საზოგადოება
საბჭოთა რეჟიმმა ისტორიიდან ამოჭრა სამოქალაქო ინიციატივები - წიგნის პრეზენტაცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში წიგნის "ინიციატივა ცვლილებისთვის" პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით მოეწყო და მას სამოქალაქო განათლების პედაგოგები დაესწრნენ. წიგნზე თავად ავტორმა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელმა, ირაკლი ხვადაგიანმა ისაუბრა.

"ინიციატივა ცვლილებისთვის" წარმოადგენს საქართველოს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან 1921 წლამდე ადგილობრივი ინიციატივების ისტორიების, კულტურულ-სამეურნეო საზოგადოების დაარსების მუშაობის გაშუქების მცდელობას. პუბლიკაციაში, ასევე წარმოდგენილია თვითმმართველობის პრაქტიკის დანერგვის მცდელობების ისტორიის ანალიზიც.

"მცდარია ინფორმაცია, რომ თითქოს თვითმმართველობა, დემოკრატია, სამოქალაქო აქტივიზმი მხოლოდ ჩვენი დროის მონაპოვრებია და რომ ჩვენ ამ მიმართულებით გამოცდილება არ გაგვაჩნია. აღმოჩნდა, რომ პირიქით, 1921 წლამდე ეს იყო მთელი პროცესი ამ ღირებულებების დანერგვისა და პრაქტიკისა ყოფით ცხოვრებაში," - ითქვა შეხვედრაზე.

"სოფლებში ცდილობდნენ მეფის რეჟიმის დროს ელემენტარული თვითმმართველობის მიღწევას, იყო დიდი ინიციატივები და ფართო პროცესი კოოპერატივების განვითარებისა და მეურნეობის მოდერნიზების, თუმცა, სახელმწიფო ალმაცერად უყურებდა ყოველგვარ ადგილობრივ ინციატივას, ასე ვთქვათ, სხვა ერებში იმიტომ, რომ სწორედ ეროვნული კულტურა და თვითმმართველობა იყო დამოუკიდებლობის საფუძველი", - აღნიშნა ირაკლი ხვადაგიანმა.

საბჭოთა რეჟიმმა ისტორიიდან მთლიანად ამოჭრა სამოქალაქო ინიციატივების ეს მონაკვეთი. ამოჭრა და გაყალბებასთან ერთად რეპრესიებითაც შეეხო, იმ რეჟიმის პერიოდში ბევრი სამოქალაქო აქტივისტი და მოღვაწე დაიხვრიტა.

"ეს კულტურა მასობრივი ტერორის დროს მოკვდა. როდესაც ინიციატივა სახელმწიფო ინსტიტუციების გარეთ ხორციელდებოდა, ითვლებოდა ხელისუფლებისთვის საშიშ მოვლენად. ყოველგვარი მცდელობა, თუნდაც აბსოლუტურად ლოიალური ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მისგან არამართული და არაკონტროლირებადი, ყოველვის აღიქმებოდა როგორც მტრული", - აღნიშნა ირაკლი ხვდაგიანმა.


პრეზენტაციაზე აღინიშნა , რომ იგეგმება წიგნის "ინიციატივა ცვლილებისთვის" მეორე ნაწილის გამოცემაც. პირველი ნაწილი კი საკმაოდ აქტიურად გამოიყენება საჯარო სკოლების სასწავლო პროცესში.

წიგნი პარტნიორი ორგანიზაციების საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის, სათემო განვითარების  ცენტრისა და ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით გამოიცა. 

Print