ახალი ამბები
ქუთაისში ორი სოციალური საცხოვრისია, თუმცა უსახლკარო ოჯახებისთვის მერია ბინებს ქირაობს
FaceBook

ქუთაისის მერია ორი უსახლკარო ოჯახისთვის ბინებს ქირაობს, მაშინ როცა ქალაქში ორი სოციალური საცხოვრისია.


8 თვეა იზო ქორიძე და მისი ოჯახი მერიის მიერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ.  ქორიძეების  8 სულიანი ოჯახი  წლების განმავლობაში ნიკეაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში ცხოვრობდა. თუმცა, მას შემდეგ რაც,  მიმდინარე წლის იანვარში მათი საცხოვრებელი  წვიმის შედეგად დაზიანდა, მერიამ საცხოვრისის მობინადრეები ჯერ სასტუმროში, ხოლო შემდეგ ნაქირავებ  ბინაში გადაიყვანა.

თავშესაფარი მერიამ მაშინ სამ ოჯახს უქირავა, რისთვისაც  ბიუჯეტიდან 7 582 ლარია დახარჯული. 

მაშინ მერიაში განმარტავდნენ, რომ დაზიანებული შენობის სახურავი სრულად განახლდებოდა, შეკეთდებოდა შიდა ნაწილიც, რაც წვიმამ დააზიანა. სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე კი, ოჯახები თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნდებოდნენ.

თუმცა, იმის გამო, რომ სამუშაოები ზედაპირულად შესრულდა, ნაქირავებში მყოფი სამი ოჯახიდან  ორმა დაზიანებულ ოთახებში შესვლაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, ისინი დღემდე მერიის მიერ ნაქირავებ ბინებში რჩებიან. 

"ბინაში ავარიული მდგომარეობაა, ელექტროობა, სველი წერტილის გაყვანილობა, ყველაფერი ძველია. კედლები სულ დახსნილია და არ იციან საიდან უნდა დაიწყონ გაკეთება. ახლა ქირით ვცხოვრობთ, მაგრამ სულ ეგრე ხომ ვერ ვიქნებით. ალტერნატიულ ფართში გადაყვანას გვპირდებიან, მაგრამ ჯერ საშველი არ დაგვადგა", -  გვიყვება  იზო ქორიძე. 

გეგმავს თუ არა მერია ქირაში მყოფი  საცხოვრისის მობინადრეების ალტერნატიულ ფართში გადაყვანას, ან საცხოვრისის  დაზიანერბული ოთახების რეაბილიტაციას ? - 
ჩვენს მიერ გაგზავნილ ოფიციალურ წერილზე პასუხი არ გაგვცეს. ისევე როგორც, უპასუხოდ დატოვეს კითხვა თუ რამდენი დაიხარჯა იანვარში დაზიანებული საცხოვრისის შენობის  ნაწილის შეკეთებისთვის. 

ის, რომ  ადგილობრივ თვითმმართველობაში არამიზნობრივად იხარჯება ბიუჯეტიდან თანხები, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ თვეების განმავლობაში გუგუნავას ქუჩაზე ახლადაშენებული და გამოკეტილი სოციალური საცხოვრისის დაცვისთვის 6 600 ლარი  გაიცა. 

უნდა აღინიშნოს, რომ ნიკეას საცხოვრისში არის რამდენიმე დაკეტილი ოთახი, რომელიც შეკეთებას საჭიროებს,  თუმცა მათი  რემონტის ნაცვლად,  მერიამ მარტივი გზა აირჩია და უსახლკარო ადამიანებს ფართები უქირავა. 


მდგომარეობა ბინაში, სადაც იზო ქორიძის ოჯახი ცხოვრობადა



მდგომარეობა ბინაში, სადაც სტიქიამდე ერთი ოჯახი ცხოვრობდა

Print