საზოგადოება
გაუქმებული ხელშეკრულება და სამუსიკო სკოლის შეჩერებული რეაბილიტაცია
FaceBook
ქუთაისში,  წერეთლის ქუჩაზე მდებარე სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაცია შეჩერებულია.
რეკონსტრუქცია, რომელიც  ახლა დასრულებული უნდა იყოს, სამუშაოების მოსამზადებელ ეტაპს არც გასცდენია.


სამუსიკო სკოლის ინტერიერი



შედეგად, მერიამ რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კომპანიას ჯერ ჯარიმა დააკისრა, შემდეგ კი, ხელშეკრულება გაწყვიტა. 

განახლება და სტანდარტების შესაბამისად შენობის ფასადის მოწყობა, ინტერიერი, სახურავი, სველი წერტილები, განათების და გათბობის სისტემა, საკონცერტო და საგამოფენო სივრცეები, სამეცადინო ოთახები - ოთხსართულიანი შენობის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში,  7 თვეში (8 ოქტომბერს), ამ სამუშაოების დამთავრება განისაზღვრა. 

თუმცა, ამ პერიოდში დასრულებული სამუშაოების ჩაბარების ნაცვალად, მერიას კომპანიისთვის ხელშეკრულების (25.10.2022) გაწყვეტა მოუხდა. ამის გარდა, მერიამ კომპანიას ორი სახის ფულადი ჯარიმა დააკისრა.

"ხელშეკრულების პირობების დარღვევის/შეუსრულებლობის გამო, დაეკისროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების 5% - 79 193 ლარი; ასევე, ყოველ ვადაგადაციელბილ დღეზე (153 დღე) ხელშეკრულების ღირებულების 0,1%, რაც უდრის 242 331 ლარს. სულ გადასახდელი (კომპანიის მიერ) თანხა შეადგენს, 321 524 ლარს. მიმდინარე მდგომარეობით, აღნიშნული ჯარიმებიდან უკვე დაკავებულია 33 340 ლარი", - განმარტებულია სახელმწიფო შესყიდვის ვებგვერდზე ატვირთულ ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანებაში.

ქუთაისის მერიამ, წერეთლის ქუჩაზე მდებარე სამუსიკო სკოლის რეკონსტრუქციისთვის ელექტრონული ტენდერი (NAT220004003) მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა. რეაბილიტაციის მსურველ 7 კომპანიას შორის მერიამ ქალაქის ცენტრალური სამუსიკო სკოლის შენობის კეთილმოწყობა, 1 მილიონ 583 866 ლარის სანაცვლოდ, შპს "მშენებელჯგუფს" ანდო. მხარეებს შორის ხელშეკრულება 11 აპრილს გაფორმდა. საბოლოო ჯამში, მერიამ კომპანიას პირველადი მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ 620 692 ლარი გადაუხადა. 

ეთანხმება თუ არა დაკისრებულ ფულად სანქციას კომპანია, ამის გარკვევის მიზნით შპს "მშენებელჯგუფთან" დაკავშირება ვცადეთ, თუმცა კომპანიაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. რაც შეეხება სამუშაოების გასაახლებლად ელექტრონული ტენდერის თავიდან გამოცხადებას, მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამაზე ოფიციალური წერილით მიმართვის შემდეგ გაგვცემდნენ პასუხს. 

სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული. 

ასეთი უნდა იყოს  სამუსიკო სკოლა რეაბილიტაციის შემდეგ: 





ავტორი: ქეთი გელაშვილი

Print