საზოგადოება
„მონაწილეობითი ბიუჯეტირება “ და მოქალაქეების განუხორციელებელი იდეები
FaceBook
სოციალურ ქსელში გამოჩნდა რეჟისორ ლევან ბიბილეიშვილის მიმართვა.

იგი საზოგადოებას მისი პროექტის "საზაფხულო კინოთეატრი" განხორციელებაში მხარდაჭერას სთხოვს. პროექტი გულისხმობს ავტობუსში კინოთეატრის განთავსებას და კინოკლასიკის ჩვენებას 25 პერსონაზე. ქუთაისისთვის, რომელსაც კინოთეატრი ისევ არა აქვს, ეს პროექტი მნიშვნელოვანი იქნებოდა.



წესით პროექტს დაფინანსების სხვა წყარო უნდა ჰყოლოდა. რადგან მანამდე "საზაფხულო კინოთეატრის" იდეა ქუთაისის მერიის პროგრამა "მონაწილეობითი ბიუჯეტირების" ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა, სადაც ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა, მაგრამ არც იდეის ავტორის მცდელობას და არც გამარჯვებას შედეგი არ მოჰყოლია. მერიამ პროექტი არ დააფინანსა. 

იგივე ბედი გაიზიარეს სხვა იდეებმაც. "საზაფხულო კინოთეატრი" მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ შვიდი იდეადან, რომელმაც გაიმარჯვა  "მონაწილეობითი ბიუჯეტირება" ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში.  

არადა კონკურსს დიდი საინფორმაციო კამპანია უძღოდა წინ (რომელიც USAID-ის-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით ხორციელდებოდა), სადაც მოქალაქეებს პროექტის მნიშვნელობასა და რაობას უხსნიდნენ, რადგან იდეაში "მონაწილეობითი ბიუჯეტირება" მნიშვნელოვანი რგოლი უნდა ყოფილიყო მოქალქეებთან კომუნიკაციის  და მათ საჭიროებებზე მორგების კუთხით. იგი საშუალებას აძლევდა ქუთაისელებს მონაწილეობა მიეღოთ საკუთარი ქალაქის შენებაში, საამისოდ უნდა წარმოედგინათ ქალაქის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული საკუთარი იდეები. ნემისმიერ მოქალაქეს შეეძლო მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ გვერდზე volis.kutaisi.gov.ge საკუთარი იდეა განეთავსებინა. მათგან მრჩეველთა საბჭო 3-ს შეარჩევდა ხოლო 3-დან ერთ გამარჯვებულს თავად ქუთაისელები გამოარჩევდნენ.  გამარჯვებული იდეა მომდევნო წლის ბიუჯეტში ჩაისმებოდა და დაფინანსდებოდა. ასეთი იყო პირობა. 

მოქალაქეებთან მუშაობამ ნაყოფი ნამდვილად გამოიღო. შედეგად  ათობით იდეა შევიდა  მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ გვერდზე.

2020 წელს გამოვლინდა სამი გამარჯვებული იდეა: 1. სივრცე სკეიტბორდერებისთვის  2. თეთრი ღამეები   3. მწვანე კუნძულები.

2021 წელს კი გაიმარჯვა ოთხმა იდეამ: 1. საფეხმავლო და ველობილიკები 2. საბავშვო მინი პარკი  3. მულტიფუნქციური სველი წერტილები 4. საზაფხულო კინოთეატრი.

თუმცა ამ დრომდე არც ერთი ამ იდეას არ შესხმია ხორცი. 

"კონკურსში მივიღე მონაწილეობა ჩემმა იდეამ გაიმარჯვა, სხვა იდეებმაც გაიმარჯვეს, უნდა წარმედგინა კინოთეატრის პროექტი, რომელიც აგერ წარვადგინე და ვიკითხე რა ხდება-თქო, მითხრეს დღის წესრიგში აღარ არის", - ამბობს ერთ-ერთი გამარჯვებული იდეის ავტორი. 

როდის უნდა განხორციელებულიყო 2020 -2021 წლის "მონაწილეობითი ბიუჯეტირება " ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული  იდეები  და რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე? 
რა ოდენობის თანხაა გამოყოფილი თითოეულ გამარჯვებული იდეის განხორციელებაზე? - ამ კითხვებით მივმართეთ მერიას.

თუმცა მიღებულმა პასუხმა სიცხადე არ შეიტანა აღნიშნულ საკითხში, უფრო მეტიც კიდევ უფრო დამაბნეველი გახდა. 

"მითითებულ ღონისძიებებს ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (პროგრამული კოდი: 02 06 02 ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით თავისუფალი ინიციატივების განხორციელება). ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, შესყიდულია ლომონოსოვის ქუჩის ტროტუარების რეკონსტრუქცია გამწვანების პროექტი, სამუშაოების ღირებულება შეადგენს 76,562.00 ლარს. დაფინანსების შემთხვევაში შესაძლებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა", - აღნიშნული იყო მერიიდან მოწერილ პასუხში.

ამ კითხვა-პასუხიდან მხოლოდ ის გაირკვა, რომ არსებობს ლომონოსოვის ქუჩის ტროტუარების რეკონსტრუქცია გამწვანების პროექტი, მაგრამ ეს პროექტი რომელ იდეას ეხება, არ ზუსტდება.  დაზუსტების საშუალება არ მოგვეცა არც ჩვენ, რადგან მედიას მერიის სამსახურის უფროსებთან გასაუბრების უფლება არ გვეძლევა. 

გარკვეული პასუხები ვერ მიიღო ლევან ბიბილეიშვილმაც, ამიტომ გადაწყვიტა ისევ საკუთარი ძალებით დ ა საზოგადოების მხარდაჭერით განახორციელოს პროექტი "საზაფხულო კინოთეატრი".  


Print