საზოგადოება
შახტაზე მიჯაჭვულები - პრობლემები ტყიბულელი მეშახტეების დუმილის მიღმა
FaceBook
"ღიად რომელი მეშახტე იტყვის, რომ ცუდი ხელფასი და პირობები აქვთ?! ამას ვერავინ გაბედავს",- ამბობს ტყიბულში მცხოვრები ანზორი (გვარის დასახელება არ ისურვა).

შახტაში სამუშაო პირობებზე ღია ლაპარაკის შესაძლებლობას ტყიბულში ბევრი მიზეზი აფერხებს. პირველ რიგში სამუშაოს პოვნის კუთხით ალტერნატივის არარსებობა.

როგორც ადგილობრივები განმარტავენ ერთადერთი დასაქმების ადგილი ტყიბულში შახტაა. თანაც მეშახტის შრომასა და ანაზღაურებაზეა მიბმული ყველა სხვა სფერო. მათ არსებობის შესაძლებლობა შახტის მუშაობისა და მეშახტეების დასაქმების შემთხვევაში ეძლევათ.

შპს ,,საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)" ტყიბულის შახტებში 2006 წლის ივნისის თვიდან ფუნქციონირებს. როგორც "საქნახშირიდან" "ქუთაისიპოსტისთვის" მოწოდებულ წერილშია აღნიშნული, 2006 წლისთვის სისტემაში მუშაობდა 465 მუშაკი, დღეისათვის დასაქმებულთა რაოდენობა 1400 ერთეულს აჭარბებს.

დასაქმების ადგილის უალტერნატიობა თითქმის ყველა იმ პირობის მიმღებად აქცევს მეშახტეებს, რასაც კომპანია წაუყენებს.

ელიზბარ მინდელის სახელობის შახტა და არჩილ ძიძიგურის სახელობის შახტა-უბანი ტყიბულელთა უმეტესობისთვის თავის რჩენის ერთადერთ წყაროდ განიხილება. თავის გატანის პრობლემას ემატება საბანკო კრედიტებიც, რომელიც კიდევ უფრო აჯაჭვავს თავის ხელფასს და სამსახურს მეშახტეს.

"თითქმის ყველა მეშახტეს ბანკებიდან კრედიტები აქვთ გამოტანილი", - ამბობს ტყიბულში მცხოვრები ლამარა გვენეტაძე.

ინდუსტრიულ ქალაქებში ერთ სამსახურზე მიჯაჭვულობაზე მიუთითებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ცოტნე ცხვედიანიც. იგი მშრომელთა უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობის მკვლევარი და აქტივისტია. ცოტნე აღნიშნავს, რომ "ინდუსტრიულ ქალაქებში, ადგილობრივს თითქმის არ აქვს საშუალება სხვა სამსახური იპოვოს. ხშირად მათ აქვთ ბანკის კრედიტებიც. ასეთ პირობებში, თუნდაც ერთი თვით სამსახურის გარეშე დარჩენა მათთვის მძიმე შედეგებით დასრულდება".

ამ მძიმე შედეგის შიშით თუ სხვა მიზეზით მეშახტეები აღნიშნულ საკითხებზე მედიასთან საუბარს გაურბიან, ან მიუთითებენ, რომ ხელფასიც და სამუშაო პირობებიც კარგი აქვთ.

თუმცა მოსახლეობა ჩვენთან საუბარში სხვა ინფორმაციას იძლევა: "მეშახტეების დათხოვნები სამსახურიდან და ხელფასის 200-250 ლარით შემცირება ნამდვილად ხდება", - აღნიშნავს მოქალაქეების ერთი ნაწილი ტყიბულიდან.

მეშახტის გასაჭირი სხვა სფეროებზეც აისახება. "მეშახტეს ხელფასი რომ შეუმცირდა, ბანკმა მათი ხელფასიდან ფულის დიდი ნაწილი ავტომატურად ჩამოჭრა. დარჩენილი ფული კი მეშახტემ და მისმა ოჯახმა მაღაზიისთვის, სასადილოსთვის და ა.შ. ვეღარ გაიმეტა. თავს ძლივს ირჩენს, ამიტომ ეკონომია გაწია, ამის გამო ვეღარ იმუშავა ვერც მაღაზიამ და ვერც სასადილომ. მოკლედ ყველაფერი წრეზე მიდის", - ამბობს ტყიბულში მცხოვრები ლამარა გვენეტაძე.

ამ საკითხზე საუბრობენ "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. "ჩვენს დროს უკეთესი ხელფასიც ქონდათ და უფრო მეტიც იყო დასაქმებული", - მიაჩნია ტყოიბულის საკრებულოს წევრს "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით ქათამაძეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ამ შეფასებას არ ეთანხმებიან შპს ,,საქნახშირში". ისინი სტატისტიკას გვთავაზობენ, სადაც დასაქმებულების რაოდენობა წლების მიხედვითაა მოცემული.

"ქუთაისიპოსტისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2013 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა შეადგენდა 1496-ს (მათ შორის შახტა - 1183), 2014 წელს - 1470 (მათ შორის შახტა - 1176).

მიმდინარე წელი გასულ წელთან შედარებით დასაქმებულების მეტ რაოდენობას მიუთითებს, სამაგიეროდ იკლებს კონკრეტულად მეშახტეების რიცხვი. 2015 წელი საშუალო დასაქმებულია 1485, მათ შორის შახტაში - 1102.

დასაქმებულების რაოდენობის ცვალებადობას კომპანია ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნით ხსნის: "დასაქმებულთა რაოდენობა ცვალებადია. მუშახელის კლება ან მატება დამოკიდებულია ბაზარზე ჩვენი პროდუქციის მოთხოვნაზე. შესაბამისად, როგორც კი გაიზრდება ქვანახშირზე მოთხოვნა, დასაქმებული მუშახელის რაოდენობა გაიზრდება", - აღნიშნავენ "საქნახშირში".

კომპანია არ ადასტურებს ხელფასების კლების ფაქტებს, პირიქით თანამდებობაზე ან პროფესიაზე ჯამაგირის ზრდაზე აპელირებს.

"კომპანიის შემოსვლის დღიდან ყველა მუშაკისათვის განისაზღვრა ახალი გადიდებული სახელფასო სარგოები, რომელიც პირველივე თვეებიდან, დაახლოებით ოთხჯერ მეტი იყო არსებულთან შედარებით, დღეისათვის კი თითქმის ათმაგი ოდენობით ზრდა არის დაფიქსირებული. განვლილი წლების მანძილზე, არცერთ თანამდებობაზე ან პროფესიაზე ხელფასის რაოდენობრივი კლება არ დაფიქსირებულა. პირიქით, მთელ რიგ პროფესიებზე და თანამდებობებზე პერმანენტულად ხორციელდებოდა ხელფასების მატება", - აღნიშნავენ "საქნახშირში".
თუმცა კონკრეტულად რა ფარგლებში მერყეობს დასაქმებულების და კონკრეტულად მეშახტეების ხელფასი, რა წარმოადგენს მათი ჯამაგირის მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვარს, კომპანია ინფორმაციას არ იძლევა და ამას კონფიდენციალურობით ხსნის. მათი თქმით მეშახტეებს სათითაოდ უფორმდებათ ხელშეკრულება, მათი დასაქმებისა და გამომუშავების მიხედვით.

xxx


კომპანიების მუშაობას ხანგრძლივ პერსპექტივაში ქვეყნისთვის წამგებიანად ხედავს ცოტნე ცხვედიანი. "ყველა მთავრობამ დაამკვიდრა არასწორი წარმოდგენა, რომ ნებისმიერი ინვესტორის შემოსვლა ქვეყნისთვის კეთილდღეობის მომტანია და მეტიც, თითქოს ქვეყნის განვითარების ერთადერთი შანსი სწორედ ინვესტიციების მოზიდვაა. რეალურად კი ჩვენ ვხედავთ სურათს, რომ საქართველოში შემოსული ინვესტორების უმეტესობა ორინეტირებულია მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღოს მეტი მოგება. ხშირად მათ არ ჰყავთ პროფესიონალი კადრები. წესების დარღვევით ამუშავებენ ობიექტებს. ეს ყველაფერი იწვევს ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას, გარემოს დაბინძურებას ..ისინი ხანგრძლივ პერსპექტივაში მხოლოდ აღარიბებენ ქვეყანას", - მიაჩნია ცოტნე ცხვედიანს.

ჯანმრთელობის დაზიანებებსა და უბედურ შემთვევებზე გაერთიანებული პროფკავშირები სტატისტიკას აქვეყნებს. მათი ცნობით მაგალითად, 2014 წელს, სამუშაო პროცესის დროს 41 ადამიანი გარდაიცვალა, 66 კი - დაშავდა. მსხვერპლით დასრულდა აფეთქება ტყიბულის შახტაშიც 2015 წლის 22 თებერვალს, როდესაც საწარმოო პროცესის დროს ტყიბულში მეშახტე დაიღუპა.

ჩვენთან საუბრისას, უბედური შემთხვევების მიზეზად მეშახტეები თავად მსხვერპლს ასახელებენ. "როდესაც გიშლიან სიგარეტის მოწევას შახტაში და გაფრთხილებენ, მაგრამ შენ მაინც ამას აკეთებ, რამე რომ მოხდება ვისი ბრალია აბა?! მესახტის",- აღნიშნავენ მეშახტეები, რომლებიც ვინაობის დასახელებიდან თავს იკავებენ.

,,საქნახშირის" ინფორმაციით შრომისა და უსაფრთხოების ტექნიკის დაცვის საკითხებზე შექმნილია სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელშიც შედის უსაფრთხოების სამსახური (3 თანამშრომელი), სასწავლო პუნქტი (3 თანამშრომელი), ასევე, მის დაქვემდებარებაშია ვენტილაციისა და ტექნიკური უსაფრთხოების ზედამხედველობის უბანი (38 თანამშრომელი).

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეძენილია საშახტო ინტერფერომეტრი (მეთანის საზომი), გაზოანალიზატორი, თანამედროვე ტიპის ჰაერის სიჩქარის მზომი ანონომეტრი. ასევე, უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის მიერ სისტემატურად ხდება გვირაბების დათვალიერება და დარღვევების შესახებ შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიცემა, რომელთა აღმოფხვრაზეც მკაცრი მონიტორინგია დაწესებული და ა.შ.

თუმცა რეალურად დაცულია თუ არა უსაფრთხოების ზომები და დასაქმებულის უფლებები, ამით დაინტერესების ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, ცხვედიანი, სახელმწიფოს აკისრებს. იგი დასაქმებულის უფლებების დაცვაზე ნაკლებად ორიენტირებულ შრომის კოდექსსა და შრომის ინსპექტორის არარსებობაზე აკეთებს აქცენტს.

სოციალური დაცვის სამინისტროში  მუშაობს შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამა, თუმცა როგორც ცოტნე აღნიშნავს მას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია და რეალური ძალა არ გააჩნია.

"არსებული შრომის კოდექსი დასაქმებულს კაბალურ პირობებში აყენებს. ... რეალურად მთავრობაში არ არსებობს ნება, რომ შრომის ინსპექცია არსებობდეს. არსებული შრომის ინსპეცია მხოლოდ ფიქციაა...სახელმწიფო ყველანაირ უფლებას აძლევს ინვესტორს. უხსნის პასუხისმგელბობას დასაქმებულის, გარემოს მიმართ. ამავდროულად ხალხს ატყუებს, რომ ეს კომპანიები ქვეყანას კეთილდღეობას მოუტანენ", - მიაჩნია ცოტნე ცხვედიანს.

Print