდოდ გაწერილი პროექტების მიხედვით წლის ბოლოს დგება ბიუჯეტი. ამიტომ ვიცით მომავალ წელს რა შეიძლება დაიხარჯოს, უკვე მოფიქრებული და დაგეგმილი პროექტების მიხედვით. თუმცა ეს არ ქმნის რაიმე ჩარჩოს, შეიძლება განვითარება და შეცვლა", - აღნიშნავს გიორგი ოკრიბელაშვილი.

განვითარებასა და შეცვლაზე ლაპარაკობს სტუდენტთა ნაწილი, თანაც არა მარტო ბიუჯეტის კუთხით. ისინი თვითმმართველობის რეფორმების საჭიროებაზე საუბრობენ. თუმცა თავად თვითმმართველობის გაუქმების საკითხს არ აყენებენ.

"თვითმმართველობა სტუდენტებს წარმოადგენს და ის უნდა არსებობდეს", - მიაჩნია სტუდენტების ერთ ჯგუფს.

სამაგიეროდ სტუდენტები თვლიან, რომ აუცილებელია პრიორიტეტების გადახედვა, ასევე არ უნდა არსებობდეს აქტივობებისა და პროექტების დაფინანსების ის პრინციპი, რაც სადღეისოდ მოქმედებს.

"სტუდენტი ვარ, უნივერსიტეტში განათლების მიღება მინდა და არა მაგალითად, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა. სპორტი რომ მინდოდეს, რომელიმე სპორტულ სასწავლებელში ჩავაბარებდი. ამიტომ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობების რაოდენობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს", - ამბობს სტუდენტი გიორგი ბურჯალიანი.

თუმცა თვითმმართველობის პრეზიდენტი არ თვლის, რომ სპორტულ ღონისძიებებზე ბევრი იხარჯება.

"სპორტულ ღონისძიებებზე მინიმალური თანხები დაიხარჯა. ისიც ძირითადად ინვენტარში. აქ ხარჯის მეტად შემცირება აღარ შეიძლება", - აღნიშნავს გიორგი ოკრიბელაშვილი.

რაც შეეხება მეცნიერებისა და განათლების სფეროში პროექტების გაზრდას, აღნიშნული საკითხი, როგორც თავად თვითმმართველობის პრეზიდენტი აღნიშნავს მის ინტერესშიცაა, თუმცა სტუდენტების მხრიდან განსაკუთრებული აქტივობა ამ მიმართულებით ნაკლებად ჩანს. ოკრიბელაშვილი კონკრეტულ შემთხვევაზე მიუთითებს.

"უნივერსიტეტში შეიქმნა დებატკლუბი, სადაც დარეგისტრირებული იყო 150- მდე სტუდენტი. ჩაინიშნა საპარლამენტო დებატების ტრენინგი. დეპარტამენტისა და კლუბის ხელმძღვანელი ორი დღის განმავლობაში ურეკავდა 150 სტუდენტს, რომ მონაწილეობა მიეღოთ ტრენინგში, საბოლოოდ შეიქმნა ორი ჯგუფი - 20 და 25 კაციანი. თუმცა, ტრენინგის პირველ დღეს 7 და მეორე დღეს - 4 სტუდენტი გამოცხადდა. აქედან გამომდინარე, ვსვამ კითხვას, ჩვენგან რა უნდა გაკეთებულიყო ისეთი, რომ ეს შედეგი თავიდან აგვეცილებინა?!" - ამბობს ოკრიბელაშვილი.

უკეთესი შედეგის მისაღწევად, სტუდენტთა ნაწილს რიგი საკითხების გადაწყვეტაში სწორ პოზიციად ადმინისტრაციის ჩარევა მიაჩნია. "თანხის განკარგვის და პროექტების დაფინანსების საკითხი, ვფიქრობ, რომ მხოლოდ სტუდენტებმა არ უნდა განსაზღვრონ. აუცილებელია ჩართული იყოს თუნდაც ადმინისტრაციის წარმომადგენელი. იყოს კლუბები და ამ კლუბების დაფინანსება მოხდეს მიზნობრივად. კლუბის ფუნქციების მიხედვით",- აღნიშნავენ სტუდენტები.

თუმცა, უმაღლესი განათლების შესახებ კანონი კრძალავს ადმინისტრაციის ჩარევას სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობაში. სამაგიეროდ, შესაძლებლობას აძლევს თავად განსაზღვრონ პრიორიტეტები.

2015 წლის პროექტებმა და ღონისძიებებმა აჩვენეს, რომ ყველაზე მეტი დასწრება გასართობ პროექტებს და კონკრეტულად "მან-სან-კანის" ჩემპიონატებს ყავს.

"ჩვენმა გუნდმა საქართველოს ორ ჩემპიონატზე, რომელსაც ატარებს "მან-სან-კანის" ფედერაცია და შავი ზღვის ლიგა პირველი ადგილი აიღო. გასულ წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მან-სან-კანის გუნდი ფედერაციის პრეზიდენტის თასის მფლობელი გახდა. თანხა და რესურსი იხარჯება, მაგრამ შედეგიც არის. თუ არ იქნება შედეგი, შემცირდება თანხაც", - აღნიშნავს გიორგი ოკრიბელაშვილი.

შესაბამისად, მან-სან-კანის 2015 წლის ყველა აქტივობაში 17,482 ლარი დაიხარჯა. სამეცნიერო ნაწილის სასწავლო კურსებში, ტრენინგებში, კონფერენციებსა და ფორუმებში სტუდენტთა მონაწილეობისათვის დაიხარჯა ჯამში - 25,800,08 ლარი და ა.შ.

20015 წელს განხორციელდა 37 სამეცნიერო, 15 კულტურული, 11 სოციალური, 16 სპორტული აქტივობა, საექსკურსიო და რვა სამეცნიერო ექსპედიცია.

2016 წლისთვის ჩატარებულია 10 ღონისძიება. მიმდინარე პროექტი ხუთს შეადგენს.

Print