ახალი ამბები
7 წლის შემდეგ ნაპოვნი ფუნქცია — ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა
FaceBook

7-წლიანი ლოდინის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ყოფილ შენობას საბოლოოდ მოუძებნა ფუნქცია — თუმცა იმავე სცენარით, როგორც არაერთი სხვა დაპირების შემთხვევაში: დაგვიანებით.


შენობა, რომელიც ხელისუფლების გადაწყვეტილებით საკანონმდებლო ფუნქციის გარეშე დარჩა, წლების განმავლობაში გაურკვეველი მომავლის წინაშე იდგა. ამ პერიოდში არაერთი იდეა გაჟღერდა — საპოლიციო ჰაბი, საკონფერენციო სივრცე, შენობის სხვა დანიშნულებით გამოყენება — თუმცა კონკრეტული შედეგი დიდხანს არ ჩანდა.


ბოლოს ხელისუფლებამ გამოსავლად ტექნოლოგიური ჰაბი წარმოადგინა.

პროექტი ჯერ კიდევ 2022 წელს დაანონსდა, ხოლო 2024 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, მისი კონცეფციაც წარადგინეს. დაპირების მიხედვით, ქუთაისში თანამედროვე ტექნოლოგიური ცენტრი 2025 წელს უნდა გახსნილიყო.


თუმცა, დაპირებულ ვადაში ისევე როგორც სხვა მრავალი პროექტი, ესეც  ვერ დასრულდა.

საბოლოოდ, ტექნოლოგიური ჰაბი დღეს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ მისი გახსნა 20 ივლისს იყო დაანონსებული, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ამ შემთხვევაშიც არ უღალატა საკუთარ პრაქტიკას — დაპირებული თარიღი კვლავ შეიცვალა. 20 ივლისის ნაცვლად, ჰაბი 24 ივლისს გაიხსნა.


ქუთაისისთვის პარლამენტს  მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა არ ჰქონდა — ის ქალაქისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ინსტიტუციურ ფუნქციას წარმოადგენდა. რამდენად შეძლებს ტექნოლოგიური ჰაბი ამ როლის ნაწილობრივ მაინც ჩანაცვლებას და რამდენად იქცევა იგი რეალურ შესაძლებლობად ქალაქისთვის, ამას დრო აჩვენებს.
Print