საზოგადოება
გალელი ქართველი აბიტურიენტების რუსული არჩევანი
FaceBook
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი აბიტურიენტები სწავლის გასაგრძელებლად რუსეთს ირჩევენ.


პოპულარული სასწავლებელი აფხაზეთში, აბიტურიენტებს შორის МГУ - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტია და აფხაზეთში - АГУ - აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველაზე ხშრად კი სოხუმელი ახალგაზრდები МЧС-სა და ФСБ მიმართულებაზე აბარებენ.

როგორც სტუდენტები ამბობენ, რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მათთვის სწავლა ხელსაყრელი და მიმზიდველია, რადგან უფასოა. ასევე, უფასო მიღებას აცხადებს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (АГУ ) აფხაზეთში მცხოვრები ქართველი აბიტურიენტებისათვის.

თეკლე ზუხბაია ერთ-ერთია იმ ქართველ სტუდენტებს შორის, რომელიც სწავლას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლინგვისტიკის ფაკულტეტზე განაგრძობს. მისი თქმით, აქ სწავლის მაღალი ხარისხია, რომელიც რუსეთში დიდი პრესტიჟულობით სარგებლობს.

"ნებისმიერ ქვეყანაში საზღვარგარეთ მიღებულ ცოდნას უფრო აფასებენ. თან, ჩემი პროფესიისათვის (ფრანგული ენის თარჯიმანი ვიქნები), უცხოელებთან კონტაქტი აუცილებელია". ამიტომ ავირჩიე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი" - ამბობს, სტუდენტი თეკლე ზუხბაია.

რუსულ და აფხაზური მხარის მსგავსად, სწავლის სრულ თანხას ფარავს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო. 2008 წლიდან საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის უფასო გახდა სწავლა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში.

მიუხედავად ამისა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეების რიცხვი, რომლებიც სასწავლებლად საქართველოს ირჩევენ სულ უფრო და უფრო მცირდება.

აბიტურიენტთა ნაწილი ამბობს, რომ ამის მიზეზი გარკვეულწილად ისაა, რომ ისინი აფხაზეთის სკოლებში რუსულ განათლებას იღებენ, რაც რუსულენოვანი აბიტურიენტების, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას აფერხებს.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგს გამოიღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოღებული ახალი კანონი, რომლის შედეგადაც სამინისტროს ბრძანებით 2016 წლიდან აბიტურიენტებს ზოგადი უნარების ჩაბარება აფხაზურ ან ოსურ ენაზეც შეუძლიათ.

ასევე, აბიტურიენტებს უფლება აქვთ ისტორიის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, სამოქალაქო განათლების გამოცდა ჩააბაროს რუსულ ენაზე; მათემატიკისა და ქიმიის გამოცდის ჩაბარება კი შესაძლებელია როგორც რუსულ, ასევე, ინგლისურ ენებზე. ამასთანავე, აბიტურიენტს, რომლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიღებული განათლება აღიარებული იქნება, უფლება აქვს ქართული ენისა და ლიტერატურის ნაცვლად ჩააბაროს აფხაზური ენა. ამ შემთხვევაში აბიტურიენტმა განცხადებით უნდა მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2016 წლის პირველ მაისამდე.

სოხუმელ სტუდენტ გიგა ხ. სურვილი ჰქონდა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა საქართველოში გაეგრძელებინა, თუმცა მისი ბედი, როგორც თვითონ ამბობს, ერთმა ქულამ გადაწყვიტა.

"ამის შემდეგ გადავწყვიტე აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამებარებინა. სწავლის დონე აქ არც ისე სახარბიელოა, თუმცა მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის" -ამბობს სოხუმელი სტუდენტი, გიგა ხ.

ის, თვლის, რომ გალის რაიონში ქართველ მოსწავლეების რუსიფიკაცია მიდის, რაც საბოლოო ჯამში სავალალო შედეგის მომტანი იქნება.



Print