ახალი ამბები
ქუთაისის მერია ბენეფიციარებს ნაქირავებში ამყოფებს, ახალი საცხოვრისი კი გამოკეტილია
FaceBook
მეოთხე თვეა, რაც ქუთაისის მერიას ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის რამდენიმე ბინადარი ქირით ჰყავს გაყვანილი, მაშინ როცა, გუგუნავაზე არსებული ახლადრეაბილიტირებული საცხოვრისი გამოკეტილია.

კიდევ რამდენ ხანს უნდა ჰყავდეს მოქალაქეები მერიას ქირით, ამის გასარკვევად ბენეფიციარები საკრებულოს სხდომაზე მივიდნენ,  თუმცა „ოცნების“ დეპუტატებისგან ვერც ამ ჯერზე მიიღეს კონკრეტული პასუხი. 

„არ გვაგდებენ არაფრად, რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ქირაში? ბოლოს და ბოლოს საზღვარი აქვს ყველაფერს, გვინდა ვიცოდეთ, სად იქნება ჩვენი საცხოვრებელი ადგილი“,
- განმარტავს იზოლდა ქორიძე.

მას შემდეგ, რაც საცხოვრისის ხუთსართულიანი შენობის ორ სართულზე ჭერი ჩამოინგრა, მერიამ სასტუმროში 15-მდე ოჯახი მოათავსა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისინი საცხოვრისში დაბრუნდნენ, თუმცა, სამმა ოჯახმა უარი თქვა, რადგან, მათივე თქმით, უსაფრთხოების პიროებები დაცული არ იყო. შესაბამისად, მერიამ ბენეფიციარებს საცხოვრებელი უქირავა, სადაც ამ დრომდე რჩებიან. 

„უსაფრთხოების პირობების არ არსებობის გამო ჩვენ ისევ ნაქირავებში ვართ, დანარჩენებს გაუკეთეს ჭერი, რაღაც ელემენტარულები და დააბრუნეს საცხოვრისში. ჩემთან ლამინატი არ არის დაგებული, „გიფსო“ ჩამოყრილია, კატასტროფაა, იქ ვერ დავბრუნდებოდი. მაგრამ, აქაც რამდენი ხანი უნდა ვიყო? საკრებულოს თავმჯდომარემ გვითხრა დაგველოდეთ, ყველაფერს გავაკეთებთო, მაგრამ ზუსტი პასუხი ჯერ კიდევ ვერ მივიღე, არ მაქვს ამათი იმედი“ ,
- ამბობს იზოლდა ქორიძე.

ნიკეას საცხოვრისის შენობასთან დაკავშირებით რომ პრობლემები არსებობს, ამას აღიარებს საკრებულოს თავმჯდომარეც, თუმცა როდის მოგვარდება ეს საკითხი, ამაზე ვერ საუბრობს.

ირაკლი შენგელიამ საკრებულოზე მისული მობინადრეები, ახლადრეაბილიტირებულ გუგუნავას საცხოვრისში შესახლებასთან დაკავშირებით, მერიის მიერ შექმნილ კომისიასთან გადაამისამართა, იმ სტრუქტურასთან, რომლისგანაც მოქალაქეებმა თვეებია პასუხი ვერ მიიღეს. 



"ჩვენგან, საკრებულოდან, მეტი ჩართულობა იქნება საჭირო, რომ ამ მოქალაქეებს მხარი დავუჭიროთ. ჩვენ, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აუცილებლად მოვახერხებთ იმას, რომ თქვენი ეს პრობლემა საბოლოოდ აღმოვფხვრათ", - ასე "დაამშვიდა" ირაკლი შენგელიამ მობინადრეები, არადა საკრებულოს, ისევე როგორც მერიას, "მეტი ჩართულობისა" და პრობლემის მოსაგვარებლად სულ მცირე ექვსი თვე ჰქონდათ.

სწორედ ეს დრო გავიდა, რაც გუგუნავას N12-ში, ახალი სოციალური საცხოვრისი მოეწყო, თუმცა მერიას უსახლკარო ადამიანები ამ დრომდე არ შეუსახლებია.

კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯა სამი ოჯახის საცხოვრებელი ფართის ქირისთვის, მერიაში გვითხრეს, რომ პასუხის მისაღებად წერილობით უნდა მივმართოთ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გვითხრეს, რომ შექმნილი იყო კომისია, რომელიც საცხოვრისში ბინადრობის მსურველთა განცხადებებს განიხილავდა, თუმცა, როგორც ჩანს, კომისიის წევრები ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდნენ, რა კრიტერიუმებით შეარჩიონ ადამიანები.

ვიდრე ადგილობრივ თვითმმართველობაში გადაწყვეტენ საკითხის მოსაგვარებლად "მეტ ჩართულობას", მანამდე ქალაქში 500-მდე ადამიანი თავშესაფრის მოლოდინშია (2018 წლიდან დღემდე), რომელთა განცხადებებიც თაროზეა შემოდებული. 

თავარ ფოტოზე ძველი და ახალი სოციალური საცხოვრისის შიდა სივრცე


ამავე თემაზე:


მერია სოციალური საცხოვრისის ცარიელი შენობის დაცვაში ერთ თვეში 7 000-მდე ლარს დახარჯავს

მერია წლების წინ დაზიანებული საცხოვრისის შენობის პრობლემის მოგვარებაზე ახლა მუშაობს

ასობით უსახლკარო და გამოკეტილი სოციალური საცხოვრისი ქუთაისში

სოციალურ საცხოვრისში, საიდანაც მობინადრეები გაიყვანეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

"ვითხოვთ აქედან გაყვანას" - ჩამონგრეული სოციალური საცხოვრისის მობინადრეები ქუთაისში

გამოკეტილი საცხოვრისი - მერიაში არ იციან ვინ შეასახლონ თავშესაფარში

Print