საზოგადოება
ქუთაისში მცხოვრები დევნილები შეშას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, სასტუმრო "თბილისში" მცხოვრებ დევნილებს ზამთრის დადგომა ყველაზე მეტად აშინებთ. უკვე 23 წელია კომპაქტურ დასახლებაში გათბობის პრობლემა დგას. როგორც ირკვევა, გაზიფიცირება შეუძლებელია, რადგან შენობა ამორტიზებულია და გარემონტებას არ ექვემდებარება. გათბობის ერთადერთი საშუალება შეშა და ელექტროენერგიაა, რომელიც სასტუმროში მცხოვრები დევნილების თქმით, ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ, "თბილისში" მცხოვრები დევნილები ქუთაისის მერიისგან შეშით დახმარებას ითხოვენ.

შენობაში მცხოვრები 42 ოჯახიდან შეშით დახმარების მიღებაზე განცხადება 11 ოჯახს აქვს დაწერილი. ისინი არიან შენობის პირველ სართულზე მცხოვრებლები, ფორმა 100-ის მქონე, ომში დაღუპულთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები.

"საშინელი სინესტეა და ვაუჩერით განსაზღვრული დახმარებით ამ ოთახების გათბობა შეუძლებელია. ამიტომ, ვთხოვთ ქლაქის მერიას განსაკუთრებული კატეგორიისთვის გამოყოს შეშა" -ამბობს, სასტუმრო "თბილისში" მცხოვრებ დევნილთა წარმომადგენელი, ვეფხვია მიქაუტაძე.

"ახლაც გაყინულები ვართ. არავის არ უხარია შეშის ფეჩის დადგმა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. დენი ბევრს წერს, თან ვერ ვთბებით. ფანჯარა ფანჯარას არ გავს, ჭერი ჭერს"- ამბობს, დევნილი, ნატო ხელაიშვილი.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ აღნიშნულ საკითხზე შესული განცხადებები გადაგზავნილია სპეციალურ სერვისებში და შესაძლებლობის ფარგლებში შეეცდებიან დააკმაყოფილონ დევნილების მოთხოვნა.

მერიაში აცხადებენ, რომ სასტუმრო "თბილისში" მცხოვრები დევნილები პასუხს ელექტრონული ფოსტის საშეალებით შეიტყობენ.


ამავე თემაზე:

„სიცივეში სასიკვდილოდ განწირულნი“ - "წართმეული" კომუნალური შეღავათები დევნილებს

21 წელი საცხოვრებლის მიღების ლოდინში და ხარვეზები პომპეზურად გადაცემულ ბინებში
Print