საზოგადოება
სახელმწიფო უწყებებში დაკარგული სამართალი - ქუთაისის აგრარული ბაზრის მრავალწლიანი ბრძოლა კანონიერებისთვის
FaceBook
შპს "იმერეთი 94"-ის დამფუძნებლები დოკუმენტაციის არასწორად წარმოებაში ქონების ეროვნული სააგენტოს ადგილობრივ უწყებას და საჯარო რეესტრის ქუთაისის წარმომადგენლობას ადანაშაულებენ.
ქუთაისში, ყოფილი საკონსერვო ქარხნის ტერიტორიაზე მოქმედი აგრარული ბაზრის დამფუძნებლები, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრს დოკუმენტაციის არასწორად წარმოებაში ადანაშაულებენ. ქონების ეროვნული სააგენტოს ადგილობრივმა უწყებამ შპს "იმერეთი 94"-ს მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების საზღვრების და მიწის ფართის დადგენაზე უარი უთხრა.

შპს "იმერეთი 94"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მინორა ჯავახიშვილი ქონების ეროვნული სააგენტოს ადგილობრივ უწყებასთან ერთად, დოკუმენტაციის არასწორად წარმოებაში საჯარო რეესტრის ქუთაისის წარმომადგენლობასაც ადანაშაულებს. დამფუძნებლების განცხადებით, ორივე უწყება შეცდომის გასწორებას თავს მიზანმიმართულად არიდებს. მინორა ჯავახიშვილის მტკიცებით, მათ შეგნებულად არ წაიკითხეს ის შენიშვნები, რომლებიც ფირმის მესვეურებმა შეცდომის გამოსწორების მიზნით წარადგინეს.

"კორესპონდენციებში შეფუთული უსამართლობა"

"ეს არის მათი მეთოდი, დაუზუსტებელ და დაუკონკრეტებელ კორესპონდენციაში უსამართლობა შეფუთონ. წლების მანძილზე გვებრძვიან ტრაქტორებით, ცეცხლითა და უკანონო მშენებლობებით, მაგრამ ყველაზე ძნელი მიჩქმალული თარიღებით ბრძოლა ყოფილა. ჩვენ ამ ბრძოლაში მარტო დავრჩით იმიტომ, რომ განუხილველად რჩება ჩვენი მოთხოვნები. გვჯერა, რომ მიჩქმალული თარიღების წაკითხვა მხოლოდ სამართლიანობას შეუძლია," - აცხადებენ შპს "იმერეთი 94"-ის დამფუძნებლები.

შპს "იმერეთი 94"-ს ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი საკონსერვო ქარხნის ტერიტორიის მიწის ფართის ნაწილი (1600 კვ.მ) 1994 წლიდან 25 წლიანი იჯარით აქვს აღებული. აგრარული ბაზრის დამფუძნებლებმა, ამავე პერიოდიდან, მათ საიჯარო ნაკვეთ #4-ზე საკუთარი სახსრებით შენობა-ნაგებობები ააგეს.

1998 წლამდე აგრარული ბაზრის შენობა-ნაგებობები ყველა საკადასტრო აზომვით ნახაზში ფიგურირებს, ხოლო 2012 წლის შემდეგ აღნიშნული შენობები საკადარსტო ნახაზებიდან და საჯარო რესტრის მონაცემებიდან გაქრა.

არაკომპეტენტური საჯარო უწყებები

შპს "იმერეთი 94"-ის დამფუძნებლებმა საკადასტრო აზომვით ნახაზში ხარვეზის გასწორების თაობაზე, წერილობით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (08.02.2016 #17/5830) და ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს, თუმცა ორივე უწყებამ განცხადება, კომპეტენციის არქონის მოტივით, განუხილველი დატოვა.

ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის შპს "იმერეთი 94"-სადმი მიწერილ ოფიციალურ წერილში აგრარული ბაზრის იურიდიული სახელწოდება შეცდომით მოიხსენიება, ასევე, არ ჩანს უძრავი ნივთის მისამართი და სრულყოფილი საკადასტრო მახასიათებლები - ნაკვეთის ნომერი და საკადასტრო კოდი.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრში განმარტავენ, რომ ყოფილი საკონსერვო ქარხნის კუთვნილი ქონების ნაწილი გაკოტრების მმართველის მიერ გასხვისდა, ხოლო დარჩენილი ქონება, რომელიც გაკოტრების რეჟიმის შედეგად არ გაყიდულა, სახელმწიფოს გადაეცა. უწყებაში განმარტავენ, რომ სახელმწიფოს მიერ უკან დაბრუნებულ ქონებათა შორის შპს "იმერეთი 94" არ აღმოჩნდა, რადგან აგრარულ ბაზარს საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა საკონსერვო ქარხანასთან და არა გაკოტრების მმართველთან.

"ქონების გადმოცემის შემდეგ, ჩვენ ჩავიბარეთ მხოლოდ ის ფართები, რომლებიც საგადასახადო უწყებას დაყადაღებული ჰქონდა და გაკოტრების დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. ეს ფართი არ ჩაგვიბარებია და ვისი საკუთრება იყო არ ვიცი," - ამბობს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსი, ირაკლი რაზმაძე.

არაღიარებული საკუთრება

ის ფაქტი, რომ მიწის ფართი და შენობა-ნაგებობები, რომელზეც შპს "იმერეთი 94"-ია განთავსებული, სახელმწიფო საკუთრებაში არ იმყოფება, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 მარტის წერილითაც დასტურდება. ოფიციალურ წერილში შპს "იმერეთი 94"-ის ქონება სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირებულად არ მოიხსენიება.

"მაგრამ არც ნაკვეთ #4-ზე ვართ განთავსებული. ეს უკავშირდება იმას, რომ ჩვენ ნახაზიდან გამქრალი ვართ. რატომ დარჩა მხოლოდ ჩვენი შენობა-ნაგებობები და მიწა ისეთ ადგილზე, სადაც მისი აზომვა არ ხერხდება?" - ამბობენ აგრარული ბაზრის დამფუძნებლები.

ქონების ეროვნული სააგენტოს ადგილობრივ უწყებაში ვერ განმარტავენ, ოფიციალური დოკუმენტაციით თუ ვის საკუთრებაშია ამჟამად შპს "იმერეთი 94"-ის ქონება. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ასათიანის ქუჩაზე არსებული აგრარული ბაზრის ტერიტორია პრივატიზებას სადაო მხარის არსებობის გამო არ ექვემდებარება, ხოლო საკუთრებაში დარეგისტრირება საჯარო რეესტრის კომპეტენციაა.

"კიდეც რომ დადგეს პრივატიზების საკითხი, ეს ფართი გაყიდვას არ დაექვემდებარება. თუკი დოკუმენტაცია წესრიგში აქვს, საჯარო რეესტრმა უნდა დაურეგისტრიროს. ერთადერთი გზა არის სასამართლო. ჩვენ ეს ფართი დავტოვეთ ნახაზის გარეთ დამფუძნებელთა პრეტენზიის გამო," - აღნიშნავს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსი, ირაკლი რაზმაძე.

მართალია, ირაკლი რაზმაძე არ ადასტურებს, თუმცა შპს "იმერეთი 94"-ის დამფუძნებლები ამბობენ, რომ რაზმაძის უწყების იურისტისაგან, მათი ტერიტორიების სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე წერილობითი თანხმობის შეთავაზება ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღეს, რაზეც დამფუძნებლებმა უარი განაცხადეს.

"თუკი თანხმობას განვაცხადებდით, ყველა ჩვენი შენიშვნა ქარწყლდებოდა. ჩვენ უარი განვაცხადეთ, თუმცა სანაცვლოდ მივიღეთ ის, რომ დოკუმენტაციაში პირისაგან-მიწისა აღგვა გველოდება, მაგრამ ჩვენ აქ არ გავჩერდებით, სამართლიანობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ და ჩვენი საკუთრების აზომვას მივაღწევთ," – ამბობენ აგრარული ბაზრის დამფუძნებლები.

შპს "იმერეთი 94"-ის წარმომადგენლები საკუთრების დარეგისტრირების და სახელმწიფო უწყებებში დაკარგული სამართლის დადგენისათვის სასამართლოსთვის მიმართვას არ გამორიცხავენ.

Print