ახალი ამბები
რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის მერიის შენობას
FaceBook
ქუთაისის მერიის შენობის გასხისებაა გადაწყვეტილი.  

ოთხსართულიან შენობას, რომელიც თითქმის 77 წლის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა ხელისუფლების და მათი ადმინისტრაციის სამუშაო ადგილს წარმოადგენდა, მისი გაყიდვის შემდეგ  სხვა ფუნქცია მიენიჭება, ერთ-ერთი ვერსია სასტუმროდ გადაკეთება გახლავთ. 

სხვა ფუნქცია ჰქონდა ადგილს და შენობას, რომელიც 77 წლის წინ დღევანდელი მერიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. 

სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილია, რომ ეს სივრცე ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიას ეკავა, რომლის მშენებლობა-რესტავრაცია  1829 წელს დაიწყო.

ამავე ადგილას 1450 წელს აგებული ეკლესიაც არსებობდა, რომელიც ნანგრევების პირას იყო მისული. ამ ძველი ეკლესიის ბაზაზე აიგო ახალი ეკლესია, რომელმაც როგორც რელიგიურმა ინსტიტუციამ საქართველოს გასაბჭოებამდე იარსება. ეკლესიის შენობა გადაურჩა ბოლშევიკების პირველ შეტევებს ეკლესია-მონასტრებზე, თუმცა 1944 წელს ეს ტაძარიც შეიყვანეს დასანგრევთა სიაში.

ეკლესია დაანგრიეს. ეკლსიის ეზოში არსებული საფლავები გადაიტანეს და დაიწყეს მშენებლობა. მშენებლობა 1946 წელს დასრულდა და მიენიჭა ქალაქის ადმინისტრაციული შენობის სტატუსი.

იმ დროისთვის ადმინისტრაციული შენობა კომუნისტური პარტიის კომიტეტსა და საქალაქო საბჭოს აღმასკომს ეკავა.

საბჭოეთის ნგრევისა შემდეგ, 1991 წელს, დღევანდელი მერიის შენობაში ქალაქის პრეფექტურა იყო განთავსებული, ხოლო 1992 წლის  შენობაში ქალაქის მთავარი ადმინისტრაციული ერთეული განთავსდა. 

ბოლო წლებში მერიის შენობის შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად ვრცელდებოდა, რასაც ადგილობრივ თვითმმართველობაში ყოველთვის უარყოფდნენ, თუმცა, ორი თვის წინ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, რომ შენობაში სასტუმროს განთავსება უფრო მისაღები იქნებოდა.

ეკონომიკის სამინისტრომ მერიის ოთხსართულიანი შენობა გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში უკვე შეიტანა. რუსთაველის #3-ში მდებარე შენობა ერთ-ერთი იქნება, რომელსაც ქონების ეროვნული სააგენტო, დღეს, კერძო სექტორის ადგილობრივ და საერთაშორისო წარმომადგენლებს წარუდგენს.

ქუთაისის მერიის ოთხსართულიანი შენობა ქალაქის ბალანსზეა. შენობა ძირითადი და დამატებითი  კორპუსებისგან შედგება, სადაც მერიის ააიპებია განთავსებული. შენობის მთლიანი ფართი  3279 კვ.მ-ია.



Print