ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია ხელისუფლების იმ დაპირებებს შორის რჩება, რომელიც წლების შემდეგაც არ შესრულებულა.
რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა 2019
წელს მაშინდელმა მუნიციპალური განვითარების ფონდმა (ყოფილი რეგიონული
განვითარების ფონდი) დაიწყო.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას საპროექტო მომსახურება
ოთხ ეტაპად უნდა შეესრულებინა და სამუშაოები 2020 წლის თებერვალში
დაესრულებინა. თუმცა სწორედ ვადების საკითხი გახდა დავის მიზეზი.
მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებდა, რომ შპს „კარკასი“
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებს არღვევდა, რის გამოც
შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება არ მოხდა. თავის მხრივ, კომპანია
ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ პროექტის დაგვიანება მათ
ბრალეულობას არ უკავშირდებოდა.
კომპანიის განმარტებით, დამკვეთი მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას
დროულად არ განიხილავდა, ხოლო იმის გამო, რომ ობიექტი კულტურული
მემკვიდრეობის სტატუსის მქონეა, პროექტის შეთანხმება შესაბამის
უწყებასთან დამატებით დროს მოითხოვდა.
დავა საბოლოოდ სასამართლოში გადავიდა და პროცესი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია არ დაწყებულა.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი თავდაპირველად ქუთაისის მერიის
ერთ-ერთ მთავარ დაპირებად იყო წარმოდგენილი, ადგილობრივი
თვითმმართველობა დღეს პროცესის უშუალო მონაწილე აღარ არის.
პროექტის დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდი იყო, შესაბამისად,
რეაბილიტაციის ბედი სწორედ ამ უწყების გადაწყვეტილებებს
დაუკავშირდა.
ქუთაისიპოსტმა 20 მაისს ოფიციალური წერილით მიმართა მუნიციპალური
განვითარების ფონდს. კითხვები შეეხებოდა სასამართლო დავის
მიმდინარეობას, პროექტის მომავალს და იმას, რა ეტაპზეა რიონისპირა
სახლების რეაბილიტაცია. თუმცა ამ დრომედ პასუხი არ გაუცია.
რიონისპირა სახლების ისტორია დღეს მხოლოდ შეუსრულებელ დაპირებაზე აღარ
მიუთითებს. ის აჩენს კითხვებს სახელმწიფო უწყებებს შორის
პასუხისმგებლობის განაწილებაზე, მრავალწლიანი სასამართლო დავის
გავლენაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე და იმაზე, ვინ აგებს პასუხს
პროექტზე, რომლის განხორციელებას ქუთაისელები უკვე რვა წელია
ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები