საზოგადოება
ქუთაისის კერძო სკოლიდან მოსწავლე გაუშვეს - დაირღვა თუ არა ბავშვის უფლებები
FaceBook
"მას ჭირდება პერსონალურად ერთი პედაგოგი, რისი საშუალებაც ჩვენ არ გვაქს. გავეცით რეკომენდაცია, რომ სხვა სკოლაში გადაიყვანოს, სადაც კლასში 4 ან 5 ბავშვი იქნება"


ქუთაისში კერძო სკოლა "იმედიდან" პირველკლასელი გაუშვეს.

სკოლის დირექტორი, ცოტნე გველესიანი "ქუთაისიპოსთან" საუბარში ირწმუნება, რომ მას მოსწავლე არ გაუთავისუფლებია და მოსწავლის ბებიას მხოლოდ სხვა სკოლაში გადაყვანის შესახებ რეკომენდაცია მისცა.

მოსწავლის ბებია ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ ამ დრომდე რაიმე სახის პრეტენზია ბავშვის ქცევის და სასწავლო პროცესში ჩართვის შესახებ სკოლის ხელმძღვანელობის ან კლასის დამრიგებლის მხრიდან არ დაფიქსირებულა.

მისივე თქმით, პრობლემა კლასის დამრიგებლის ცვლილების შემდეგ წარმოიშვა.

"მანამდე ბავშვს ჰყავდა სხვა დამრიგებელი, რომლისგანაც არანაირი საყვედური და პრეტენზია არ მიგვიღია. ორი კვირაა კლასში დამრიგებელი შეიცვალა. რასაც ბავშვის სკოლიდან დათხოვა მოჰყვა. დამიბარეს სკოლაში და პირდაპირ მითხრეს, რომ ბავშვი მზად არაა სწავლისთვის," - ამბობს პირველკლასელი ბავშვის ბებია, ეთერ ასამბიანი.

მისივე განმარტებით, ბავშვმა საუბარი 3 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა, სკოლაში, ფსიქოლოგის შესაბამისი დასკვნის შედეგად, საკმაოდ მომზადებული მივიდა.

კერძო სკოლა "იმედიდან" გაშვებული პირველკლასელი მოსწავლე ორგანიზაციის "ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" ადრეული ინტერვენციის პროგრამაში ინდივიდუალურად გახლდათ ჩართული.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლიკა მხატვარი, რომელიც ბავშვზე დაკვირვებას ახდენდა, ამბობს, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა, ბავშვს აუტისტური აშლილობის ნიშნები აქვს და მას ინდივიდუალური სწავლება, ინკლუზიურ სწავლებაში ჩართვა ესაჭიროება.

ლიკა მხატვარი განმარტავს, რომ იმის დასადგენად, აქვს თუ არა კერძო თუ საჯარო სკოლის მოსწავლეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, სკოლას უფლება აქვს მოითხოვოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შემოწმება.

"თუკი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯგუფის მიერ ეს დადგინდებოდა, ამის შემდეგ დაიწერებოდა დასკვნა და დაიწყებოდა სკოლაში ინკლუზიური სწავლების დანერგვის ღონისძიებები. შესაძლოა, სკოლა "იმედს" აქვს ინფორმაციის ნაკლებობა ან არ სურთ ამისთვის ხარჯების გაწევა," - აცხადებს ფსიქოლოგი ლიკა მხატვარი.

ფსიქოლოგის ინფორმაციით, მას თავადაც სურდა გაკვეთილების მიმდინარეობისას ბავშვზე დაკვირვება მოეხდინა, თუმცა დირექციამ ამის საშუალება არ მისცა.

კერძო სკოლა "იმედის" დირექორი, ცოტე გველესიანი აცხადებს, რომ ცალკე ფსიქოლოგს სკოლაში ვერ შეუშვებდნენ,  რადგან ფსიქოლოგი სკოლაში თავად ჰყავთ, რომელიც დაწესებულების დირექტორის მეუღლეა.

ცოტნე გველესიანი ირწმუნება, რომ ბავშვზე დაკვირვებას სასწავლო წლის დაწყებიდან მეუღლესთან ერთად ახდენდა, რის შედეგადაც ბავშვის ბებიას მხოლოდ ვიწრო კონტიგენტის სკოლაში გადაყვანის რეკომენდაცია მისცა.

"სასწავლო წლის დაწყებიდან ბავშვზე ვაწარმოებთ დაკვირვებას. მის კლასში არის 18 მოსწავლე, ხოლო მას ჭირდება პერსონალურად ერთი პედაგოგი, რისი საშუალებაც ჩვენ არ გვაქს და ამიტომ, გავეცით რეკომენდაცია, რომ სხვა სკოლაში გადაიყვანოს, სადაც კლასში 4 ან 5 ბავშვი იქნება," - ამბობს ცოტნე გველესიანი.

რაც შეეხება სკოლაში ინკლუზიური სწავლების დანერგვას, "იმედში" ამბობენ, რომ ამისათვის საჭიროა დამატებითი ოთახები და არც თანხები არ გააჩნიათ ამ დროისთვის.

სკოლა "იმედის" ყოფილი პირველკლასელის საკითხით დაინტერესება და ადგილზე დეტალურად შესწავლის სურვილი გამოთქვეს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალში. ორგანიზაციაში ასევე, კონსტიტუციურ უფლებებსა და ანტიდისკრიმინაციული კანონზე მიუთითებენ, რომელიც სკოლა "იმედმა"  არ უნდა დარღვიოს.

თავად სკოლა "იმედის" ხელმძღვანელის, ცოტნე გველესიანის განმარტებით, მისი მხრიდან კანონი და ბავშვის უფლებები არ დარღვეულა. გვესელიანი ირწმუნება, რომ მოსწავლის მშობლების სურვილის შემთხვევში, ბავშვს საშუალება ექნება დაბრუნდეს სკოლა "იმედში".

კერძო სკოლა "იმედის" ყოფილი პირველკლასელი მოსწავლე სწავლას ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში აგრძელებს.

Print