ახალი ამბები
რა მოუტანა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ
FaceBook
საქართველოში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა და იგი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, რომელმაც მრვალმხრივი სიკეთე მოუტანა საქართველოს მოქალაქეებს.

მაშინ ეს მოვლენა "ქართული ოცნების" ხელისუფლების მნიშვნელოვან მიღწევად ჩაითვალა.
თუმცა დღეს "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან სწრაფად მზარდი ანტიდასავლური რიტორიკა ვიზალიბერალიზაციასაც შეეხო და მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობის დამაკნინებელი არაერთი განცხადების მოსმენა მოუწია.
სინამდვილეში რა მოუტანა ქვეყანას ვიზალიბერალიზაციამ?
ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტი ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მითთებულია ყველა ის მონაპოვარი, რაც ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას მოჰყვა.
განვითარდა ტურიზმი, გაჩნდა ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა, ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გავიდა, ევროპული კომპანიები ქართულ ბაზარზე შემოვიდნენ, ათასობით ახალგაზრდას მიეცა უცხოეთში სწავლისა და მუშაობის შესაძლებლობა, გაიზარდა ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, მოიმატა ევროკავშირის მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ.

- საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამ განაპირობა. საქართველოში შემოვიდნენ ევროპული ავიაკომპანიები რასაც ტურისტების რაოდენობის ზრდა მოჰყვა.
სასიკეთო ტენდენციები ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან რამდენიმე თვეში გამოიკვეთა, ხოლო ერთ წელიწადში ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტების ვიზიტები 20%- ით გაიზარდა.

ტურისტების რაოდენობის ზრდას მოჰყვა ქვეყანაში როგორც უცხოური ვალუტის შემოდინება, რაც ლარის კურსის სტაბილურობის წინაპირობაა, ასევე მოსახლეობის ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესება. თუკი ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2016 წელს 2.1 მლრდ დოლარს შეადგენდა, ეს თანხა 2017 წელს 2.7 მლრდ დოლარამდე, 2018 წელს კი 3.2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
- ევროკავშირის ქვეყნებში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებდა - 2019 წელს ქვეყნის მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილმა 30%-ს გადააჭარბა, ქართველმა მეწარმეებმა კი დასავლეთში 700 მლნ დოლარზე მეტის ღირებულების პროდუქციის რეალიზება მოახდინეს.
- ვიზალიბერალიზაციამ ევროკავშირში დროებითი თუმცა ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა შექმნა. რამდენიმე ქვეყანამ (გერმანია, პოლონეთი, ლიტვა, ესტონეთი, საფრანგეთი) შექმნა სპეციალური მოკლევადიანი სამუშაო პროგრამები საქართველოს მოქალაქეებისთვის,
- გამარტივდა ბიზნესკავშირები. უვიზო მიმოსვლამ და ბიუჯეტური ავიაკომპანიების ბაზარზე შემოსვლამ გაზარდა საქართველოს ფიზიკური ხელმისაწვდომობა ევროპის ქვეყნებიდან.
ევროკავშირი თითქმის ყოველთვის იყო ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი საქართველოს მთლიან FDI-ში და 2017 წლის შემდეგ მისი წილი სტაბილურად მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება (30–35%).
- უვიზო რეჟიმმა საგრძნობლად გააადვილა პირველადი წვდომა ევროპულ უნივერსიტეტებთან, გაცვლით პროგრამებთან და პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ მოკლევადიან შესაძლებლობებთან.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობა Erasmus + პროგრამაში, რომელიც ევროკავშირის უმსხვილეს საგანმანათლებლო პლატფორმას წარმოადგენს.
უვიზო მიმოსვლის შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებთან დაიდო მეტი ორმხრივი ხელშეკრულება, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამებისა და კვლევითი პროექტების მიმართულებით, განსაკუთრებით Erasmus Mundus-ისა და Horizon Europe-ის ფარგლებში

- უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივდა მკურნალობის მიზნით მოგზაურობა ისეთ ქვეყნებში, სადაც თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურა და მაღალი ხარისხის სერვისებია ხელმისაწვდომია. არაერთი პაციენტი დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე, მკურნალობის მიზნით გაემგზავრა ევროკავშირის ქვეყნებში სადაც ისეთი მომსახურებები, როგორიცაა მაგალითად ონკოლოგიური მკურნალობა ან რთული ქირურგიული ოპერაციები, უფრო მაღალი ხარისხისაა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, 15 ივლისს, საქართველოსთან დაკავშირებით დებატები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა - ინდივიდუალური სანქციების საკითხი ვერ შეათანხმეს.
თბილისს წერილი ევროკომისიამ მინისტერიალამდე ერთი დღით ადრე გაუგზავნა და 8-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა 31 აგვისტომდე მისცა. საქმე ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილებას შეეხება - ევროკავშირის რეკომენდაციები მოიცავს: ადამიანის უფლებების დაცვას, დისკრიმინაციის აკრძალვას, ევროპულ პრინციპებთან შეუსაბამო კანონების გაუქმებასა და ინსტიტუციე/ბის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას.


Print