საზოგადოება
გაორმაგებული სამივლინებო ხარჯები ქუთაისის მერიაში და დაუგეგმავი "საქმიანი" ვიზიტები
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში მიმდინარე წელს, თვითმმართველობაში (მერია და საკრებულო) დასაქმებულების სამივლინებო ხარჯებისთვის 30 000 ლარია გათვალისწინებულია. რაც გასული წლის სამივლინებო ხარჯებთან შედარებით ორჯერ მეტია.

გაორმაგებული თანხის მიუხედავად, ადგილობრივ თვითმმართველობაში განსაზღვრული არ აქვთ, სავარაუდოდ, რა საქმიან ვიზიტებზე შეიძლება წლის განმავლობაში მოუწიოთ წასვლა თვითმმართველობის წარმომადგენლებს. ასევე, მერიაში არ აქვთ კონკრეტული პასუხი, თუ რის საფუძველზე მოხდა სამივლინებო ხარჯების გაზრდა.

მერიაში მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ სამვლინებო ხარჯების ზრდა ტურიზმის განვითარების ფარგლებში დაგეგმილმა ღონისძიებებმა გამოიწვია. მაგალითად, ბუდაპეშტი, ბაქო, გერმანიის ერთ-ერთი ქალაქი, ალმაატა, მოსკოვი და ხარკოვი - ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, სადაც მიმდინარე წლის განმავლობაში ქალაქში ტურისტების მოსაზიდად საინფორმაციო ვიზიტები დაიგეგმა.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში, ქალაქის ტურისტული პოტენციალის პრომოუშენისთვის 50 ათასი ლარია გამოყოფილი. მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურში განმარტავენ, რომ მგზავრობის ხარჯები მივლინების მუხლიდან, ხოლო სტენდის იჯარისა და საინფორმაციო მასალების ბეჭდვის ხარჯები ზემოთ აღნიშნული პროგრამიდან არის გათვალისწინებული.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს ქუთაისის მერია სამ ქალაქთან გეგმავს დაძმობილებას, რისთვისაც შესაძლოა თვითმმართველობის წარმომადგენლებს მემორანდუმის გასაფორმებლად იმ ქალაქებში დასჭირდეთ დელეგაციის გაგზავნა.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზავიად ჯავახია განმარატავს, რომ სამივლინებო თანხებისგან განსხვავებით, წინასწარ შეუძლებელია სამივლინებო დელეგაციების წინასწარ განსაზღვრა.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ირწმუნება, რომ მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების ერთ-ერთი შედეგია მიმდინარე წელს აღდგენილი ავიარეისები ქუთაისი-უკრაინა-ხარკოვის მიმართულებით.

ქუთაისის მერის შეფასებით, მის მიერ განხორცილებული სამუშაო ვიზიტები წარმატებულია.
"არ იფიქროთ ის, რომ ქვეყნების სანახავად დავდივარ. ჩემთვის დაღლის მეტი არაფერია სხვა ქვეყანაში წასვლა, მაგრამ ყველას ფიანდაზად ვეგებით, რომ რაიმე სახის ინვესტიცია განახორციელონ", – განმარტავს ქუთაისის მერი.



Print