საზოგადოება
"გვირილობის" დღეს დაწყებული სოლიდარობა — დავიწყებული ტრადიციის აღდგენის მცდელობა
FaceBook
"მინდოდა გვირილობის რეალური ტრადიცია აღმედგინა,“ — ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გვანცა თოთაძე, რომელმაც სწორედ ამ დღეს დაიწყო კამპანია „1 ლარი სოლიდარობისთვის“.

მისი თქმით, ეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. "გვირილობის" დღე, რომელიც წლების წინ რეალურად ქველმოქმედებასა და ერთმანეთის მხარდაჭერას უკავშირდებოდა, დღეს ხშირად მხოლოდ სიმბოლურ თარიღად არის დარჩენილი. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, ამ დღის არსი თავიდან შეეხსენებინა ადამიანებისთვის — არა სიტყვებით, არამედ მოქმედებით.

გვანცა თოთაძე ამბობს, რომ ამ კამპანიაში მთავარი თანხის ოდენობა არ ყოფილა. მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ადამიანებს კიდევ ერთხელ დაენახათ, რას ემსახურება ეს დღე — სოლიდარობას, ერთმანეთის დანახვას და თანადგომას მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდება.

ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა კონკრეტული შედეგიც.

კამპანიის პირველი ეტაპი დასრულდა — თანხის მიღება  დღეს, ზუსტად 12:00 საათზე შეწყდა.

ამ დროისთვის „1 ლარი სოლიდარობისთვის“ ფარგლებში  150 ლარია შეგროვებული.

როგორც გვანცა თოთაძე აღნიშნავს, ეს თანხა ვერ გადაწყვეტს იმ მწვავე სოციალურ პრობლემებს, რაზეც კამპანია ამახვილებს ყურადღებას, თუმცა მისი მნიშვნელობა სწორედ სიმბოლურობაშია — ეს არის ნიშანი, რომ ადამიანები ერთმანეთის გვერდით დგანან.

შემდეგი ეტაპი უკვე გადაწყვეტილების მიღებაა.  ინიციატივის ავტორმა საკუთარი არქივიდან სამი ისტორია შეარჩია, რომელთა შორის საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს, ვის გადაეცემა ეს პირველი, სიმბოლური დახმარება.

ესენია: 

მარტოხელა დედა ქეთი და მისი მცირეწლოვანი შვილი;

ქვრივი ნინო, რომელიც ორ შვილს ზრდის;

სტუდენტი ნინი ჭიათურიდან, რომელსაც ფინანსური სირთულეების გამო სტატუსი შეუჩერდა;


გვანცა თოთაძის თქმით, თანხის განკარგვა სრულად გამჭვირვალე იქნება და გადაწყვეტილება საზოგადოების ჩართულობით მიიღება — რაც თავად კამპანიის მთავარი იდეის გაგრძელებაა: სოლიდარობა, როგორც საერთო პასუხისმგებლობა.

Print