ახალი ამბები
უწყლო სოფელში მერია წყალს "ხედავს"
FaceBook
მაშინ, როცა წყალტუბოს სოფელ სორმონის მცხოვრებლები წყლის მოსამარაგებლად წვიმის მოსვლას ელოდებიან, მერიაში ამტკიცებენ, რომ სოფელს წყალი მიეწოდება.

ჩვენ მიერ წყალტუბოს თვითმმართველობიდან გამოთხოვილ წერილში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის, არცერთი სოფლის, მათ შორის სორმონის, მოსახლეობა უწყლოდ დარჩენილი არ არის.






იმის დასარწმუნებლად, რომ სოფელ სორმონში ვერც ჭებით, ვერც ლოკალური ქსელებითა და ბუნებრივ წყაროებზე მოწყობილი სასმელი წყლის სათავე ნაგებობებით სარგებლობენ, ადგილობრივები წყალტუბოს მერს ადგილზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

ადგილობრივი ნანა გორგიძე ამბობს, რომ წყარო, რომელიც მათ ჰქონდათ, დაშრა, ამიტომ წყალს ქუთაისიდან  ეზიდებიან.

„საიდან ამბობენ წყალტუბოს მერიაში, რომ წყალი გვაქვს? მობრძანდნენ და შეგვამოწმონ ტყუილს თუ ვამბობთ. ჭა ჩვენთან არ არის, წყარო დაშრა, შეიცვალა კლიმატი და აღარ მოდის. სამი თვე რომ წყალი არ გვექნება, როგორ უნდა ვიარსებოთ? რატომ უნდა ვზიდოთ ქუთაისიდან წყალი? სიმართლე არ უნდათ, თვალებში არ იხედებიან. მილები, რომ მოგვიტანეს მხოლოდ, წყარო არ გვაქვს და რაზე შევაერთოთ?", - ამბობს ნანა გორგიძე.




წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სულ 49 სოფელი შედის. მერიის ინფორმაციით, აქედან, წყალი  "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ, ცენტრალიზებული ქსელით, 12 სოფელს მიეწოდება, დანარჩენ სოფლებში კი მოსახლეობა ჭებით, ბუნებრივ წყაროებზე მოწყობილი სასმელი წყლის სათავე ნაგებობებითა და ლოკალური ქსელებით სარგებლობს.

წყალტუბოს მერიაში განმარტავენ იმასაც, რომ ისინი სოფლებში წყალმომარაგების სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციას, ყოველწლიურად, ეტაპობრივად ახდნენ. 

ამავე თემაზე:


"არ არის წვიმა, არაა წყალი“ - წყალტუბოს სოფელში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

Print