საზოგადოება
დავუბრუნდეთ ჩვენს ოჯახებს - ემიგრანტის ბლოგი საბერძნეთიდან
FaceBook
ქუთაისიპოსტის რუბრიკა "მოქალაქე ჟურნალისტი - თავისუფალი ბლოგი"
მოქალაქე ჟურნალისტი ქუთაისის აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი ელენე ქარციძე გახლავთ. ელენე ქარციძე, ამჯერად, საბერძეთში  მცხოვრებ ქართველს ესაუბრა. მისი მეორე თავისუფალი ბლოგი სწორედ საბერძნეთში მცხოვრებ ემიგრანტს ეხება:

როგორც აბრეშუმის ჭია თუთის ფოთოლს, მთელი ღამის განმავლობაში ისე გავყვები, გამოვყვები და ბოლოს გარშემო ვუვლი კითხვას: რამდენ ხანს შევძლებ ოჯახიდან შორს ყოფნას? დიდხანს ვფიქრობდი გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი. ბოლოს გადავწყვიტე და 35 წლის ნალოლიავებ ოჯახს ხელი დავუქნიე. მოვდიოდი, მაგრამ სად არ ვიცოდი. ქმარ- შვილის და შვილიშვილების დატოვება სასჯელივით იყო, მაგრამ რთული ამოცანის წინაშე ავღმოჩნდი, როცა მოხუც მშობლებს დავემშვიდობე. თითქოს ვგრძნობდი, რომ მამის კოცნა უკანასკნელი იყო, შეკითხვაც სინანულით სავსე: შვილო რამდენი ხნით მიდიხარ? პასუხი კი იმედიანი. მალე დავბრუნდები მამა. მამის ლოცვა საგზალივით გამომყვა. "როგორი გემრილეიც ხარ, ისე გემრიელად გატარა ღმერთმაო. ერთ თვეში მამა გარდაიცვალა. იმაზე დიდი სასჯელი რა უნდა იყოს, როცა მშობელს ვერ მიაცილებ სამარემდე, როცა ცრემლს ვერ გაატან და ვერ მოერგები, მაგრამ დედამიწაზე ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც ყველანაირ ტკივილს და განსაცდელს უძლებს.

რთულია უცხო ქვეყანაში უუფლებოდ და დაუცველად ცხოვრება, მაგრამ უფრო რთულია, როცა შენს საკუთარ ქვეყანაშიც იგივე განცდით ცხოვრობ. როცა ყოველდღიურობა ლუარსაბის და დარეჯანის ცხოვრების წესით გიწევს. მინდა შევარცხვინო ქართველი მამაკაცების უმრავლესობა, რომლებიც აქ წამოსული ცოლების ნაშრომს დროსტარებასა და კაცობის მტკიცებაში ხარჯავს. ის შვილები, მათზე დარდში დაძინების რომ ეშინია, დედას ცუდი სიზმარი არ ვნახოო. თუ ერთმანეთის შრომას ფასი არ დავადეთ, თუ არ გავუფრთხილდით აქედან გამოგზავნილს, ალბათ, ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან ოჯახებში. არ ვიცი, ალბათ, მე ჩავრჩი ძალიან შორს. თვალები მეწვის, როცა ვხედავ შვილების დედას, ქართველი ოჯახის ქალს, ბებოს სიგარეტით, გამანადგურებელ ტკივილს ვგრძნობ, მეცოდებიან და ზიზღი მიპყრობს. მაშინ, როცა ქართველი ქალის დაპყრობის იტანჯებოდა ირანის შაჰი, როცა ქართველ, პატარა გოგო-ბიჭებს იტაცებდნენ , რათა მამლუქებად გაეზარდათ და საჯიშედ ჰყოლოდათ, დღეს ერთსაც და მეორესაც უბედობისთვის თავი დაუხრია და იღბალს მონობაში ეძებს. როგორც ერთი რიგითი ქართველი, დედა და ბებია მინდა ყველას მოვუწოდო დავუბრუნდეთ საწყისს მდგომარეობას. დავუბრუნდეთ მიტოვებულ და მონატრებულ შვილებს, ქმრებს, მშობლებს. მეცოდება ის ჩონგური, რომლის სიმები ბედის უკუღმართობასაც კი არ გაუწყვეტია, დაუგლეჯია და გაუნადგურებია. პატრიოტობას ნამდვილად არ ვიჩემებ, მაგრამ ქართველ ქალობაზე ნამდვილად მაქვს პრეტენზია და მინდა არ გადაშენდეს ეს უნიკალური ფენომენი.
Print