საზოგადოება
„ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული“ — რა ხდება თერჯოლის №1 სკოლაში
FaceBook

„ოთხი წელია პირველი სექტემბერი აღარ მიხარია“, — წერს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის პედაგოგი რუსუდან ბოგვერაძე.



მიზეზი სკოლის გაჭიანურებული რეაბილიტაციაა, რომლის გამოც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს რამდენიმე წელია საკუთარი სკოლის ნაცვლად სოფელ ჩხარის საჯარო სკოლაში უწევთ სწავლა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 10 დღით ადრე კი ჯერ კიდევ არ იციან, სად დაიწყებენ სწავლას თერჯოლის №1 საჯარო სკოლის 524 მოსწავლე და პედაგოგები — 15 სექტემბერს ისევ ჩხარში მოუწევთ წასვლა, თუ საკუთარი სკოლის დასრულებას დაელოდებიან და, მორიგი დაპირების მიხედვით, სწავლას 1 ნოემბრიდან საკუთარ სკოლაში განაახლებენ.

სკოლის დირექტორის, ელისო მურადაშვილის ინფორმაციით, რეაბილიტაციის სამუშაოები ამჟამად აქტიურ ფაზაშია და შესაბამისი ორგანიზების შემთხვევაში მისი დასრულება 1 ნოემბრამდეა შესაძლებელი.



„ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ეს უკვე ნამეტანია. მაისის თვეში იყო აქტიური მუშაობა, მერე რამ შეუშალა ხელი, არ ვიცი. მოუწესრიგებელი და მოუმზადებელი არაფერია, უბრალოდ სხვადასხვა ლოკაციაზეა დარჩენილი სამუშაოები. მუშახელის ნაკლებობაა და დამატებითი მუშახელის მოზიდვა სჭირდება“, — უთხრა „ქუთაისიპოსტს“ სკოლის დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სკოლაში სამუშაოების ნაწილი ჯერ კიდევ დასასრულებელია. მოსაწესრიგებელია ეზო და დასაგებია საფარი. სამუშაოებია დარჩენილი რამდენიმე ოთახში, სველ წერტილებსა და ჭერის ნაწილში. გარკვეული სამუშაოები დარჩენილია შენობის ზედა სართულზეც.

„ორი თვე არ სჭირდება ორგანიზებულად, მუშახელის დამატებით, რომ დასრულდეს“, — ამბობს დირექტორი.

თერჯოლის №1 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია შპს „ურბან ბილდერსია“. კომპანია სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ასრულებს.

„ქუთაისიპოსტი“ სამუშაოების გაჭიანურების მიზეზის დასაზუსტებლად შპს „ურბან ბილდერსს“ დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ისინი ვალდებული არ არიან, ჩვენს კითხვებს უპასუხონ.

ირკვევა  რომ, რეაბილიტაციის პროცესში დამატებითი კონსტრუქციული სამუშაოების საჭიროებამაც იჩინა თავი.

„მე მინდოდა, სკოლა საერთოდ დამენგრია, რადგან სკოლა 1953 წელს აშენდა, მაგრამ შესაბამისი დასკვნა არ დაიდო. შენობის გასამაგრებლად დაამატეს შველერები. ახლა მთავარია დასრულდეს“, — ამბობს ელისო მურადაშვილი.

დირექტორის თქმით, კითხვებია შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და პროექტთან შესაბამისობასთან დაკავშირებითაც.

„მაგალითად, სკოლის ჭიშკარი როგორადაც შეღებეს, არ მოგვწონს. სხვა იყო პროექტში და სხვა გააკეთეს. რა თქმა უნდა, ამაზეც დავწერეთ წერილი“, — ამბობს ის.

რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებსა და პედაგოგებს საკუთარი სკოლის ნაცვლად სოფელ ჩხარის საჯარო სკოლაში უწევთ სწავლა.

ამჟამად თერჯოლის №1 საჯარო სკოლაში 524 მოსწავლეა. მათ სოფელ ჩხარის საჯარო სკოლაში გადაყვანას 26 მიკროავტობუსი უზრუნველყოფს. ჩხარის სკოლამდე მანძილი დაახლოებით 12 კილომეტრია.

ეს 12 კილომეტრი მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უკვე ყოველდღიური გზაა — სახლიდან ჩხარის სკოლამდე და შემდეგ უკან.

ჩხარის საჯარო სკოლაში სწავლა მეორე ცვლაში მიმდინარეობს. საგაკვეთილო დრო კი 45 წუთის ნაცვლად 35 წუთია.

გზა, ტრანსპორტი, მეორე ცვლა და შემცირებული საგაკვეთილო დრო იმ ყოველდღიურობად იქცა, რომელშიც თერჯოლის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს უკვე რამდენიმე წელია უწევთ სწავლა.

დირექტორის ინფორმაციით, ხუთი წლის წინ თერჯოლის №1 საჯარო სკოლაში 782 მოსწავლე სწავლობდა. დღეს მათი რაოდენობა 524-მდეა შემცირებული.

პედაგოგები ამბობენ, რომ სხვა სკოლაში ხანგრძლივად სწავლამ სასწავლო პროცესსა და მასწავლებელ-მოსწავლეს შორის ურთიერთობაზეც იმოქმედა.

„ოთხი წელია მე და ჩემი კოლეგები სრულფასოვან გაკვეთილებს ვეღარ ვატარებთ... გაწყდა მასწავლებელ-მოსწავლეს შორის სისხლხორცეული და უმნიშვნელოვანესი ემოციური ჯაჭვი, თითქოს ერთმანეთისთვის უცხონი გავხდით“, — წერს პედაგოგი რუსუდან ბოგვერაძე.

მისი თქმით, შემცირებული საგაკვეთილო დროის გამო მასწავლებლები ვერ ახერხებენ სრულფასოვანი გაკვეთილების ჩატარებას, სასწავლო პროექტების განხორციელებასა და მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობას.

მშობლები ამბობენ, რომ ბავშვების ჩხარში კიდევ ახალ სასწავლო წელს გადაყვანას აღარ ეთანხმებიან.

„მშობლების მოთხოვნაა, სანამ ეს სკოლა არ იქნება, მანამდე არ წავიდნენ სხვა სკოლაში. არ გავაგრძელოთ. ყველაფერს ხომ აქვს დასაწყისი და დასასრული, ზღვარი აქვს ყველაფერს“, — ამბობენ მშობლები.

მშობლები პრობლემის გასარკვევად პერიოდულად იკრიბებიან. მათი თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, წინასწარ იცოდნენ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული 15 სექტემბრისთვის.

დირექტორის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და საკითხი ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.

###

მუნიციპალური განვითარების ფონდის დოკუმენტის მიხედვით, სკოლის შენობის კონსტრუქციული მდგრადობა 2021 წლის ნოემბერში შეისწავლეს, ხოლო რეაბილიტაციის პროექტმა ექსპერტიზა 2023 წლის მაისში გაიარა.

უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის მაისში დაიწყო. თავდაპირველი გეგმით, სამუშაოები 2025 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა განსაზღვრულ ვადაში ვერ დასრულდა.

სკოლის რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

 

Print