საზოგადოება
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი" - რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის ცენტრში ქუჩის საათის მიმდებარე ტერიტორიას
FaceBook

გასულ საუკუნეში კაფე-ბარი "თოლია" ფუნქციონირებდა, სადაც კერძებს 7-8 წუთში ამზადებდნენ.



რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ. ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია. თვეში ორჯერ (შაბათს) –  kutaisipost.ge-ზე ადევნეთ თვალი რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის ცნეტრში, ქუჩის საათის მიმდებარე ტერიტორიას?- (ნახეთ ვიდეო)

###

ქუთაისის ცენტრში, ქუჩის საათის მიმდებარედ ამ დროისთვის არსებულ მიტოვებულ ტერიტორიაზე გასულ საუკუნეში კაფე-ბარი "თოლია" ფუნქციონირებდა. შენობა მინის ერთსართულიანი გახლდათ. 

წიგნის "ქუთაისო ჩემო დედავ" ავტორი, ზურაბ ჯავახაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, რომ "თოლიას" შენობა სავარაუდოდ 1954-55 წლებში არის აშენებული. ჯავახაძე იხსენებს, რომ თავდაპირველად "თოლია" რესტორანი გახლდათ, ოდნავ მოგვიანებით კი, კაფე-ბარად გადაკეთდა.

"ძალიან გემრიელი კერძები მზადდებოდა. დილას მძღოლების რიგი დგებოდა ხოლმე "ხარჩოზე", რომელიც 1 მანეთი ღირდა. ისე კი ყველაფერი ძალიან იაფი იყო. 10 მანეთად სამი კაცი გემრიელად გეახლებოდათ", - იხსენებს ზურაბ ჯავახაძე.

რაც შეეხება სახელწოდებას, ჯავახაძე ვარუდობს, რომ "თოლიას" სახელწოდება მდინარე რიონში იმ დროისთვის თოლიების სიმრავლეს უკავშირდება.

"თეთრ ხიდზე რომ გაიხედავდით თოლიებით იყო მოფენილი. შეიძლება ამას უკავშირდება ეს სახელწოდება", - ამბობს ჯავახაძე.

###

"ქუთაისიპოსტმა" მოიკვლია კაფე-ბარი "თოლიას" დირექტორი. ვახტანგ არიშვილი ამდროისთვის ქუთაისში მოწამეთაზე არსებული რესტორნის "იბერიას" წარმომადგენელია. სწორედ, კარიშვილი გახლდათ "თოლიას" დირექტორი ხუთი წლის (1981-1986 წლები) განმავლობაში.

ის "ქუთაისიპოტთთან" საუბარში ამბობს, რომ კაფე-ბარის დირექტორად 1981 წელს დანიშნეს. თუმცა, აღნიშნავს რომ "თოლია" მის მისვლამდეც ფუნქციონირებდა.

"თოლიას" დირექტორი იხსენებს, რომ იმ დროისთვის იმერეთის რეგიონში ჩამოსული ტურისტები ყველა "თოლიაში" სადილობდა.  მისი თქმით, კერძებს 7-8 წუთში ამზადებდნენ. ვახტანგ არიშვილის თქმით, შენობას სარდაფი ქონდა. როგორც ის ამბობს, სარდაფი სავარაუდოდ სამოქალაქო თავდაცვისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა, კაფე-ბარის ადმინისტრაცია მას საკვების და ცივი სასმელების შესანახად იყენებდა.

1986 წელს არიშვილი სხვა სამსახურში გადავიდი, ხოლო "თოლიამ" ფუნქციონირება მალევე შეწყვიტა.

ზურაბ ჯავახაძის ინფორმაციით, შენობა 90-იან წლებში დაანგრიეს. იმ ადგილას კი, რამდენიმე შენობის აშენებაზე საუბრობდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ახალი რესტორნის მშენებლობა უნდოდათ. გარდა ამისა, საუბარი იყო როგორც ისტორიული მუზეუმის, ასევე, ეკლესიის მშენებლობაზე.

ეს უკანსკნელი ვერსია დღემდე ძალაში რჩება.

 

Print