ქუთაისელი მხატვარ-მოქანდაკის, ბერნარდ ნებიერიძის ოჯახი შესაძლოა საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლონ.
„მოგმართავთ თხოვნით, 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით დაცალოთ საქართველოს
ბანკის კუთვნილი ქონება და გადასცეთ გასაღები ბანკის წარმომადგენელს.
ზემოაღნიშნულ ვადაში გაფრთხილებით განსაზღვრული კანონიერი
მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში იძულებული ვიქნებით
მივმართოთ კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს იძულებითი
გამოსახლების მიზნით“, – ნათქვამია აღსრულების დოკუმენტში.
ნებიერიძეების თქმით, პრობლემების სათავე რამდენიმე წლის წინ აღებული
სესხია, რომელიც ბერნარდ ნებიერიძის სახლ-მუზეუმისა და გალერეის
მოსაწყობად უნდოდათ.
სვეტლანა მინაძის განცხადებით, მისი მეუღლის ოცნება იყო, მისი
ნამუშევრების მუზეუმი შექმნილიყო, თუმცა პროექტის განხორციელებას
არაერთი დაბრკოლება შეხვდა.
მისივე თქმით, სახლ-მუზეუმის მოსაწყობად საჭირო თანხა სესხით მოიძიეს,
თუმცა პროცესს ჯერ სხვადასხვა პრობლემამ, მოგვიანებით კი პანდემიამ
შეუშალა ხელი. შედეგად, პროექტი ვერ დასრულდა, ხოლო სესხის
მომსახურება ოჯახისთვის სულ უფრო რთული გახდა.
„მინდოდა მომეწყო ბერნარდ ნებიერიძის სახლ-მუზეუმი, რომელსაც
ეყოლებოდა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამთვალიერებელი.
ვფიქრობდი, რომ ეს პროექტი ქალაქისთვისაც სასარგებლო იქნებოდა და
შემოსავალსაც მოიტანდა“, – ამბობს სვეტლანა მინაძე.
მისივე თქმით, მეგობრების რჩევით, ვიდრე სახლ-მუზეუმი მოეწყობოდა,
მეუღლის ნამუშევრები საკუთარ საცხოვრებელ სახლში გამოფინა.
ოჯახის ინფორმაციით, თავდაპირველი სესხის
გადასაფარად საცხოვრებელი სახლი იპოთეკით დატვირთეს, რამაც საბოლოოდ
არსებული მდგომარეობა გამოიწვია.
სვეტლანა მინაძე-ნებიერიძის თქმით, ოჯახი სესხის დაფარვას გეგმავს,
რის გამოც მისი შვილი და შვილიშვილი ემიგრაციაში წავიდნენ,
თუმცა მათ დამატებითი დრო და ბანკთან შეთანხმებული ახალი გადახდის
გრაფიკის შედგენა სჭირდებათ.
"მაგრამ ოჯახმა ვერ შეძლო ამ თანხის გადახდა და შესაბამისად,
მხარეებს შორის მორიგებაც ვერ შედგა", - აღნიშნავს
ადვოკატი.
სალომე ბოჭორიშვილის თქმით, მორიგების მიზნით ბანკს არაერთხელ მიმართა
და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ბერნარდ ნებიერიძის ოჯახი და მისი
შემოქმედებითი მემკვიდრეობა ქუთაისისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას
წარმოადგენს. მისი თქმით, ეს გარემოება სასამართლომაც გარკვეულ
ეტაპზეც გაითვალისწინა.
„ვფიქრობ, გამოსახლება არ მოხდება. ემიგრაციაში მყოფი სვეტლანა
მინაძის შვილი და შვილიშვილი მზად არიან ოჯახის დასახმარებლად. ამ
საკითხის შესახებ დღეს აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც მივმართავ, რათა
ინფორმაცია კრედიტორამდე მივიდეს. იმედი მაქვს, ბანკთან შეთანხმების
შესაძლებლობა კვლავ დარჩება“, – აღნიშნავს ადვოკატი.
მასალის გამოყენების პირობები